ეს უკვე შეფიქრიანების საბაბს იძლევა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის ვადებმა ისევ გადაიწია. ამჯერად მინიმუმ ერთი წლით. ეს პროექტი მუდმივად ვერ ეტევა ხან თანხებში, ხანაც ვადებში.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას ჯერ კიდევ 2007 წელს ჩაეყარა საფუძველი. თავდაპირველიდ იგი 2011 წელს უნდა შესულიყო ექსპლოატაციაში, შემდეგი ვადა 2012 წელი იყო, ახალი თარიღი კი 2013 წელია. გამორიცხული არ არის, ერთი წლის თავზე ახალი ვადა დასახლდეს და ასე შემდეგ.
ასეა თუ ისე რკინიგზის მშენებლობა 2012 წლის ბოლოს ან 2013 წლის დასაწყისში დასრულდება. ყოველ შემთხვევაში, ასეთი პირობა დადეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი მთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.
როგორც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა არტურ რასიზადემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. ამ პროექტის ფინანსური საკითხი ამ დროისთვის უკვე მოგვარებულია, პროექტის განხორციელება კი ბოლო ეტაპზეა.
თუმცა, რკინიგზის მშენებლობის დასრულების შესახებ, პირველ რიგში, კომენტარს თურქული მხარე უნდა აკეთებდეს, რადგან იქ ძალიან რთული ვითარებაა შექმნილი. თურქეთში სამუშაოების მხოლოდ 30-35%-ია შესრულებული. პროექტის დამთავრებისთვის სასწრაფოდ ნახევარი მილიარდი დოლარია საჭირო. თურქული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, მაგისტრალის მშენებლობა, შესაძლოა, შეჩერდეს, რისი მიზეზიც ფინანსური პრობლემაა.
აღსანიშნავია, რომ მაგისტრალის თურქული მონაკვეთის მშენებლობაში უკვე 180 მლნ ევრო ჩაიდო, თუმცა ამ დროისათვის სამუშაოების მხოლოდ 30-35%-ია შესრულებული. პროექტის გასაგრძელებლად კი დამატებითი დაფინანსებაა საჭირო. პროექტის განსახორციელებლად, თურქეთის მთავრობა პროექტში კერძო ინვესტორების ჩართვასაც არ გამორიცხავს. წინასწარი ინფორმაციით, პროექტის დასასრულებლად, დამატებით 1 მლრდ თურქული ლირაა (დაახლოებით 550 მილიონი დოლარია) საჭირო.
თურქები ჩუმად არიან, მაგრამ ქართველი პრემიერი აქტიურობს. ნიკა გილაურის განმარტებით კი, პროექტი დასრულების ეტაპზეა და მაქსიმუმ, 2013 წლის დასაწყისში ან 2012 წლის ბოლოს ივარაუდება.
კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ერთლობლივ ბრიფინგზე საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანს შორის განხორციებულ და განსახორციელებელ სხვა პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღება.
როგორც აზერბაიჯანის პრემიერმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ განხორციელდეს AGRI-ს პროექტი, თუმცა პრემიერმა პროექტის დაწყების თარიღის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ აღნიშნული ბევრი საკითხის გადაწყვეტაზეა დამოკიდებული, მათ შორის, პროექტის ეკონომიკური დასაბუთების ფინანსური და ტექნიკური მხარების შეთანხმებასა და დაანგარიშებაზე.
“რთულია, თარიღი დავასახელო, რაც დამოკიდებულია ფინანსური და სტრუქტურული საკითხების გადაწყვეტაზე. ასეთი დიდი პროექტები განსახორციელებლად წინასწარ დიდი სამუშაობის ჩატარებას საჭიროებს”, - განაცხადა რასიზადემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განმარტებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ექსკლუზიური ურთიერთობა აქვს. ეს ორი ქვეყანა ერთობლივად ქმნის რეგიონულ ცენტრს, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებს.
“ჩვენ ისტორიულად მრავალი მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ. მათ შორის, ბაქო-ჯეიჰანის პროექტი და სამომავლოდ დაგეგმილია სხვა ახლო პროექტების განხორციელება. მათ შორის, შავი ზღვის გავლით აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება ევროპისკენ, ანუ AGRI-ს პროექტი”, - განაცხადა გილაურმა.
“ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქმეებს, რომლებიც ერთდროულად განვავითარეთ, მაგრამ ცხოვრება მოითხოვს, რომ მომავალზეც ვიფიქროთ. შეხვედრაზე სამომავლო პერსპექტივებზეც ვისაუბრეთ და ვიტყოდი, რომ ჩვენი ურთიერთობა სამაგალითოა სხვებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება”, - განაცხადა რასიზადემ.
904
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85