უელსის სამიტზე ნატო-ს ახალი პაკეტის შეთავაზება კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოს ალიანსთან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში, უელსის სამიტამდე გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლოა, საქართველოში ნატო-ს სამხედრო-საწვრთნელი ცენტრი შეიქმნას. "თავდაცვითი შესაძლებლობებისთვის შევქმნით სპეციალურ მისიას, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს თავდაცვის სამინისტროზე და დაეხმარება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის რეფორმების განხორციელებასა და მოდერნიზებაში", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ალიანსის წვრთნებში მონაწილეობის გააქტიურებით, ალიანსი გააძლიერებს ძალისხმევას საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რომ უკეთ იმუშაონ ნატო-ს შენაერთებთან ერთად. "ასევე განვიხილავთ სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის შექმნას და სამეკავშირეო ოფისის გაფართოებას", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.