თბილისი დატვირთულობის პიკზეა, ყოველი მესამე მოქალაქე უკვე დედაქალაქში ცხოვრობს

თბილისი დატვირთულობის პიკზეა, ყოველი მესამე მოქალაქე უკვე დედაქალაქში ცხოვრობს

საქართველოს მოსახლების დიდი ნაწილი თბილისში ცხოვრობს. სწორედ ამიტომ ქალაქი ძალიან გადატვირთულია. დედაქალაქში უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს როგორც დასაქმების, ისე სხვადასხვა საქმიანობი განხორციელების კუთხით, მაგრამ თბილისი ასეთ დატვირთვას ვეღარ უძლებს. ყოველდღიურად პიკის საათებში ქალაქში 700 000-მდე სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება. ინტენსიური განაშენიანების გამო, სიმჭიდროვე ყველგან მაქსიმალურად გაზრდილია, როგორც ცენტრში, ისე გარეუბნებში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 34.6% დედაქალაქში ცხოვრობს. უფრო კონკრეტულად კი, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, მთლიანი მოსახლეობის რაოდენობა 3 704 500-ს შეადგენდა, აქედან კი 1 282 600 ადამიანი თბილისში ცხოვრობდა.

თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი მოსახლე ქვემო ქართლს, იმერეთსა და აჭარას ჰყავს. „საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, მოსახლეობა რეგიონების მიხედვით ასეა გადანაწილებული: ქვემო ქართლი - 438 900 კაცი; იმერეთი - 433 300 კაცი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 366 700 კაცი; კახეთი - 298 500 კაცი; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 283 300 კაცი; შიდა ქართლი - 242 000 კაცი; სამცხე ჯავახეთი - 140 200 კაცი; გურია - 100 600 კაცი; მცხეთა-მთიანეთი - 92 700 კაცი; რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი - 25 700 კაცი.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი - 61.5% ქალაქის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს.

არსებულ მოცემულობას აფასებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე, რომლის აზრითაც დედაქალაქის განტვირთვა აუცილებელია. აქცენტი რეგიონებზე უნდა გაკეთდეს.

თბილისი არის ქვეყნის არა მარტო ადმინისტრაციული და პოლიტიკური ცენტრი, არამედ ეკონომიკურიც. ოფიციალურად მოსახლოებით 35%-მდე ცხოვრობს თბილისში, მაგრამ თუ შევხედავთ დედაქალაქის წილს ქვეყნის ეკონომიკაში, მაშინ ეს ნახევარზე მეტი გამოვა, ხოლო თუ ავიღებთ ბიზნესის აქტიურობას, მის ბრუნვასა და პროდუქტის გამოშვებას, სადღაც 70-75%-ის ფარგლებში მერყეობს წელიწადის სხვადასხვა დროის მიხედვით. უცხოური ინვესტიციების თითქმის 80% დედაქალაქზე მოდის. აუცილებელია დედაქალაქის განტვირთვა, ქალაქი იხრჩობა ზედმეტი შენობებით და ტრანსპორტით. შეუძლებელია ამდენი მშენებლობა, ამას თან სდევს კერძო ტრანსპორტის სიჭრაბეც, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

დედაქალაქი მართლაც გადატვირთულია, რაშიც მთავარი პრობლემა ინტენსიური მშენებლობებია. ამიტომ დეველოპერებიც კი მიიჩნევენ, რომ პარალელურად თბილისთან ახლოს მდებარე ქალაქების განაშენიანება უნდა დაიწყოს.

ჩემი მოსაზრებაა, რომ ქალაქი სიგრძეში უფრო უნდა გაიზარდოს, ვიდრე სიმაღლეში. ამიტომაც, მისი განვითარებისთვის შემოგარენის ათვისება აქტუალურია.

მაგალითად, ჯიქიას დასახლების განვითარებისთვის პროექტი შენი სახლი ჯიქიაზე, 12 წლის წინ დავიწყეთ. მაშინ ეს ტერიტორია სრულიად აუთვისებელი იყო. ბოლო წლებში კი ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი უბანი გახდა. ეს გამოიწვია იმან, რომ დეველოპერი დაინტერესდა და აღმოაჩინა, რომ საკმაოდ კარგი და სტრატეგიული ადგილი იყო ქალაქისთვის. ამასობაში იქვე გაიხსნა ახალი მეტროსადგური.

ქალაქის შემოგარენი რომ განვითარდეს, მარტო დეველოპერიების მზადყოფნა არ კმარა. შესაბამისი ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები თანხვედრაში უნდა მოვიდეს, რომ ქალაქი გაფართოვდეს, - განაცხდა სამშენებლო კომპანია არსის დირექტორმა ბესო ორთოიძემ.

თბილისი პრობლემა ისიცაა, რომ ქალაქი სიგანეში ვერ იზრდება და მხოლოდ სიგრძეში ვითარდება. მალე ეს რესურსიც ამოიწურება, რადგან იგი უკვე მიუახლოვდა სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს.