უკრაინის თავდაცვის მინისტრი ვალერი გელეტეი მიიჩნევს, რომ რუსეთმა უკრაინაში ჰიბრიდული ომი წააგო. მისივე თქმით, უკრაინა ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს.
“ჩვენმა შეირაღებულმა ძალებმა დამაჯერებლად შეავიწროვეს დაქირავებულები, გაანადგურეს დივერსანტები და სპეცრაზმები. სწორედ ამიტომ კრემლი იძულებული გახდა დონბასის ტერიტორიაზე თავისი რეგულარული ჯარის ფართომასშტაბიანი შეჭრაზე გადასულიყო. დღეს ჩვენ საქმე გვაქვს დივიზიებსა და პოლკებთან, ხვალ ეს შესაძლოა, კორპუსი იყოს”, - განაცხადა გელეტეიმ.
მისივე თქმით, უკრაინის აღმოსავლეთის ტერორისტებისგან გათავისუფლება დასრულებულია.
“ჩვენ დაუყონებლივ უნდა გადავიდეთ თავდაცვაზე რუსეთისგან, რომელიც ცდილობს გამყარებას არა მხოლოდ ადრე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ უკრაინის სხვა ტერიტორიებზე განახორციელოს თავდასხმა”, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, გელეტეი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დაიწყო ომი, რომელიც ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს, ასეთი ომის დანაკარგი კი არა ასეულობით, არამედ ათობით ათასი იქნება.
“არაოფიციალური არხებით რუსულმა მხარე უკვე არაერთხელ დაიმუქრა, რომ წინააღმდეგობის გაწევის გაგრძელების შემთხვევაში, მზად არიან ჩვენ წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენონ. იმისთვის, რომ გავუძლოთ, ყველა არსებული ძალის გაერთიანებაა საჭირო”, - განაცხადა გელეტეიმ.
თავდაცვის მინისტრის თქმით, გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მუჟენკოს თანამდებობიდან გათავისუფლების მოწოდება რუსეთის პროვოკაციაა, რამდენადაც სწორედ მუჟენკო იყო უკრაინის აღმოსავლეთით გამარჯვების არქიტექტორი.
ამასთან, ის მიიჩნევს, რომ დღეს უკრაინამ უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ აგრესორის მოსაგერიებლად მზად არის.
“რუსეთს უკვე ძვირი დაუჯდა უკრაინაში შემოჭრა. ასობით რუსმა ჯარისკაცმა და ოფიცერმა უკვე ნახა სამუდამო განსასვენებლი უკრაინულ მიწაში. დანაკარგის კრიტიკული რაოდენობა აუცილებლად გამოაფხიზლებს რუსეთს, თუმცა ამისთვის პანიკაში არ უნდა ჩავვარდეთ და უნდა ვაჩვენოთ, რომ უკრაინა დანებებას არ აპირებს. ეს ჩვენი სამამულო ომია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ”, - განაცხადა მინისტრმა.