ხათუნა ჩიგოგიძე, "რეზონანსი"
საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია 1 წლით გახანგრძლივდა
კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომელმაც ერთი წლით გაახანგრძლივა შეღავათებით სარგებლობის ვადა, საგადასახადო დავალიანებებისა და სესხების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით. მთავრობის ინიციატივა პარლამენტმა ერთი მოსმენით, დაჩქარებული წესით დაამტკიცა. "საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ" კანონის თანახმად, შესაძლებელია საგადასახადო ან სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია, სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარება და ჩამოწერა, პატიება, მესამე პირისთვის დაკისრება, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის დისკონტით დათმობა. ამ შეღავათებით სარგებლობის შანსი მხოლოდ იმ მეწარმეებს ექნებათ, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს წერილობით მიმართავენ და 2013 წლის 1-ელ იანვრამდე საჭირო საბუთებს წარადგენენ.
გურამ ჩახვაძე (საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე): "ამ კანონს დიდი ხნის ისტორია აქვს, ის ჯერ კიდევ 1990-იან წლებში მიიღეს, რომ მეწარმეებისთვის რაღაც შეღავათი გაეწიათ და შემდეგ არაერთხელ შეასწორეს. ცვლილების არსი ასეთია: თუ მეწარმე სუბიექტი დავალიანებას დადგენილ ვადაში ვერ იხდის, სახელმწიფო გადახდის ვადას უხანგრძლივებს.
ადრე კანონში მითითებული იყო 2012 წლის 1-ელი იანვარი, ახლა კი ამ ვადამ 2013 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიწია. მეწარმეებს კიდევ ერთი წელიწადი მიეცათ ფინანსთა სამინისტროსთვის დოკუმენტების წარსადგენად. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ეხება სახელმწიფოსა და კერძო სუბიექტს შორის ურთიერთობას და არა საბანკო სესხებსა თუ დავალიანებებს. საბუთების წარდგენის შემდეგ სპეციალური კომისია იმსჯელებს და დაადგენს, რამდენად გადახდისუნარიანია მეწარმე და ღირს თუ არა მასზე ზემოხსენებული შეღავათების გავრცელება".
თემურ კოპალეიშვილი (პროფესორი, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "თუ გადამხდელისთვის რესტრუქტურიზაცია ხელსაყრელია და ამით სახელმწიფოც არ ზარალდება, მაშინ მთავრობა ყოველთვის უნდა წავიდეს მსგავს დათმობებზე. ვფიქრობ, რესტრუქტურიზაცია არ უნდა გავრცელდეს ყველაზე და არ უნდა წარიმართოს გაუაზრებლად, მაგრამ ამგვარი შეღავათები უნდა გაიწიოს ნებისმიერ დროს - 2012 წელი იქნება, 2013 თუ 2014. მეწარმისთვის შეღავათის გაწევა დაწინაურებულ ქვეყნებში ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევა. ყველა განვითარებული ქვეყნის საგადასახადო სისტემა უამრავ შეღავათს ითვალისწინებს და ჩვენმა სახელმწიფომაც ამ სფეროში მოქნილი პოლიტიკა უნდა აირჩიოს.
ჩემი აზრით, ქართული საგადასახადო სისტემის ყველაზე დიდი ნაკლი მისი არასტაბილურობაა. ყოველ წელიწადს ძალიან ბევრი ცვლილება შეგვაქვს საგადასახადო კოდექსში, მარტო 2011 წელს შესული ცვლილებების რაოდენობა 400-ს აღწევს. მართალია, ხელისუფლება ამტკიცებდა, კოდექსი რევოლუციურიაო, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ის ნაჩქარევად მიიღეს. საბოლოო ჯამში კი ისევ მეწარმე ზარალდება, რადგან არასტაბილურ გარემოში მისთვის საკმაოდ ძნელი ხდება ხვალინდელი დღის დაგეგმვა. ჯერ კიდევ ნაპოლეონს აქვს ნათქვამი: იმ ქვეყანაში, სადაც ყოველ წელიწადს იცვლება საგადასახადო კანონმდებლობა, დაუცველია მესაკუთრის ქონებაცა და მისი თავისუფლებაცო. როცა საგადასახადო კოდექსში ერთ წელიწადში 300-400-მდე ცვლილება შედის, თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, რა მდგომარეობაში იქნება ასეთ ქვეყანაში მეწარმე".
სანდრო თვალჭრელიძე (ეკონომიკის ექსპერტი, აკადემიკოსი): "ვფიქრობ, "საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილება მრავალ შრეს შეიცავს. კარგია, თუ ის ხელს შეუწყობს მეწარმეების საქმიანობას, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ყველაფერი არჩევნებამდე ხდება. ამიტომ ამ ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი პოლიტიკური ინტერესიც უნდა იყოს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ფრაზას, სადაც დისკონტით დათმობაზეა ლაპარაკი. აშკარად ჩანს, რა იგულისხმება ამ ტერმინში - რა თქმა უნდა, ბიზნესის წილის დათმობა. საკითხავია, როგორი იქნება ეს წილი ან რა პირობით შეიძლება დათმოს მეწარმემ. ვფიქრობ, კანონში შეტანილი ცვლილება სრულყოფილი არ არის, მეტიც, ის ბუნდოვანია. მართლა შეუწყობს თუ არა ის ხელს უიმედო მდგომარეობაში ჩავარდნილ მეწარმეებს, არ ვიცი, მაგრამ უნდა ვაღიაროთ - ზოგიერთი მათგანი ერთი წლით ხომ მაინც გაიხანგრძლივებს არსებობას?"
883
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85