გაზეთ „24 საათის“ მასალები
მეჩაიეობა და მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოს ეკონომიკას დღემდე მძიმე ტვირთად აწევს, რადგან ეს დარგები საბჭოთა პერიოდში ხელოვნურად გაიბერა. ამის შესახებ თავისუფალი უნივერსიტეტის საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე გაზეთ „24 საათისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
„ჩვენში არის ადგილები, სადაც კარგი ჩაი მოდის. ასეა, მაგრამ ცეილონში ჩაის სამი მოსავალი მოდის წელიწადში და ჩვენთან - ერთი. სსრკ-ს ბაზარი დახურული იყო, ამის გამო სხვა ქვეყნიდან ჩაი ცოტა შემოდიოდა და მერე გეგმის შესრულებისთვის მოკრეფილ ქართულ ჩაისთან შერეული იყიდებოდა. ხალხს დღემდე აქვს იმედი, რომ ჩაის კულტურა აღდგება. სახელმწიფომ შეიძლება დააფინანსოს ჩაის ცენტრალიზებულად ამოძირკვა და ეს შეიძლება უკეთესი იყოს, ვიდრე ცრუ მოლოდინის შენარჩუნება,“ - ამბობს ბენდუქიძე.
ის ლაზიკას აგების ინიციატივაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ახალ ქალაქს არამხოლოდ საცხოვრებელი, არამედ ინდუსტრიული, კომერციული ფუნქციაც უნდა ჰქონდეს. ბენდუქიძის თქმით, 100 000 მაცხოვრებლიანი ქალაქი 3-6 მილიარდი დოლარი დაჯდება და ამას 10-20 წელი დასჭირდება.
მისი თქმით, მთავრობამ ფული გზებზე და ინფრასტრუქტურაზე უნდა დახარჯოს, დანარჩენი - კერძო ინვესტიციები უნდა იყოს - დეველოპერებმა სახლები უნდა ააშენონ, ბიზნესმენებმა დიდი, საშუალო და მცირე ბიზნესები უნდა შექმნან. მეორე საკითხად კახა ბენდუქიძე ზღვისკენ წასვლის ტენდენციას ასახელებს.
„გაეროს მონაცემებით, ზღვისპირეთში და ზღვასთან მიბმულ ქალაქებსა და სოფლებში მსოფლიო მოსახლეობის 50 პროცენტი ცხოვრობს. 35 წლის შემდეგ 80 პროცენტი იქნება. იმიტომ, რომ ზღვასთან ცხოვრება ნიშნავს უფრო რბილ კლიმატს, მეტ საერთაშორისო ვაჭრობას, უფრო ადვილად წარმოიშობა სამუშაო ადგილები და ა.შ. ეს პროცესი საქართველოშიც ისეთივე იქნება, როგორც მთელ მსოფლიოშია. დღეს საქართველოს ზღვისპირეთი საკმაოდ დაუსახლებელია, ჯამში 300-400 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მსოფლიო ანალოგია რომ ავიღოთ, საქართველოს ზღვისპირეთში 2 მილიონი ადამიანი უნდა ცხოვრობდეს,“ - აცხადებს ბენდუქიძე.
კითხვაზე მისი კაპიტალის წარმოშობის შესახებ კახა ბენდუქიძე ამბობს, რომ მან კაპიტალი რუსეთში შექმნა, მაგრამ, მაგალითად ივანიშვილისგან განსხვავებით, არ აპირებს, ახლა საქართველო მართოს.
„კარგად მესმის, რომ თუ ადამიანი ბევრი წლის განმავლობაში სხვა ქვეყანაში და მით უფრო, მტრულ ქვეყანაში იყო, მის მიმართ ყოველთვის იქნება კითხვა - რა კავშირები აქვს. კარგად მესმის, რომ ჩემი დამოუკიდებელი პოლიტიკური ელექტორალური კარიერა საქართველოში შეზღუდულია. მე საქართველოს გარეთ 28 წელი ვიყავი, საქართველოს შიგნით - 27 წელი. ასეთი ადამიანის მიმართ კი, არსებობს ხოლმე რაღაც ეჭვი. ამგვარი უნდობლობა შეიძლება, არც მსიამოვნებს, მაგრამ ფაქტი ასეთია და ამაში ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ. მე ხომ ვიცი, რომ რასაც ვაკეთებ, ყველაფერი სასარგებლოა საქართველოსთვის,“ - აცხადებს კახა ბენდუქიძე.
1013
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85