საქართველოს პრეზიდენტმა გლეხები ჰიბრიდული სიმინდის თესლის გადასახადისაგან გაათავისუფლა, მაგრამ მთავრობას და ბანკებს პრეზიდენტის სიტყვა სულ “ფეხებზე ჰკიდიათ”. შეიძლება პირიქითაც არის - სააკაშვილს “ჰკიდია ფეხებზე” გლეხები და ეს ყველაფერი, უბრალოდ, სპონტანურად მოაგონდა თავში მიწასთან შეჭიდებული ხალხის თავის მოსაქონად.
პრინციპში ამ ნიუანსებში გარკვევას აზრი არ აქვს იმიტომ, რომ სინამდვილეში სააკაშვილიც, მთავრობაც და ბანკებიც გლეხს ისე უყურებენ, როგორც ვლადიმერ ილიას ძე უყურებდა ბურჟუაზიას და ერნანდო კორტესი კიდევ - ინდიელებს. ზემოხსენებულ ტრიოს (პრეზიდენტი, მთავრობა, ბანკები) გლეხი თვალის დასანახად სძულს და ერთი სული აქვთ როდის შეუქმნიან არაადამიანურ პირობებს.
პარლამენტის დეპუტატის, გიორგი ახვლედიანის ინფორმაციით, გლეხებს ჰიბრიდული სიმინდის თესლთან დაკავშირებით ბანკებთან პრობლემები შეექმნათ. შესაბამისად, დეპუტატი, აღნიშნული პრობლემის გამო, პასუხს სოფლის მეურნეობის მინისტრისგან ელის. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გლეხების კომპენსაციის საკითხი მათ არ ეხებათ.
ახვლედიანის განცხადებით, ჰიბრიდული სიმინდის “გაუაზრებელი” პროგრამით ათასობით ფერმერია დაზარალებული. “მათი ერთადერთი შვება ის იყო, რომ ხელისუფლება თავის არასწორ ნაბიჯს დაინახავდა და მათ განვადებით გამოტანილი მარცვლეულის თანხას მაინც არ გადაახდევინებდა.
ეს პირობა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამასწინათ ტყიბულში დადო. სამწუხაროდ, პრეზიდენტის სიტყვა სიტყვად დარჩა და ეს ადამიანები დღეს მხოლოდ დაპირების ამარა არიან დარჩენილნი. მათ ბანკებში სერიოზული პრობლემები ექმნებათ. გადასახდელი აქვთ ათასობით ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკები მათ დაგირავებული ქონების, მიწების გაყიდვით ემუქრებიან”, - აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა. მისი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის გამო, დაახლოებით, 20 000 ფერმერი დააზარალა.
ახვლედიანი ამბობს, რომ ჰიბრიდული სიმინდის თესლის შემოწმებას ქვეყნის არც ერთმა ლაბორატორიამ ხელი არ მოკიდა. “ეს კი ეჭვს ბადებს, რომ ისინი ხელისუფლების დავალების მიხედვით მოქმედებენ. ბევრ ფერმერს ეჭვი აქვს, რომ მათ უხარისხო თესლი იყიდეს”, - აღნიშნა ახვლედიანმა. დეპუტატს აინტერესებს, თუ რას უპირებს დაზარალებულ ფერმერებს ხელისუფლება და გაათავისუფლებს თუ არა მათ განვადებით გამოტანილი თესლის თანხის გადასახადისაგან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გლეხებს, რომელთაც ჰიბრიდულმა სიმინდმა არ გაუმართლა, სახელმწიფო კომპენსაციას მისცემს, რათა ხელები არ ჩამოუშვან, ექსპერიმენტი გააგრძელონ და მათ ოჯახს შემოსავალი ჰქონდეს.
“ჩვენი წინადადებაა, რომ ვისაც ეს სიმინდი მივყიდეთ, მათი სია შედგეს. ეს აკაკი ბობოხიძის წინადადება იყო პარლამენტში და კარგად მოვისმინე, რაც თქვა მან, რომ ამ ადამიანებს გადასახადი არ უნდა გადავახდევინოთ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მომავალში გლეხების ინფორმირება მოხდეს თუ როგორ ხდება სიმინდის სწორად დათესვა”, - განაცხადა სააკაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამერიკული ჰიბრიდების შემოტანას გაზაფხულზე ისევ აპირებს, ამჯერად რამდენიმე სახეობის ჰიბრიდი შემოვა. თუკი საგაისო პროგრამაც ჩავარდება, უკვე დადატურებულად შეიძლება ითქვას, რომ მთავრობის წევრები ე.წ. ჰიბრიდული პროექტებით საბიუჯეტო თანხებს ისაკუთრებენ.
884
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85