ნინო თარხნიშვილი, "თავისუფლება"
საქართველოს კონტროლის პალატა იმ ათ პრიორიტეტულ სფეროს ასახელებს, რომლებსაც 2012 წლის განმავლობაში შეისწავლის. დიდი მოცულობის საბიუჯეტო თანხები, არასწორი მართვა, მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, დიდი საზოგადოებრივი ინტერესი - ეს იმ კრიტერიუმების ჩამონათვალია, რომლის მიხედვითაც კონტროლის პალატა 2012 წელს იმოქმედებს. ინტერესთა ნუსხაში მოექცა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურული ღონისძიებები და სხვა.
კონტროლის პალატა ტრადიციას აგრძელებს და უკვე მესამე წელია აქვეყნებს საჯარო ინტერესთა ნუსხას და იმ 10 პრიორიტეტულ სფეროს ასახელებს, რომელთაც კონტროლის პალატა მომდევნო 12 თვის განმავლობაში შეისწავლის. როგორც კონტროლის პალატაში განმარტავენ, ინტერესთა ნუსხა კონტროლის პალატის მიერ დადგენილი სპეციალური კრიტერიუმების საფუძველზე იქმნება და შესწავლის ობიექტი ის კონკრეტული მიმართულებები ხდება, რომლებიც მომეტებული აუდიტორული რისკებით ხასიათდება. გიორგი ალასანია, კონტროლის პალატის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, რადიო თავისუფლებასთან სწორედ აღნიშნული კრიტერიუმების შესახებ საუბრობს:
”პირველი - ეს გახლავთ დიდი მოცულობის საბიუჯეტო სახსრები, შემდეგ - არასწორი მართვა და რეგულაციების დაუცველობა, მესამე კრიტერიუმია თაღლითობა და მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, მეოთხე - სისტემური რეფორმის საჭიროება და, ბოლოს, დიდი საზოგადოებრივი ინტერესი.”
გიორგი ალასანიას მიერ ჩამოთვლილი კრიტერიუმების მიხედვით კი, კონტროლის პალატამ 2012 წლისათვის შესასწავლი პრიორიტეტები და მიმართულებები განსაზღვრა. ესენია: სახელმწიფო ქონების მართვა, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები, სოციალური დახმარების სისტემა, განათლების და მეცნიერების მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურული ღონისძიებები და პროგრამები, საჯარო ფინანსების მართვის სისტემა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემები და მართვა, თვითმმართველობის სისტემა. როგორც გიორგი ალასანია განმარტავს, თითოეულ ჩამოთვლილ სფეროში აუდიტის შედეგად გამოვლინდა არასწორი მართვისა და დიდი ოდენობით თანხის ხარჯვის შემთხვევები. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის საგანგებოდ ჩერდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებზე:
”საკმაოდ პრობლემატურია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სფერო, სოციალური და ჯანდაცვის სფერო ერთობლივად აღებული, რადგან ბიუჯეტის თითქმის ერთი მესამედი ამ სფეროს ხმარდება. აუდიტორულმა საქმიანობამ გამოავლინა არა მხოლოდ ფინანსური მართვის პრობლემები, როგორიც შესაძლოა სხვა სფეროებშიც არსებობდეს და არსებობს კიდეც, არამედ იქ გამოვლინდა თაღლითობა, სისხლის სამართლის დანაშაული.”
ეკონომიკის ექსპერტი და პროფესორი ლადო პაპავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ხაზგასმით ამბობს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში კონტროლის პალატის მუშაობის სტილი უკეთესობისაკენ შეიცვალა, თუმცა იმასაც შენიშნავს, რომ კონტროლის პალატის გააქტიურებას ჯერჯერობით სერიოზული შედეგები არ მოჰყოლია, რასაც კონკრეტული მაგალითებიც ადასტურებს. ერთი მათგანი სწორედ ის ინფრასტრუქტურული ღონისძიებებია, რომელიც კონტროლის პალატამ 2012 წლის პრიორიტეტებში შეიტანა.
”პრიორიტეტები სწორად არის განსაზღვრული, მაგრამ გორის მონაკვეთის ახალი მაგისტრალური გზატკეცილი რამდენჯერ შეიძლება გარემონტდეს? ამაზე არანაირი სერიოზული რეაგირება კონტროლის პალატას არ ჰქონია, ანუ საქმე ბოლომდე არ მიყვანილა. იგივე გომბორის გზა, რომელიც გაკეთდა უხარისხოდ, ან სად არის ანაკლიის ხიდი? ეს ხომ არის სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხის უყაირათოდ ხარჯვა?!“, - კითხულობს ლადო პაპავა.
„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი და კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი გია ჯანდიერი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ კონტროლის პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა აქცევდეს არა მხოლოდ ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობის შეფასებას, არამედ უნდა აკონტროლებდეს ორგანიზაციის მიერ საქმის შესრულებასაც, ანუ მიღწეულ შედეგებს.
”ყველაზე მნიშვნელოვანია ანგარიშის ჩაბარება იმის შესახებ, თუ რა დაპირება იყო მიცემული სტრუქტურის მხრიდან და რა გაკეთდა. მაგალითად, კონტროლის პალატამ უნდა გამოარკვიოს არა მხოლოდ ის, რომ შესამოწმებელ ობიექტს ჰქონდა მილიონი და ეს მილიონი დახარჯა, არამედ ის, თუ რა დაგეგმეს და როგორი შედეგი მიიღეს. კონტროლის პალატა თუკი ამ მიმართულებით იმუშავებს, ეს იქნება საჯარო სექტორის გაჯანსაღების კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი”, - მიაჩნია გია ჯანდიერს.
რაც შეეხება კონტროლის პალატის უკვე გასულ წელს ჩატარებული სამუშაოების შეჯამებას, როგორც კონტროლის პალატაში აცხადებენ, 2011 წლის ანგარიშს უახლოეს დღეებში უკვე თავად კონტროლის პალატის ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი წარუდგენს საზოგადოებას. ეკონომიკის ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ კონტროლის პალატის მიერ პრიორიტეტების ჩამოთვლის შემდეგ, შესაძლებელია, საჯარო ინტერესების ნუსხაში შესულმა უწყებებმა მუშაობის პრინციპი შეცვალონ, რაც ლოგიკურად მომავალში დარღვევების ნაკლებ რიცხვზე უნდა აისახოს. თუმცა, მათივე თქმით, პირველ რიგში კონტროლის პალატამ საზოგადოებას გასულ წლებში ჩატარებული მუშაობის სრული ანგარიში უნდა წარადგინოს.
847
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85