ვანო მერაბიშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაკითხვაზე უარს ამბობს, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე გახდა ცნობილი , სადაც ბრალდებულების ადვოკატებმა განაცხადეს, რომ დაცვის მოწმეთა უმრავლესობა საქმიდან მოიხსნება და აღარ დაიკითხება.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, სასამართლოში დაკითხვაზე უარს ამბობენ სხვა ბრალდებულებიც.
შემდეგი პროცესი 3 სექტემბერს 15:00 საათზე ჩაინიშნა, სადაც დაცვის მხარის სამი მოწმის დაკითხვა მოხდება, მათ შორის ერთი ექსპერტია. ამის შემდეგ სასამართლო დასკვნითი სიტყვების ეტაპზე გადადის.
როგორც ცნობილია, გირგვლიანის საქმეზე სასამართლოს განსახილველი ვადა მიმდინარე წლის დეკემბრამდე აქვს. დღევანდელ პროცესს არც ერთი ბრალდებული არ დასწრებია.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი და გერონტი ალანია, რომელიც ძებნაში იმყოფება. ასევე საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებულია ვალერიან მეტრეველი. გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულია დათა ახალაიაც, თუმცა მისი საქმე საბერძნეთიდან ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტამდე ცალკე წარმოებად გამოიყო. საქმის ერთ-ერთ ბრალდებულს ოლეგ მელნიკოვს კი, როგორც ცნობილია, საპროცესო შეთანხმება უფორმდება და ამ მოტივით გირგვლიანის საქმეს მისი საქმეც გამოეყო.