“გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დაგეგმვა მაისის შემდეგ მიმდინარეობს”

“გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დაგეგმვა მაისის შემდეგ მიმდინარეობს”

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ კლიმატის ცვლილების ფორუმზე პრემიერის ვიზიტის გამოსვლის მიზეზებს განმარტავს.

ფანჯიკიძის განცხადებით, მსგავს ღონისძიებებში დელეგაციის ხელმძღვანელი ან მისი წევრი მონაწილეობს, პრეზიდენტი კი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე წამსვლეთლა შორის არ არის.

ფანჯიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საკითხებში მის მრჩეველთან თენგიზ ფხალაძესთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა და ბოლო შეხვედრების მანძილზე ცდილობდა დაერწმუნებინა ის და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომ ნიუ-იორკში 2 დელეგაციის წასვლა უხერხული და ქვეყნის იმიჯისთვის სასარგებლო არ იქნებოდა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის რომელი პირი სად მიემგზავრება, ამის შესახებ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ იღებს. უწყება მთავრობის დავალებებს ასრულებს. მაისის შემდეგ მიმდინარეობს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დაგეგმვა. იგი იქნება საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი და გარდა ამისა, მონაწილეობას მიიღებს ასამბლეის ფარგლებში გამართულ სხვადსხვა ფორუმებსა, კონფერენციებსა თუ სამიტებზე. ეს ღონისძიებები, რომლებიც პარალელურად მიმდინარეობს, სწორედ ისეა გათვალისწინებული, რომ მასში მონაწილეობა დელეგაციის ხელმძღვანელებმა ან წევრებმა უნდა მიიღონ. ჩვენ ძალიან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა თენგიზ ფხალაძესთან. გვქონდა შეხვედრები, წერილობითი ურთიერთობა. ბოლო შეხვედრა პირადად მქონდა ერთი კვირის წინ და მთელი ამ შეხვედრების განმავლობაში, ვცდილობდით მისთვის განგვემარტა ის არგუმენტები, თუ რატომ  მიგვაჩნია, რომ ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ერთდროულად ორი დელეგაციის გამგზავრება არ არის სასარგებლო. ეს დააზარალებს ქვეყნის იმიჯს და ამას გარდა, უხერხულია, რადგანაც მსგავსი რამ არ ხდება. კლიმატის ცვლილების სამიტზე პრეზიდენტს სახელობითი მოწვევა ჰქონდა. ასეთი მოწვევები ხანდახან ისე იგზავნება, რომ ჯერ არ არის ცნობილი, ვინ იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი, თუმცა როგორც წესი, როდესაც დელეგაციის ხელმძღვანელი დგინდება, ყველა ასეთ გვერდით ღონისძიებებს ის ესწრება. როგორც ჩანს, ჩვენი არგუმენტები გაზიარებული არ ყოფილა, რადგანაც ფხალაძემ თქვა, რომ დასტური მათ მიერაა გაგზავნილი“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.