ემა ტუხიაშვილი, "კვირის პალიტრა"
ქართულმა "ფორბსმა" საქართველოში მოღვაწე Forbes-ის მილიარდერების სია გამოაქვეყნა. Forbes-ის რეიტინგებში ოთხი ქართული გვარია: ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ჯაფარიძე, მიხეილ მირილაშვილი და დავით იაკობაშვილი. ივანიშვილი და ჯაფარიძე მსოფლიოს მილიარდერთა სიაშიც შედიან, მირილაშვილი და იაკობაშვილი კი - მხოლოდ რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში. "ფორბსი" აღნიშნავს, რომ ქართველ მილიარდერთა უმეტესობას საქართველოში ბიზნესი არა აქვს, თუმცა, Forbesს-ის მილიარდერთა სიის სხვა წარმომადგენლები ადგილობრივ ბაზარზე არცთუ ისე იშვიათად გვხვდებიან. ზოგს საქართველოსთან წარმატებული ბიზნესი აკავშირებს, ზოგს კი მხოლოდ საზოგადოებრივი საქმიანობა.
საქართველოში "ფორბსის" მილიარდერების სიის დასაწყისში ჯორჯ სოროსია, რომლის ქონებაც 22 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. საქართველოში ის უმეტესად საზოგადოებრივი აქტივობით არის ცნობილი, თუმცა, თითქმის ათეული წლის წინ Soros Investment Capital-მა TBC-bankis-ბანკის 25% შეიძინა და მალევე გაყიდა. "ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო" ჯორჯ სოროსის დაფუძნებულია და ყოველ წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, მედიის, ჯანდაცვისა და აკადემიური პროექტების დაფინანსებისთვის 3 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს.
საქართველოში მოღვაწე Forbes-ის მილიარდერების სიაშია ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი და საიდუმლოებით მოცული მაგნატი მიკელე ფერეროც. მისი ქონება 18 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. 2007 წელს ფერერომ საქართველოში 1600 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა იყიდა და თხილის პლანტაცია გააშენა. პირველ ეტაპზე კომპანია Ferrero-მ საქართველოში 8 მილიონი დოლარი დააბანდა. თხილის პირველ მოსავალს კომპანია 2013 წელს ელოდება. დაგეგმილი აქვს თხილის გადამამუშავებელი ორი ქარხნის მშენებლობაც.
საქართველოში ბიზნესი აქვს უმდიდრეს ინდოელ ქალბატონს, სავიტრი ჯინდალს. მისი ქონება 14,4 მილიარდი დოლარია. მისი კომპანია "ჯინდალ პეტროლეუმი" საქართველოში ხუთ ნავთობსაძიებო ბლოკს ფლობს, რაშიც საერთო ჯამში 17,5 მილიონი დოლარი გადაიხადა. ოთხი წლის განმავლობაში კომპანია საქართველოში 150 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
საქართველოში მოღვაწე Forbes-ის მილიარდერთა შორისაა ბიძინა ივანიშვილიც, რომლის ქონება 5,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. საქართველოში ფულის დაბანდება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო და "ქართუ ჯგუფის" ქოლგის ქვეშ გააერთიანა ბანკი "ქართუ", ამავე დასახელების საქველმოქმედო ფონდი და სადაზღვევო კომპანია, რომელიც მხოლოდ საჩხერის მოსახლეობას ემსახურება. ივანიშვილის სახელს უკავშირდება კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "თოლია", სათხილამურო კომპლექსი "ბაკურიანი-2", სამშენებლო კომპანია "ატუ", "ვაზისა და ხეხილის სანერგე მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი" და ღვინის მწარმოებელი კომპანიები. 2011 წლის ნოემბრის მიწურულს მან 1,3 მილიონ დოლარად შეიძინა კახი კალაძის კუთვნილი "პროგრესბანკის" აქციების 8,67%.
საქართველოში აქვს ბიზნესი კიდევ ერთ "ფორბსელ" მილიარდერს, თურქეთის მოქალაქე მეჰმეთ ემინ ქარამეჰმეთს, რომლის ჯამური ქონება 4 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი ძირითადი ბიზნესსაქმიანობა მობილურ კავშირგაბმულობას უკავშირდება. "ფორბსის" ინფორმაციით, მეჰმეთ ემინ ქარამეჰმეთის ჰოლდინგი Turkcell-I, ფაქტობრივად, ერთპიროვნულად და არაპირდაპირი სქემით ფლობს ქართული მობილური ოპერატორის, "ჯეოსელის" აქციათა 97,5%-ს.
ყაზახეთში მცხოვრები ებრაელი მილიარდერის, ალექსანდრ მაშკევიჩის სახელს უკავშირდება თბილისში აშქენაზი ებრაელების სინაგოგის - "ბეით რახილის" მშენებლობა. მაშკევიჩმა, რომლის ქონებაც 3,7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, 2004 წელს ზესტაფონის "ფეროს", "ჭიათურმანგანუმისა" და ვარციხეჰესის ერთიანი საპრივატიზაციო პაკეტის ყიდვაც სცადა, მაგრამ უშედეგოდ.
კიდევ ერთმა მილიარდერმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე თვის წინ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც საქართველოში 300 მილიონი დოლარის ღირებულების ორი Trump Tower-ი აშენდება. საინტერესოა, რომ ტრამპი ამ მშენებლობაში თავის ფულს არ დებს, მისი კომპანია The Trump Organization-ი ამ მშენებლობების მენეჯმენტს განახორციელებს და პარტნიორ Silk Road Group-ს პროექტისთვის თანხების მოძიებაში დაეხმარება.
უკრაინელი მილიარდერი იგორ კოლომოისკი, რომლის ქონება Forbes-ის რეიტინგით 2,5 მილიარდი დოლარია, საქართველოში "პრივატბანკისა" და სადაზღვევო კომპანია "ტაოს" დამფუძნებელია. უკრაინული წყაროების თანახმად, მისი ჰოლდინგი Privat Group-ი საქართველოში ფეროშენადნობების წარმოებას უკავშირდება. "პრივატბანკმა" 2011-2012 წლებში თბილისის "დინამოს" სპონსორობაც იკისრა, რომლის დაფინანსება, გავრცელებული ინფორმაციით, შვიდნიშნა ციფრით იზომება. კოლომოისკის ბიზნესპარტნიორია საქართველოში კიდევ ერთი მილიარდერი, გენადი ბოგოლუბოვი, რომლის წილად 2,5 მილიარდი დოლარია და ის ქართული "პრივატბანკის" 50%-იანი წილის მფლობელია.
რუმინელი მილიარდერის, დინუ პატრიჩუს სახელს საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია "რომპეტროლი" და "ლიბერთი ბანკი" უკავშირდება. დინუ პატრიჩუ ბათუმში მრავალფუნქციურ კომპლექს "ბათუმის კარიბჭესაც" აშენებს და ამბობენ, რომ ამ პროექტში 200 მილიონი დოლარის დაბანდებას აპირებს.
სააქციო საზოგადოება "ლომისი", ლუდსახარში "ნატახტარი", "ეფეს საქართველო" - ყველა ეს ბიზნესი თურქი მილიარდერის, კამილ იაზიჯის სახელს უკავშირდება, რომლის ქონება "ფორბსმა" 1,8 მილიარდ დოლარად შეაფასა. ყოფილი კალათბურთელი, ახლა კი უმდიდრესი თურქი თუნჯაი ოზილჰანი საქართველოში იაზიჯის პარტნიორია და ლუდსახარშ "ნატახტარში" სოლიდური წილი აქვს. სწორედ მის სპორტულ წარსულს მიაწერენ, რომ ეს კომპანია ხშირად გვევლინება სპორტის ქომაგად და დამფინანსებლად.
საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ოპერირებს კიდევ ერთი "ფორბსელი" მილიარდერის, მოსკოველი სერგეი სარქისოვის კომპანია, რომელმაც ცოტა ხნის წინ 7,3 მილიონ დოლარად ვაკეში, "ლეჩკომბინატის" შენობა შეიძინა.
მილიარდერი ცოლ-ქმარი ტიმურ და დინარა კულიბაევები თანაბრად ფლობენ 1,3-1,3 მილიარდ დოლარს. საქართველოში მათ მიერ დაარსებულ "ჰალიკ ბანკშიც" თანაბარი წილები აქვთ.
1485
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85