საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ის თავს უფლებას ვერ მისცემს გაამჟღავნოს, უელსის სამიტზე საქართველოსთვის შემოთავაზებული თანამშრომლობის პაკეტის კონკრეტული ელემენტები, ვიდრე ამას თავად ნატო არ გააკეთებს, - ამის შესახებ ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველოსთვის შემოთავაზებული თანამშრომლობის პაკეტი კიდევ უფრო გააღრმავებს ნატო-საქართველოს ურთიერთობას, მათ შორის თავდაცვის სფეროში.
"ეს პაკეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი თავდაცვის ამაღლების კუთხით. ჩვენ ნატოსთან ძალიან დიდი ხანია გვაქვს კონსულტაციები ამის თაობაზე. გარკვეული ელემენტები ამ პაკეტისა გაცხადდა მაშინვე, როცა იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო მიიღებს თანამშრომლობის ახალ პაკეტს. თუ რა იქნება კონკრეტულად ამ პაკეტის ელემენტები, მე თავს უფლებას ვერ მივცემ გავამჟღავნო მანამ, სანამ ამას არ გააკეთებს თავად ნატო უელსის სამიტზე და ეს ყველაფერი აღბეჭდილი იქნება ნატოს საბოლოო კომუნიკეში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ნატოს წევრი ქვეყნების მიერ სამიტის ბოლოს მიღებულ კომუნიკეში ხაზგასმით იქნება აღნიშნული, რომ საქართველო თანდათან უახლოვდება იმ საბოლოო მიზანს, რომელსაც ნატოს წევრობა წარმოადგენს.
"ჩვენ ნატოს სამიტისგან ველით კონკრეტულ პაკეტს იმ ღონისძიებებისა, რომელიც დაეხმარება საქართველოს, რომ რაც შეიძლება დაუახლოვდეს ნატოს წევრობას. ამავდროულად, ჩვენ ველით, რომ ის საკმაოდ მკაფიო და ძლიერი ენით შეიმუშავებს კომუნიკეს, რომელშიც ხაზგასმით იქნება აღნიშნული, რომ საქართველო უახლოვდება ნატოს წევრობის საბოლოო მიზანს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.