გასულ კვირაში ფოტო და სამედიცინო ტექნიკის იაპონურმა მწარმოებელმა Olympus-მა შეცვლილი ანგარიში წარმოადგინა და 1,3 მილიარდი დოლარი ჩამოწერა. როგორც გაირკვა, დიდძალი წაგებები რომ დაემალათ, იაპონელები წლობით იყენებდნენ ოფშორულ ფონდებს, სამმაგ ფასად უაზრო შენაძენებს აკეთებდნენ და საკომისიოებს ხელოვნურად ზრდიდნენ. ამგვარი სქემა თითქმის 13 წელი მუშაობდა.
დამოუკიდებელმა კომისიამ, რომელმაც Olympus-ში არსებული დარღვევები გამოიძია, ყოველივე ეს იმით ახსნა, რომ კომპანიაში გადაწყვეტილებებს ადამიანთა შეზღუდული ჯგუფი იღებდა. ისინი მნიშვნელოვან ინფორმაციას დირექტორთა საბჭოს და შიდა აუდიტს უმალავდნენ და თავიანთი მოქმედების დოკუმენტებს და მოწმეებს არ ტოვებდნენ.
ამ თითქოს და მშვენივრად აწყობილმა სისტემამ მხოლოდ მაშინ ვერ გაამართლა, როცა მასში უცხო ადამიანმა ჩაიხედა. საუბარია ბრიტანელ მაიკლ ვუდფორდზე, რომელიც Olympus-ში 80-იანი წლებიდან მუშაობდა, ოღონდ მის ევროპულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მაგრამ 2011 წლის აპრილში სრულიად კომპანიის პრეზიდენტი გახდა. იგი კომპანიის ადრინდელი გარიგებებით დაინტერესდა და ბევრი რამ საეჭვოდ მოეჩვენა.
ოქტომბერში ვუდფორდი “კორპორაციული კულტურის ვერშეგრძნების” გამო გადააყენეს. მაგრამ ბრიტანელი კომპანიის საეჭვო საქმიანობის შესახებ მედიასთან ალაპარაკდა, რასაც გვარიანი სკანდალი და Olympus-ის აქციების 47 პროცენტით გაიაფება მოჰყვა.
გასულ კვირაში, ტოკიოს საფონდო ბირჟიდან დელისტინგი რომ თავიდან აერიდებინა, Olympus-მა იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტოს ბოლო ხუთი წლის საქმიანობის შეცვლილი ანგარიში წარუდგინა. კომპანიამ მოახდინა 13 ფონდის კონსოლიდირება, რომელთა მეშვეობითაც წაგებას მალავდა. შედეგად, სუფთა აქტივები 46 მილიარდ იენად (590 მილიონი დოლარი) იქნა შეფასებული, არადა, 30 ივნისის მონაცემებით 151 მილიარდ იენს (1,9 მილიარდი დოლარი) შეადგენდა.
ნოემბრის დასაწყისიდან Olympus-ის საქმიანობის გამოძიება სპეციალურმა კომისიამ დაიწყო, რომელმაც დაადგინა, რომ ჯერ კიდევ 1985 წელს, როცა იენის კურსის მკვეთრი ზრდის გამო კომპანიის შემოსავალმა გვარიანად მოიკლო, მაშინდელმა პრეზიდენტმა ტოსირო სიმოიამამ კომპანიაში სპეკულაციური ინვესტიციების ახალი ბიზნესი დანერგა, რომელიც უმალ სტრატეგიულად იქცა. მას სათავეში ვიცე-პრეზიდენტი ჰისასი მორი და კომპანიის აუდიტორი ჰიდეო იამადა ჩაუდგნენ.
ახალმა სტრატეგიამ ცოტა ხნით გაამართლა. 1990 წელს იაპონიას თავს ფინანსური კრიზისი დაატყდა და ქვეყანაში რეცესია დაიწყო. კომპანიამ გვარიანი წაგება ნახა. ამგვარი მდგომარეობა კარგა ხანს გაგრძელდა და Olympus-ის თავკაცებმა გადაწყვიტეს წამგებიანი ინსტრუმენტები ფონდებში გაეტანათ და შემდეგ ანგარიშში არ მოეხსენებინათ.
რეალურად სქემა ამგვარი იყო: Olympus-ი ფონდებში თანხების აკუმულირებას ახდენდა და შემდეგ მის კუთვნილ ორგანიზაციებს ფონდებიდან რეალურზე გაცილებით ძვირად ყიდულობდა. ან კიდევ მესამე მხარეს, რომელიც ვითომდა შუამავალი იყო, დიდძალ საკომისიოს უხდიდა. ანუ, საკუთარი ფულით საკუთარ ბიზნესს ყიდდნენ და ყიდულობდნენ. ცხადია, კომპანიასა და ფონდებს შორის თანხების გადარიცხვა ძლიერ ჩახლართული გზებით ხორციელდებოდა. არსებობდა სამი მარშრუტი: ევროპული, სინგაპურული და იაპონური.
გარდა ამისა, აღებულ კრედიტებს დაფარვა სჭირდებოდა. ამისათვის, მოიფიქრეს სქემა, რომლის მიხედვითაც, ფონდებს იაფად უნდა შეეძინათ წვრილი კომპანიები და შემდეგ ისინი Olympus-ს ძვირად გამოესყიდა. ამგვარად, ფონდები ბანკებისათვის ვალის დაბრუნებას შეძლებდნენ, ხოლო კომპანიის ბალანსზე თანდათანობით დაგროვებულ ბალასტს მოგვიანებით ჩამოწერდნენ. თანაც, ამასაც წაგებების დასაფარად გამოიყენებდნენ.
როგორც ხედავთ, Olympus-ის სკანდალი მრავალმხრივი და ძლიერ საინტერესო გახლავთ. სავარაუდოდ, იაპონელი გამომძიებლები კიდევ არაერთ სკანდალურ დეტალს გამოაქვეყნებენ. მედიაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა თვით იაკუძასთან იყო კავშირში.
877
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85