უახლესი მსოფლიო წესრიგი

უახლესი მსოფლიო წესრიგი

[ჯოენ კოტკინი, Newsweek]

საუკუნეების განმავლობაში ჩვენ რუკებს იმისთვის ვიყენებდით, რომ პოლიტიკის მიერ განსაზღვრული საზღვრები დაგვედგინა, მაგრამ დადგა დრო, რომ უარი ვთქვათ ბევრ იმ შეხედულებაზე, რაც ჩვენ კაცობრიობის თვითორგანიზების შესახებ გაგვაჩნია. მთელ მსოფლიოში გვაროვნულ-ტომობრივი კავშირების აღირძინებას უფრო რთული გლობალური ალიანსების ჩამოყალიბება მოსდევს.

 

იქ სადაც საზღვრებს ოდესღაც დიპლომატია განსაზღვრავდა, დღეს კაცობრიობას ახალ დინამიურად განვითარებად ჯგუფებად ჰყოფს ისტორია, რასობრივი ან ეთნიკური კუთვნილება და კულტურა.

 

„მწვანეთა“ მოძრაობის, სოციალისტების, ასევე საბაზრო კაპიტალიზმის საერთო კონცეფციები შეიძლება კოსმოპოლიტური ელიტის შთაგონების წყარო იყოს, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობისთვის ასეთი მოტივაცია არასაკმარისია. როგორც ეს ერთხელ დიდმა არაბმა ისტორიკოსმა იბნ ჰალდუნმა აღნიშნა, „უდაბნოში გადარჩენა მხოლოდ ჯგუფური განცდით გაერთიანებულ ტომებს შეუძლიათ“.

 

გვაროვნულ-ტომობრივი კავშირები სამყაროსავით ძველია, თუმცა პოლიტიკური ძვრები და გლობალიზაცია მათ გავლენას აძლიერებს. მსოფლიოს ახალი კონტურები ცივი ომის დასრულებასთან ერთად გამოიკვეთა. იმ რუკებმა, სადაც ცალკეული ბლოკები იყო აღნიშნული, რომლებიც ან შეერთებული შტატების ან საბჭოთა კავშირისკენ მიილტვოდნენ, უცბად აქტუალობა დაკარგა. ბოლო წლებში ისეთი ცნება, როგორიც ერთიანი მესამე სამყარო იყო, ჩინეთის და ინდოეთის გაძლიერებამ შეცვალა, ხოლო ახალი კონცეფციები მაგალითად „ბრიკი“ (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი) უარყოფილია იმით, რომ აღნიშნულ სახელმწიფოებს ძალიან განსხვავებული ისტორია და კულტურა აქვს.

 

ამ ახალი სამყაროს საზღვრები არასტაბილური იქნება და დროდადრო შეიცვლება. ზოგიერთი ქვეყანა რთულია ერთ ან მეორე კატეგორიას მიაკუთვნო – მაგალითად ძალიან თავისუბურია ისეთი ადგილი, რომელსაც საფრანგეთი ჰქვია. ამიტომ ჩვენ მათ ცალკეულ კლასებად გამოვყოფთ. არსებობს ასევე აღორძინების ეპოქის დიდებული ქალაქ-სახელმწიფოები, როგორებიცაა ლონდონი და სინგაპური. მათ აერთიანებთ არა გეოგრაფია, არამედ მსგავსებითა და სიახლოვით განსაზღვრული კავშირები.

 

1. ახალი განზა
დანია, ფინეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ნორვეგია და შვედეთი.

მე-13 საუკუნეში გაჩნდა ჩრდილო-ევროპული ქალაქების ალიანსი, რომელსაც განზას კავშირი უწოდეს და რომელსაც ისტორიკოსმა ფერნან ბროდელმა „ვაჭრობით ჩამოყალიბებული საერთო ცივილიზაცია“ დაარქვა. დღეს განზას ქვეყნებს, რომლის ჩამონათვალიც გაიზარდა, საერთო გერმანული კულტურული ფესვები აერთიანებს. მათ ახალი ნიშა იპოვეს, განვითარებულ ქვეყნებში ყიდიან ძვირადღირებულ საქონელს, ასევე რუსეთის, ჩინეთის და ინდოეთის სწრაფად განვითარებად ბაზრებზე. ეს ქვეყნები საერთო აღფრთოვანების საგანია მათი სოციალური დაცვის სისტემის გულუხვობის წყალობით და ბოლო წლებში ამ სახელმწიფოთა უმრავლესობამ საკუთარი ეკონომიკის ლიბერალიზაცია მოახდინა. მათ რიცხვში შედის ექვსი იმ რვა ქვეყნიდან, რომლებსაც Legatum-ის კეთილდღეობის ინდექსით წამყვანი პოზიციები უკავიათ. აქ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემნახველი ნორმებია (25% და მეტი), ასევე დასაქმების, განათლებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების შთამბეჭდავი დონე.

 

2. საზღვრისპირა ქვეყნები

ბელგია, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკია, გაერთიანებული სამეფო.

ეს ქვეყნები ცილობენ საკუთარი ადგილი იპოვონ ახალ მსოფლიოში, რომელიც გვაროვნული ნიშნით იყოფა. ბევრი მათგანი, მათ შორის რუმინეთი, ბელგია, კულტურის თვალსაზრისით აბსოლუტურად აღრეულია.

 

ისინი შესაძლოა სტაბილურები არ აღმოჩნდნენ: მაგალითად, ირლანდიამ გზა განვლო „კელტის ვეფხვიდან“ ფინანსურ ბანკროტამდე. წარსულში ამ სახელმწიფოებს ხშირად ძლიერი მეზობლები იპყრობდნენ. მომავალში მათ შეიძლება იბრძოლონ საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, ერთმანეთთან კონკურნციაში მყოფ გავლენის ზონებთან.

 

3. ზეთისხილის რესპუბლიკები

ბულგარეთი, ხორვატია, საბერძნეთი, იტალია, კოსოვო, მაკედონია, მონტენეგრო, პორტუგალია, სლოვენია, ესპანეთი.

ამ ქვეყნების სათავე ანტიკურ საბერძნეთსა და რომშია. ეს ზეთისხილის და ღვინის მიწები თავიანთ ჩრდილოელ პარტნიორებს, ფაქტობრივად ყველა მაჩვენებლით ჩამორჩებიან: აქ სიღარიბის დონე თითქმის ორჯერ მაღალია, ხოლო დასაქმება 10-20%-ით დაბალი. თითქმის ზეთისხილის ყველა რესპუბლიკას (ამ სიის სათავეში არიან საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია) განზას ქვეყნებთან შედარებით ბიუჯეტის უზარმაზარი დეფიციტი აქვთ.

აქ შობადობის მაჩვენებელიც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია: მაგალითად მსოფლიოში ყველაზე მოხუცი მოსახლეობა იტალიას ჰყავს, რომელიც ამ მხრივ იაპონიის კონკურენტია.

 

4. ქალაქ-სახელმწიფოები

ლონდონი – ის ფინანსების და მასობრივი საინფორმციო საშუალებების ცენტრია, თუმცა უკეთესია ლონდონს ეწოდოს პირველი კლასის ქალაქი მეორეხარისხოვან ქვეყანაში.

 

პარიზი - მასზე საფრანგეთის მთლიანი მშპ-ს თითქმის მეოთხედი მოდის და აქ ამ აქვეყნის ბევრი გლობალური კომპანია მდებარებს. ის ლონდონივით მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა საკუთარი ბაზარი ამ ერთ-ერთ ყველაზე შესანიშნავ ქალაქს ყოველთვის ექნება.

 

სინგაპური - მსოფლიოში, რომლის იერსაც სულ უფრო მეტად აყალიბებს აზია, ეს ქალაქი რომელიც წყნარ ოკეანესა და ინდოეთის ოკეანეს შორის მდებარეობს, ალბათ პლანეტაზე საუკეთესოა. აქ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პორტია, შემოსავლის და განათლების მაღალი დონე. სინგაპური ქალაქებს შორის უზარმაზარი წარმატების მაგალითია.

 

თელ-ავივი – თუკი ნაციონალური და ღრმად რელიგიური ისრაელი საზღვრისპირა ტერიტორიაა, რომელიც განსაკუთრებული დაცვის ობიექტია, თელ-ავივი საერო ქალაქია სწრაფად განვითარებადი ეკონომიკით. ის მაღალტექნოლოგიური ისრაელის ექსპორტის დიდ ნაწილს უზრუნველყოფს, აქ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე 50%-ით მაღალია, ამ ქალაქში ან მის შემოგარენში ცხრა ისრაელელი მილიარდერიდან ოთხი ცხოვრობს.

 

5. ჩრდილო-ამერიკული კავშირი

კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები.

ეს ქვეყნები მჭიდროდაა დაკავშირებული ეკონომიკის, დემოგრაფიის და კულტურის თვალსაზრისით, თანაც თითოეული მათგანი მეზობლის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ბევრ მეცნიერს მიაჩნია, რომ ეს უზარმაზარი რეგიონი სერიოზულ ვარდნას განიცდის, მაგრამ ისინი სცდებიან, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით. ჩრდილოეთ-ამერიკაში ბევრი მსოფლიო დონის ქალაქია, მათი სიის სათავეშია ნიუ-იორკი.

აქ მსოფლიოში უმსხვილესი ეკონომიკაა თავისი მაღალი ტექნოლოგიებით. აქ ყველაზე დიდი მოცულობის სასოფლო-სამეურნეო წარმოებაა, ასევე ოთხჯერ მეტი წყალი მოდის ერთ სულ მოსახლეზე, ვიდრე ევროპასა და აზიაში.

 

6. ლიბერალიზმის ქვეყნები

ჩილე, კოლუმბია, კოსტა-რიკა, მექსიკა, პერუ.

ეს ქვეყნები – ლათინურ ამერიკაში დემოკრატიის და კაპიტალიზმის მედროშეები არიან. აქ ჯერ კიდევ დაბალია საოჯახო შემოსავლები, სიღარიბის მაჩვენებელი კი მაღალი, მაგრამ ისინი მთელი ძალით ცდილობენ ისეთი სწრაფად განვითარებადი ეკონომიკური სახელმწიფოების რიგში მოხვდნენ, როგორიც ჩინეთია, თუმცა ზოგიერთი ამ ქვეყნისთვის წარმოუდგენელია აშშ-სთან განხეთქილების წარმოდგენა, რომელიც ტრადიციულად წამყვანი ეკონომიკური ძალაა ამ რეგიონში.

 

პირველ რიგში ეს მექსიკას ეხება, რომელსაც შეეთებულ შტატებთან მჭიდრო გეოგრაფიული და ეთნიკური კავშირები აქვს, მაგრამ ამ ქვეყნების ეკონომიკური მომავალი გაურკვეველია. იქნებიან თუ არა ისინი ორიენტირებულები სახელმწიფოზე თუ ეკონომიკური ლიბერალიზმის პოლიტიკის გზას დაადგებიან?

 

7. ბოლივარიანული რესპუბლიკები

არგენტინა, ბოლივია, კუბა, ეკვადორი, ნიკარაგუა, ვენესუელა.

ლათინური ამერიკის ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი (სათავეში ვენესუელას ლიდერი უგო ჩავესით) დიქტატურას უბრუნდებიან და პერონიზმის მოდელს მისდევენ მისი ტრადიციულად უარყოფითი დამოკიდებულებით ამერიკისა და კაპიტალიზმის მიმართ. ჩავესის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნები დიდწილად ღარიბები არიან, იქ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რიცხვი 60%-ზე მაღალია, ვიდრე ბოლივიაში.

 

ანტი-ამერიკული აზროვნების მქონე ეს ქვეყნები, რომლებსაც სასარგებლო წიაღისეულის და ენერგორესურსების დიდი მარაგები აქვთ, მიმზიდველ სამიზნეებს წარმოადგენენ ისეთი ზესახელმწიფოებისთვის, როგორიც ჩინეთი და რუსეთია, რომლებიც სწრაფად ძლიერდებიან.

 

8. ცალკე მდგომი ქვეყნები

ბრაზილია

სამხრეთ-ამერიკის ყველაზე მსხვილი ეკონომიკური ზესახელმწიფო ბრაზილია, რეგიონის ბოლივარიანულ და ლიბერალურ ქვეყნებს შორის იმყოფება. საკუთარი რესურსების წყალობით, მათ შორის ნავთობის ზღვის საბადოებით, ასევე წარმოების მიღწევებით, ბრაზილია მეორე რანგის ზესახელმწიფოა (ჩრდილოეთ-ამერიკის, დიდი ინდოეთის და შუა სამეფოს შემდეგ), მაგრამ მას უზარმაზარი სოციალური პრობლემები აქვს, განსაკუთრებით კრიმინალის და სიღატაკის მხრივ. ახლახანს ბრაზილია  ჩრდილოეთ-ამერიკისგან გათავისუფლდა და ახალი მოკავშირეები მოძებნა, რომელთა შორის წამყვანი ჩინეთი და ირანია.

 

საფრანგეთი

ეს ძველებურად მოწინავე და მაღალი კულტურის ქვეყანაა, რომელიც ანგლო-ამერიკული კულტურის ზეწოლასთან გამკლავებას და ევროკავშირის მნიშვნელობის შემცირებას ცდილობს. ის ზესახელმწიფო აღარ არის, მაგრამ გაცილებით მაღალი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, ვიდრე ზეთისხილის რესპუბლიკებს, თუმცა განზასავით ძლიერი არ არის.

 

დიდი ინდოეთი

ინდოეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა, მაგრამ იქ ერთ ოჯახზე შემოსავალი ძველებურად სამჯერ დაბალია ვიდრე ჩინეთში. მისი 1.3 მილიარდიანი მოსახლეობის მინიმუმ მეოთხედი სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო მის მზარდ მეგა-ქალაქებში, როგორებიცაა მუმბაი და კალკუტა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯურღმულებია, მაგრამ ინდოეთი მტკიცედ ვითარდება ყველა მიმართულებით – საავტომობილო წარმოებით დაწყებული პროგრამული უზრუნველყოფით დამთავრებული.

 

იაპონია

იაპონია მისი ფინანსური რესურსებითა და საინჟინრო გამჭრიახობით მსოფლიოს ზესახელმწიფოდ რჩება, მაგრამ მსოფლიოში ეკონომიკის მოცულობის მხრივ მეორე ადგილიდან ის ჩინეთმა გადაწია. ნაწილობრივ იმიგრაციისადმი წინააღმდეგობის გამო, 2050 წლისთვის მისი მოსახლეობის 35%-ზე მეტი, 60 წელზე დიდი იქნება. იმავდროულად მის პოზიციებს ტექნოლოგიური უპირატესობის თვალსაზრისით საფრთხეს უქმნიან სამხრეთ-კორეა, ჩინეთი, ონდოეთი და აშშ.

 

სამხრეთ-კორეა

სამხრეთ-კორეა ნამდვილი სამეცნიერო-ტექნიკური ზესახელმწიფო გახდა. 40 წლის წინ მისი შემოსავლები ერთ სულ მოსახლეზე განას შემოსავლებს უტოლდებოდა, დღეს კი მასზე 15-ჯერ მეტია. საშუალო სტატისტიკური კორეული ოჯახის შემოსავალი დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც იაპონიაში. ის შესანიშნავად გაუმკლავდა გლობალურ რეცესიას, თუმცა სამხრეთ-კორეა ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, რომ ის არ გადაყლაპოს სწრაფად განვითარებადმა ჩინეთმა.

 

შვეიცარია

სინამდვილეში ეს ქალაქ-სახელმწიფოა, რომელიც მსოფლიოსთან საზღვაო გზებით, საფოსტო გადარიცხვებითა და ავიახაზებითაა დაკავშირებული. ეს ქვეყანა ყვავის, აქვს წყლის მდიდარი რესურსები, ასევე შესანიშნავი პირობები ბიზნესისთვის.

 

9. რუსეთის იმპერია

სომხეთი, ბელორუსია, მოლდავეთი, რუსეთის ფედერაცია, უკრაინა.

რუსეთს გააჩნია კოლოსალური ბუნებრივი რესურსები, მნიშვნელოვანი სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი, ასევე ძლიერი არმია. ვიდრე ჩინეთი ძლიერდება, რუსეთი  უკრაინაში, საქართველოსა და შუა აზიაში დამკვიდრებას ცდილობს.

 

ძველი ცარისტული ვერსიის მსგავსად, რუსეთის ახალი იმპერია სლავური იდენტურობის ძლიერი კავშირების იმედზეა, რადგან 140 მილიონიან მოსახლეობაში დაახლოებით ოთხი-მეხუთედი რუსია. რუსეთში ერთი ოჯახის შემოსავალი დაახლოებით იტალიური ოჯახის შემოსავლის ნახევარია, გარდა ამისა რუსეთს მოსახლეობის სწრაფად დაბერების პრობლემა აქვს.

 

10. ველური აღმოსავლეთი

ავღანეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი.

ჩვენი პლანეტის ეს ნაწილი  კონკურენტი რეგიონებისთვის საჯილდაო ქვაა, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ-ამერიკა.

 

11. ირანისტანი

ბაჰრეინი, ღაზას სექტორი, ირანი, ერაყი, ლიბანი, სირია.

ირანი, რომელსაც აქვს ნავთობის მარაგები, განათლების საკმაოდ მაღალი დონე, ასევე ეკონომიკა, რომელიც მოცულობით თურქეთის ეკონომიკის დაახლოებით ნახევარია, თითქოს მზარდი ზესახელმწიფო უნდა იყოს, მაგრამ მისი გავლენის მოცულობას ზღუდავს ექსტრემისტული იდეოლოგია, რის გამოც ირანს კოფლიქტი აქვს არამხოლოდ დასავლურ ქვეყნებთან, არამედ დიდ არაბეთთანაც. ეკონომიკაში მეურნეობის დეფიციტის გამო, ეს ქვეყანა ფართო მოხმარების საქონლის, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის, პროდუქტის, ასევე ნავთობპროდუქტების იმპორტიორად იქცა.

 

12. დიდი არაბეთი

ეგვიპტე, იორდანია, კუვეიტი, პალესტინის ტერიტორიები, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, იემენი.

ნავთობის რესურსების გამო ეს რეგიონი მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ფინანსურ მოთამაშედ ყალიბდება, მაგრამ იქ უზარმაზარი უფსკრულია. ერთის მხრივ სპარსეთის ყურის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები და მეორეს მხრივ უფრო ღარიბ სახელმწიფოებს შორის.

 

თუკი აბუ-დაბიში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის რაოდენობა დაახლოებით 40 000 დოლარია, იემენში ის ამ ციფრის მხოლოდ 5%-ია. სერიოზული კულტურული კავშირები (რელიგიური და რასობრივი) ამ რეგიონის ერთიანობას ამყარებს, თუმცა მისი დამოკიდებულება დანარჩენ მსოფლიოსთან საკმაოდ პრობლემურია.

 

13. ახალი ოსმალები

თურქეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი.

თურქეთი დღეს ტომობრივ საწყისთან დაბრუნების სიმბოლოა, რადგან დღეს ის გაცილებით დიდ ყურადღებას უთმობს თავის აღმოსავლეთ ფრონტს, ვიდრე ევროპას. მართალია ევროკავშირთან ურთიერთობა კვლავ მისი ეკონომიკის საფუძველია, თუმცა დღეს თურქეთი ძირითად აქცენტს ახლო-აღმოსავლეთში მის ყოფილ ოსმალურ მიწებზე და შუა აზიელ ეთნიკურ ძმებზე აკეთებს. ასევე სწრაფად ვითარდება ვაჭრობა რუსეთთან და ჩინეთთან.

 

14. სამხრეთ აფრიკის იმპერია

ბოცვანა, ლესოტო, ნამიბია, სამხრეთ-აფრიკა, სვაზილენდი, ზიმბაბვე.

სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკის ეკონომიკა ყველაზე მსხვილი და დივერსიფიცირებულია აფრიკაში. იქ კარგი ინფრასტრუქტურაა, მინერალური რესურსების მდიდარი მარაგი, ნაყოფიერი მიწები, ასევე სერიოზული ინსდუსტრიული ბაზა. აფრიკული სტანდარტებით ეს ქვეყანა საკმაოდ შეძლებულია, რადგან აქ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 1000 დოლარია. სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკას მყარი კულტურული კავშირები აქვს ისეთ მეზობლებთან, როგორებიც არიან ბოცვანა, ლესოტო და ნამიბია, რომლებიც დიდწლად ქრისტიანული ქვეყნებია.

 

15. საჰარას სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნები

ანგოლა, კამერუნი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კონგო-კინშასა, ეთიოპია, განა, კენია, ლიბერია, მალავი, მალი, მოზამბიკი, ნიგერია, სენეგალი, სიერა-ლეონე, სუდანი, ტანზანია, ტოგო, უგანდა, ზამიბია.

 

დიდწილად ეს ქვეყნები წარსულში ან ბრიტანეთის ან საფრანგეთის კოლონიები იყვნენ. იქ მოსახლეობა იყოფა  მუსულმანებად და ქრისტიანებად, ინგლისურენოვან მოსახლეობად და ფრანკოფონებად, ასევე იგრძნობა კულტურული ერთიანობის დეფიციტი. სასარგებლო წიაღისეულის არსებობა სიღარიბის სასტიკ დონესთან ერთად, რომლის ზღვარს მიღმა ცხოვრობს მოსახლეობის 70-80%, ფაქტობრივად იმის გარანტიაა რომ მდიდარი მოთამაშეები, როგორებიც არიან ჩინეთი, ინდოეთი და ჩრდილოეთ- ამერიკა, ამ რეგიონის ექსპულუატაციას შეეცდებიან.

 

16. მაგრიბის რკალი

ალჟირი, ლიბია, მავრიტანია, მაროკო, ტუნისი.

ამ რეგიონში, რომელიც ხმელთაშუა ზღვისპირეთის აფრიკულ სანაპიროს მოიცავს, მდიდარ ქვეყნებში, მაგალითად ლიბიასა და ტუნისში პროგრესის ნიშნებია, თუმცა აქ სიღარიბის დონეც მაღალია.

 

17. შუა სამეფო

ჩინეთი, ჰონ-კონგი, ტაივანი.

შესაძლოა, ჩინეთმა ათ წელიწადში ვერც გაუსწროს შეერთებულ შტატებს მშპ-ს მოცულობით, როგორც ეს ახლახანს მსოფლიო სავალუტო ფონდმა იწინასწარმეტყეველა, მაგრამ ის უდაოდ ახალი მსოფლიო ზესახელმწიფოა. მისი ნაციონალური სოლიდარობა და ისტორიული უპირატესობის განცდა მართლაც გამორჩეულია.

 

ჩინელები მოსახლეობის 90%-ს შეადგენენ. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაციონალურ-კულტურული ჯგუფია. ასეთი ნაციონალურ-კულტურული შეკრულობის გამო, როგორც ამას ბევრი უცხოური კომპანია აცნობიერებს, ამ უზარმაზარ ბაზარზე შეღწევა კიდევ უფრო რთულია.

 

რესურსებზე ჩინური მოთხოვნილებების ზრდას, აფრიკაში, ბოლივარიანულ რესპუბლიკებსა და ველურ აღმოსავლეთში მისი ეკონომიკური ექსპანსიაც მიუთითებს, თუმცა ჩინეთს უამრავი პრობლემა აქვს. ესენია, უკიდურესად ავტორიტარული რეჟიმი, მდიდრებს და ღარიბებს შორის უფსკრულის გაღრმავება, ასევე ეკოლოგიის გაუარესება. მისი მოსახლეობა სწრაფად ბერდება, რამაც უახლოესი 30 წლის განმავლობაში შეიძლება უზარმაზარი პრობლემები გამოიწვიოს.

 

18. კაუჩუკის სარტყელი

კამბოჯა, ინდონეზია, ლაოსი, მალაიზია, ფილიპინები, ტაილანდი, ვიეტნამი.

ამ სახელმწიფოებს მინერალების, მტკნარი წყლის და კაუჩუკის მდიდარი მარაგები აქვთ, აქ საკვები პროდუქტების დიდი მრავალფეროვნებაა, მაგრამ ისინი პოლიტიკურად არასტაბილური ქვეყნებია, რაც აქ სხვადასხვა დოზით ვლინდება.

 

ეს ყველა სახელმწიფო ცდილობს ინსდუსტრიული ბაზის შექმნას და საკუთარი ეკონომიკის დივერსიფიკაციას. მალაიზიის გარდა, ერთი ოჯახის შემოსავალი იქ კვლავ საკმაოდ დაბალია, მაგრამ მათ აქვთ პოტენციალი სწრაფი განვითარების თვალსაზრისით გახდნენ შემდეგი რეგიონი.

 

19. იღბლიანი ქვეყნები

ავსტრალია, ახალი ზელანდია.

ერთ ოჯახის შემოსავალი აქ დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ჩრდილოეთ-ამერიკაში, თუმცა მათი ეკონომიკა ნაკლებად დივერსიფიცირებულია. იმიგრაციის და საერთო ანგლო-საქსონური მემკვიდრეობის წყალობით კულტურული თვალსაზრისით ისინი ჩრდილოეთ-ამერიკასთან და ბრიტანეთთანაა დაკავშირებული, მაგრამ მათი გეოგრაფიული მდებარეობა და ნედლეულის ეკონომიკა იმაზე მიუთითებს, რომ მომავალში მათი წამყვანი სავაჭრო პარტნიორები შეიძლება ჩინეთი და ინდოეთი გახდნენ.

 

ჯოელ კოტკინიმეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. მუშაობს ჩეპმენის უნივერსიტეტში (კალიფორნია). ის ასევე ლონდონის კვლევითი ინსტიტუტის Legatum-ის მეცნიერ-თანამშრომელია. სტატიისთვის სამეცნიერო კვლევების მონაცემები მოწოდებულია Legatum-ის ინსტიტუტის მიერ.

foreignpress.ge