ნინო ხარაძე, "თავისუფლება"
2012 წელს რუსულ ბაზარზე ქართული ”ბორჯომის” ექსპორტის განსაახლებლად საერთაშორისო კომპანია „IDS Borjomi International“-ს რიგი ფორმალური საკითხების მოგვარება მოუწევს - ინფორმაცია ამის შესახებ 20 დეკემბერს განათავსა საკუთარ ვებგვერდზე საერთაშორისო კომპანია „IDS Borjomi International“-მა, რომლის შვილობილი კომპანიაა „IDS ბორჯომი საქართველო“, ”ბორჯომის” სავაჭრო ნიშნის მფლობელი, რომელიც ბორჯომის მინერალური წყლის მოპოვებისა და წარმოების ექსკლუზიური უფლებით სარგებლობს. „IDS Borjomi International“ -ის გენერალური დირექტორი ვლადიმირ აშუროვი 14 დეკემბერს რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო ”როსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელს გენედი ონიშჩენკოს შეხვდა. კომპანიის ვებგვერდზე 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე 2012 წელს რუსულ ბაზარზე ”ბორჯომის” ექსპორტის განახლების შესაძლებლობა განიხილეს.
„IDS ბორჯომი საქართველოს“ პრესსამსახური არ აკეთებს კომენტარს იმის შესახებ, თუ რა შეთანხმებას მიაღწიეს 14 დეკემბერს რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს ”როსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ და კომპანია „IDS Borjomi International“-ის გენერალურმა დირექტორმა ვლადიმირ აშუროვმა. რადიო თავისუფლებას იქ უპასუხეს, რომ ინფორმაციას მედიას საკუთარი ინიციატივით მიაწვდიან, როდესაც კონკრეტული ცნობები ექნებათ. მცდელობის მიუხედავად, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა ვერც „IDS Borjomi International“ -ის სათავო ოფისისგან, რომელიც კიევში მდებარეობს. იქ განმარტეს, რომ გაგზავნილ კითხვებზე პასუხს უახლოეს მომავალში მოგვაწვდიან.
მანამდე კი მხოლოდ იმ ოფიციალური ინფორმაციით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომელიც განთავსებულია „IDS Borjomi International“-ის ვებგვერდზე, სადაც ნათქვამია, რომ ” ‘როსპოტრებნადზორი’ მზად არის „IDS Borjomi International“-ის წინადადებები განიხილოს ქართული მინერალური წყლის, ”ბორჯომის”, რუსულ ბაზარზე მიწოდებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება არსებული რუსული და საერთაშორისო კანონმდებლობა. მოლაპარაკებების ამ ეტაპზე კომპანიას რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად რამდენიმე ფორმალური მოთხოვნის დაკმაყოფილება შესთავაზეს... კომპანია მზადაა ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად”.
როგორც სააგენტო „რია ნოვისტისთვის“ მიცემულ კომენტარში ”როსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელი გენადი ონიშჩენკო 14 დეკემბერს ამბობს, ერთადერთი განსაკუთრებული პირობა, რაც მწარმოებლებს წაუყენეს, არის ის, რომ სხვა საკითხებთან ერთად წარმოადგინონ კონკრეტული და ეფექტური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ბაზარზე არ მოხვდება ფალსიფიცირებული პროდუქცია.
2006 წლიდან რუსულ ბაზარზე ქართული „ბორჯომის“ ექსპორტი სწორედ უხარისხობის გამო აიკრძალა, თუმცა ოფიციალურად საქართველოს ხელისუფლება „ბორჯომის“ გარდა რუსულ ბაზარზე სხვა ქართული პროდუქციის აკრძალვას ეკონომიკურ ემბარგოს უწოდებს. მას შემდეგ, რაც რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი დადებითად გადაწყდა და ოფიციალურად რუსეთი 2012 წლის გაზაფხულზე უნდა გახდეს ვმო-ს წევრი, საქართველოს ხელისუფლებაც და ექსპერტებიც ვარაუდობდნენ, რომ ემბარგო ქართულ პროდუქციაზე მოიხსნებოდა და ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე ეტაპობრივად დაბრუნდებოდა. ამის შესახებ ლაპარაკობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია დაახლოებით ერთი თვის წინ:
”რა თქმა უნდა, რუსეთმა რომ ვმო-ს წესების ფარგლებში მოხსნას ემბარგო, ეს არ არის ერთი ან ორი დღის პროცესი, ამას დასჭირდება დრო და შემდეგ ქართულ ღვინოს და სხვა ტიპის პროდუქციას შეეძლება გავიდეს რუსულ ბაზარზე.”
თუმცა ვერა ქობალია აქვე დასძენდა, კომპანიებმა რუსულ ბაზარზე დაბრუნებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ამ ბაზრის არასაიმედოობა, რადგან იქ ქართული პროდუქციის იმპორტი შესაძლოა ნებისმიერ დროს აიკრძალოსო.
იმას, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად კარგი მექანიზმი იქნება, ეთანხმება ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური. მისი სიტყვებით, ვმო საქართველოს საშუალებას მისცემს რუსეთი სამართლებრივ სივრცეში გადაიყვანოს და თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე არ დაბრუნდა, რუსეთს უჩივლოს კიდეც. თუმცა ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება მაინც რუსეთის კეთილ ნებაზეა დამოკიდებულიო, ამბობს ნოდარ ხადური.
”რუსეთი როდესაც გახდება ვმოს წევრი, - და ის გაზაფხულზე გახდება ვმო-ს სრულუფლებიანი წვერი, - საქართველოს გაზაფხულზევე შეეძლება - იმ შემთხვევაში, თუ ამ დროისთვის ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე არ იქნება - შეიტანოს სასამართლოში სარჩელი და სასამართლო განიხილავს. რამდენ ხანში განიხილავს სასამართლო, რა ტიპის გადაწყვეტილება იქნება და დაემოჩილება თუ არა რუსეთი გადაწყვეტილებას, ეს სხვა საკითხია, მაგრამ თუ ეს პროდუქცია ფლობს სერტიფიკატს და სერტიფიცირებულია ევროკავშირის ბაზრებზე შესვლის თვალსაზრისით, მაშინ რუსეთს არანაირი საშუალება არ აქვს თქვას, რომ ”ბორჯომი” ევროპის ბაზრისთვის არის ხარისხიანი და რუსეთისთვის უხარისხო”,- აცხადებს, ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური.
რუსულ სიანფორმაციო სააგენტო ”პრაიმთან” საუბარში კი რუსეთში არსებული ერთ-ერთი სუპერმარკეტების ქსლის ხელმძღვანელი იგორ იადროშნიკოვი ამბობს, ქართული „ბორჯომის“ რუსულ ბაზარზე გამოჩენას 2012 წლის დასაწყისში ველიო. ის ამბობს აგრეთვე, რომ მისი სავაჭრო ქსელი ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც საკუთარ დახლებზე „ბორჯომს“ გამოიტანს და რომ ბორჯომის გასაყიდი ფასი, რამდენადაც მისთვისაა ცნობილი, ადრინდელზე 2-ჯერ მაღალი იქნება.
„IDS ბორჯომი საქართველოს“ ინფორმაციით, 2006 წლამდე კომპანია „IDS ბორჯომს“ წარმოებული პროდუქციის 65 პროცენტი რუსეთში გაჰქონდა. ორ წელზე მეტია, რაც კომპანიის წარმოების მოცულობამ ხუთი წლის წინანდელ მაჩვენებელს გადააჭარბა. ამჟამად ბორჯომი მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში იყიდება, გარდა რუსეთისა.
868
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85