პრემიერი პირობას დებს, რომ საშუალოვადიან პერიოდში საქართველო ცხოვრების დონით ევროპულ სტანდარტს მიაღწევს. ამის თქმის საფუძველს მას ბოლო წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის სწრაფი ზრდა აძლევს. ეკონომისტები დანაპირებს რეალურად აღიქვამენ, თუმცა არ ასახელებენ რა ვადაში იქნება ეს შესაძლებელი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაასახელა მთავრობის მიზნები - ეკონომიკა, სიღარიბის დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ამ ტემპით გაგრძელდება ეკონომიკის ზრდა, უკვე საშუალოვადიან პერსპექტივაში ქვეყანა შესაძლოა, მიუახლოვდეს ევროკავშირის საშუალო დონეს, ეკონომიკური განვითარების კუთხით.
„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სწრაფად იზრდება ჩვენი ეკონომიკა. დოლარში საქართველოს ეკონომიკა, სულ მოსახლეზე გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. მხოლოდ ამ ოთხი წლის განმავლობაში გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ზრდის შენარჩუნებაა. ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით ევროპულ ქვეყნებს, კეთილდღეობის დონით, მაგრამ თუ გავაგრძელებთ ამ ტემპით ეკონომიკის ზრდას, ჩვენ უკვე საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება მივუახლოვდეთ ევროკავშირის საშუალო დონეს, ეკონომიკური განვითარების კუთხით და შესაბამისად, სოციალური პირობებიც შეიძლება რადიკალურად გაუმჯობესდეს ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენი პროგრამული მიზნების მიხედვით, ჩვენი ამოცანაა, სიღარიბის უმუშევრობის შემცირება მაქსიმუმ 4%-მდე. არც ერთმა მაჩვენებელმა არ უნდა გადააჭარბოს 4%-ს. როგორც ახლა მივდივართ, ეს არის აბსოლუტურად მიღწევადი 2028 წლისთვის. ეკონომიკა, სიღარიბის დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა“, - განაცხადა პრემიერმა.
ამჟამინდელი მდგომარეობით, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის 11,8%-ია. შედარებისთვის, 2007 წელს ეს მაჩვენებელი 38,8%-ს აღწევდა, 2014 წელს - 23,5% შეადგინა. დაახლოებით ანალოგიური მაჩვენებელია სომხეთში - 24,8%, მოლდოვაში - 31,1%, ხოლო ბულგარეთის შემთხვევაში 20,6%-მდეა.
სწორედ მსოფლიო ბანკის მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება აკადემიკოსმა ავთო სილაგაძემ და აღნიშნა, რომ მოსახლეობის 1 სულზე მშპ-ს სიდიდით 2023 წელს საქართველოს მაჩვენებელი 8283 დოლარია, როდესაც 2022 წელს ეს ნიშნული 6731 დოლარს შეადგენდა.
„2022 წელს საქართველომ დაიწყო პანდემიური კრიზისიდან გამოსვლა. მომდევნო 2023 წელს მან ეკონომიკური პარამეტრების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეძლო. მშპ-ს სიდიდით საქართველო ფართო რეგიონის მრავალ ქვეყანას ასწრებს. მათ შორის, სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, ბელარუსს, ყირგიზეთს, თურქმენეთს, უზბეკეთის და სხვა ქვეყნებს და სხვა უამრავ ქვეყანას. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოწინავეა.
საქართველომ საგრძნობლად დააღწია თავი სიღარიბეს, თუმცა გამოწვევები მაინც არის და კიდევ ბევრი ძალისხმევა გვიწევს იმისათვის, რომ ბოლომდე დავძლიოთ ეს პრობლემა და ქვეყანა მეტად განვითარდეს. ბუნებრივია, მსოფლიოში ბევრ სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს, მაგრამ ამავე დროს ბევრსაც ჩამოვრჩებით. რეგიონის ქვეყნებს ვუსწრებთ, მაგრამ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორება გვაქვს ევროპაზე, სადაც 1 სულ მოსახლეზე მშპ-ს საშუალო მაჩვენებელი 40 000 დოლარს უტოლდება“, - განაცხადა ავთო სილაგაძემ.
საყურადღებოა ისიც, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ურთიერთობები მუდმივად ღრმავდება. 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის მაჩვენებელი წლიურად 8.5%-ით - 1 მილიარდ 632 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი, ბოლო ათი წლის, განმავლობაში რეკორდულია.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირს საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში, 4 თვის მონაცემებით, 21%-იანი წილი უკავია. ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: გერმანია - 390 მლნ დოლარი, ბულგარეთი - 177.9 მლნ, იტალია - 162.8 მლნ, ნიდერლანდები - 117 მლნ, რუმინეთი - 114 მლნ, საფრანგეთი - 112 მლნ, პოლონეთი - 106.7 მლნ, ესპანეთი - 93.5 მლნ, ჩეხეთი - 60.9 მლნ, ბელგია - $59.7 მლნ.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის სალდო უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის საქონლის ყიდვა-გაყიდვაში, იმპორტს დიდი წილი უკავია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 4 თვეში ევროკავშირიდან საქონლის იმპორტი მხოლოდ - 2.2%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 370 მილიონი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველომ გაერთიანების ქვეყნებში საქონლის გაყიდვით 262 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 60.3%-ით აღემატება.