როგორ შეძრა მარჯორი სკარდინომ ევროპული ბიზნესი

როგორ შეძრა მარჯორი სკარდინომ ევროპული ბიზნესი

ამას წინათ გავლენიანმა საქმიანმა ჟურნალმა Fortune-მ ევროპული ბიზნესის ყველაზე გავლენიან ქალად ამერიკელი მარჯორი სკარდინო, ბრიტანული მედია-გიგანტის Pearson-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯომარე დაასახელა. იგი პირველი ქალი და უცხოელია, რომელიც სათავეში მსხვილ ბრიტანულ კომპანიას ჩაუდგა. ამასთან, იგი ბრიტანეთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტოპ-მენეჯერია.

 

უიღბლო გამომცემელი

მარჯორი სკარდინო დაიბადა 1947 წელს არიზონას შტატში. 1970 წელს, ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო Associated Press-ში. ასე გადადგა მან პირველი ნაბიჯი მედია-ბიზნესში. მართალია,  თავდაპირველად მხოლოდ მბეჭდავი იყო, მაგრამ ჭკვიანი გოგონა მალე ლიტერატურული მენეჯერი გახდა.

 

1978 წელს მან და მისმა მეუღლემ ალბერტმა ამ უკანასკნელის მშობლიურ სავანას მიაშურეს და საკუთარი გაზეთის, The Georgia Gazztte-ს გამოშვება დაიწყეს. ეს პოლიტიკური ყოველკვირეული გამოცემა ძალზე მცირე ტირაჟით გამოდიოდა და ოჯახი რომ შეენახა, მარჯორი პარალელურად ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში მუშაობდა. მართალია, გაზეთმა პულიცერის პრემია მიიღო, მაგრამ, საბოლოოდ,

1985 წელს იგი დახურეს. ცოლ-ქმარს კრედიტორების 250 ათას დოლარამდე ვალი დარჩათ, რომელსაც მთელი ათი წლის განმავლობაში ისტუმრებდნენ.

 

ამ კრახის განცდის შემდეგ ცოლ-ქმარმა მაღალანაზღაურებადი სამუშაოს შოვნის იმედით ნიუ იორკს მიაშურა. პულიცერის პრემიის ლაურეატმა ალბერტმა მუშაობა The New York Times-ში რედაქტორის თანაშემდედ დაიწყო, მარჯორის კი უფრო მაღალი ამბიციები ამოძრავებდა. სწორედ იმ პერიოდში ბრიტანულ საგამომცემლო ჯგუფს The Economist Newspaper ჩრდილოამერიკული განყოფილების თავმჯდომარის ვაკანსია ჰქონდა. ჩავარდნილი გაზეთის ყოფილმა გამომცემელმა როგორღაც ჯგუფის ხელმძღვანელობის მოხიბვლა შეძლო და მათაც მისი დაქირავება გადაწყვიტეს.

 

წარმატებული ეკონომისტი

ბრიტანული ჟურნალი The Economist ამერიკულ ბაზარზე ბევრად ადრე გამოჩნდა, მაგრამ სკარდინოს მოსვლის შემდეგ საქმე გაცილებით უკეთ წავიდა. სარეკლამო კამპანიაში მან აქცენტი გააკეთა ჟურნალში სტატიების არგუმენტირებულობასა და გამოცემის ერთგვარ ელიტარულობაზე. მას არ სურდა The Economist მასობრივ გამოცემად ექცია, იგი სხვა ამერიკულ ჟურნალებზე ბევრად ძვირი ღირდა.

 

ამის მიუხედავად, მალე The Economist-ის ამერიკული გამოცემა სარეკლამო შემოსავლების მხრივ მეხუთე ადგილზე იყო და მხოლოდ ისეთ მონსტრებს ჩამორჩებოდა, როგორებიცაა Forbes, Buisness Week, People, Brides. 1992 წლისათვის გამოცემის ტირაჟი 2,5-ჯერ გაიზარდა და სკარდინო The Economist-ის მთელი ჯგუფის თავმჯდომარედ დანიშნეს.

 

ახალ მაღალ თანამდებობაზე მარჯორიმ მიზნად დაისახა საფინანსო ინფორმაციის მსოფლიო ბაზარზე პოზიციების გამყარება. ამისათვის გადაწყვიტა შთაენთქა ჟურნალი CFO, ყოველკვირეული გაზეთი Roll Coll და საგამომცემლო კომპანია Business International.

 

სკარდინოს მიერ გატარებულმა ზომებმა შედეგი მალე გამოიღო. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში (1993-1996) მედია-ჰოლდინგის შემოსავალი ორჯერ გაიზარდა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელი გახლდათ.

 

მედია-გიგანტის სათავეში

სკარდინოს წარმატებებმა ბრიტანული მედია-კონგლომერატის Pearson-ის, რომელიც The Economist-ში წილს ფლობდა, ხელმძღვანელობის ყურადღება მიიქცია. უნდა ითქვას, რომ იმ დროს Pearson-ის მდგომარეობა არც ისე სახარბიელო იყო. კომპანიის აქციები ეცემოდა და ექსპერტები მალე მის შთანთქმას წინასწარმეტყველებდნენ. ადრინდელი ხელმძღვანელობა მდგომარეობის გამოსწორებას გულმოდგინედ ცდილობდა, რამდენიმე წამგებიანი აქტივიც გაყიდეს, მაგრამ უშედეგოდ.

 

კონგლომერატის გადარჩენა მხოლოდ ახალ ლიდერს შეეძლო. მხსნელად სწორედ მარჯორი სკარდინო მოიაზრებოდა. ასე რომ, იგი პირველი ამერიკელი გახდა, რომელიც სათავეში ეგზომ მსხვილ ბრიტანულ კომპანიას ჩაუდგა. კონსერვატიული ბრიტანული პრესა გამუდმებით მსჯელობდა, შეეძლო თუ არა სამი შვილის დედას და ისიც უცხოელს, 150 წლიანი ისტორიის მქონე უზარმაზარი ბიზნესისათვის ეხელმძღვანელა.

 

სკარდინო რეფორმების გატარებას გულმოდგინედ შეუდგა. უპირველეს ყოვლისა, ყველა, 17 ათას თანამშრომელს აქციების მცირე პაკეტები დაურიგა. მან მიზნად უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასის გაორმაგება დაისახა. აღსანიშნავია, რომ მეტიც შეძლო და ლამის გასამმაგებას მიაღწია.

 

სკარდინოს ერთ-ერთი უმთავრესი დამსახურება კომპანიის ძირითადი ბრენდის The Financial Times-ის მსოფლიო ბაზარზე წარმატება გახლდათ. ამისათვის, მან თავისი ამერიკული გამოცდილება გაიხსენა და მიზანმიმართული სარეკლამო აქციები განახორციელა. გარდა ამისა, გაზეთის გერმანული, ესპანური, პორტუგალიური და ფრანგული გამოცემები გამოუშვა. გარდა ამისა, მისი ინიციატივით შთაინთქა არაერთი უცხოური საქმიანი ჟურნალ-გაზეთი.

 

გარდა ამისა, მან გააგრძელა 90-იანი წლების დასაწყისში დაწყებული Pearson-ის ტელეიმპერიის შექმნა. 1997 წელს მან გადაწყვიტა შთაენთქა კალიფორნიული კომპანია All American Communications, რომელიც მთელს მსოფლიოში რამდენიმე ადგილობრივ ტელეკომპანიას და ტელეთამაშების ვრცელ ბიბლიოთეკას ფლობს და არაერთ პოპულარულ ტელეშოუს ქმნის. ამან Pearson-ს მსოფლიო ტელებაზარზე გავლენის გაზრდის საშუალება მისცა.

 

სკარდინო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ესპანურენოვან მედია-ბაზარს. ამიტომაც დაამყარა მჭიდრო კონტაქტი ესპანურ Telefonica-სთან, რომელიც ლათინური სამყაროს საინფორმაციო ბაზრის წამყვანი მოთამაშეა. გარდა ამისა, მარჯორი გულმოდგინედ ცდილობს თავისი კომპანიის საგანმანათლებლო ბაზარზე დამკვიდრებას, რადგან მას ძალზე პერსპექტიულად მიიჩნევს. 1998 წელს Pearson-მა კომპანია Viacom-ისაგან 4,6 მილიარდ დოლარად შეიძინა გამომცემლობა Simon & Schuster, რომელიც ლიტერატურის სახელმძვანელოებს გამოსცემს. შედეგად, Pearson-ის საგანმანათლებლო განყოფილება, მსოფლიო ბაზრის 40 პროცენტს აკონტროლებს.

 

ყოველივე ზემოთთქმულის შემდეგ, ალბათ გასაკვირი აღარ არის ის აღიარება, რომელსაც მარჯორი სკარდინომ მიაღწია. იგი დღეისათვის მსოფლიო მედია-ბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლება.