ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა პლანეტის ყველაზე განვითარებულ ფინანსურ ბაზრად ჰონგ კონგი დაასახელა. ასე რომ, ამ ტერიტორიამ რეიტინგში პირველად ჩამოიტოვა აშშ და დიდი ბრიტანეთი.
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში სულ 60 ქვეყანა შევიდა. ჰონგ კონგის გარდა პირველ ათეულში შემდეგი თანმიმდევრობით მოხვდნენ: აშშ, დიდი ბრიტანეთი, სინგაპური, ავსტრალია, კანადა, ნიდერლანდები, იაპონია, შვეიცარია და ნორვეგია. პირველად ისტორიაში მოხდა, რომ რეიტინგის სათავეში არ არის ამერიკა, ან დიდი ბრიტანეთი. როგორც ჩანს, ორგანიზაციის ანალიტიკოსებზე გავლენა ამ ქვეყნებში არსებულმა რეცესიამ და ეკონომიკური არასტაბილურობის საფრთხემ მოახდინა.
რეიტინგი, რომელიც პირველად 2008 წელს შედგა, ითვალისწინებს საბანკო საქმიანობის ეფექტურობას და მოცულობას, აგრეთვე სხვა ფინანსურ მომსახურებას, ბიზნესის წარმოებისათვის არსებულ პირობებს და ფინანსურ სიტუაციას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ თავისი სტატუსის ამაღლებას ჰონგ კონგი უნდა უმადლოდეს არა იმდენად საბანკო სფეროს, არამედ ისეთ მომსახურებებს, როგორებიცაა აქციების წინასწარი განთავსება (IPO) და სადაზღვევო ბიზნესი.
თანაც, რეიტინგში შარშანდელი მეოთხე ადგილიდან პირველზე აღზევებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის ფონზე აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა თავიანთ ფინანსურ სფეროში ერთობ მკაცრი ცვლილებები განახორციელეს. საერთოდ, დასავლეთის ფინანსური ცენტრები ამ დროისათვის არსებული პრობლემების მოგვარებით არიან დაკავებული და, ანალიტიკოსთა აზრით, ჰონგ კონგის აღზევება ერთგვარი გაფრთხილება უნდა იყოს, რომ მათ ხანგრძლივ ლიდერობას შეიძლება კარგა ხნით წერტილი დაესვას.
მოგეხსენებათ, ჰონგ კონგი სახელმწიფოც კი არ არის. იგი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონი გახლავთ. ეს ტერიტორია 1842 წლიდან ბრიტანეთის კოლონია იყო, თუმცა, 1997 წელს ჩინეთმა ჰონგ კონგზე სუვერენიტეტი აღადგინა. ჩინურ-ბრიტანული დეკლარაციის თანახმად, ჩინეთისათვის გადაცემისთანავე ჰონგ კონგს 50 წლით, 2047 წლამდე ავტონომია მიენიჭა. იქამდე ჩინეთი მხოლოდ ჰონგ კონგის უსაფრთხოების და საგარეო პოლოტიკის საკითხებს განაგებს. ყველა სხვა დანარჩენი, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა მთლიანად ადგილობრივი მთავრობის პრეროგატივაა.
ჰონგ კონგის ეკონომიკა მსოფლიოში სიდიდით მეცხრეა, ხოლო შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილებით მეათე. მის ტეროტორიაზე დარეგისტრირებულია უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია, რადგან მათთვის ჰონგ კონგი ძლიერ მიმზიდველია შემორჩენილი ინგლისური კანონმდებლობით, ჩინეთის ბაზრის სიახლოვით და ბიზნესის კეთების სიმარტივით.
ჰონგ კონგი უკვე კარგა ხანია თავს იწონებს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლით და ჯანსაღი საბანკო სისტემით. სახელმწიფო ვალი თითქმის არ არსებობს, სავაჭრო სალდო დადებითია, ხოლო ექსპორტ-იმპორტისა და რეექსპორტის მოცულობა ქვეყნის შიდა პროდუქტის მოცულობას აღემატება. აღსანიშნავია, რომ ჰონგ კონგის საფონდო ბირჟა ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში და ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტ კაპიტალს მოიზიდავს.
ანალიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჰონგ კონგის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე კაპიტალისტურია მთელს მსოფლიოში, რადგან იგი დაფუძნებულია თავისუფალი ბაზრის პრინციპზე, ძალიან დაბალი გადასახადებია და სახელმწიფო ეკონომიკაში თითქმის არ ერევა. რეგიონის შიდა პროდუქტის 90 პროცენტი დაფუძნებულია მომსახურების სფეროზე და ჰონგ კონგი თითქმის მთლიანად დამოკიდებულია იმპორტზე, მაგრამ ეს ხელს არ უშლის აზიური ეკონომიკის ვეფხვის წოდება ამაყად ატაროს.
3272
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85