დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო ლიდერთა ფორუმი გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის წინაშე არსებულ საგარეო გამოწვევებზე ისაუბრა, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო: „ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ცდილობს ააშენოს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო. არსებობს ჩვენი მსგავსი კიდევ ერთი ქვეყანა - უკრაინა, სადაც ახლა ომია. ჩვენც, სწორედ მათ მსგავსად, თავისუფალი არჩევანისათვის დავისაჯეთ.", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება ახალ დემოკრატიულ სახელმწიფოთა შორის მდგარ გამოწვევებზეც გაამახვილა:
„რეალურად არსებობს გამოწვევა ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ, რაც გულისხმობს დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას, დემოკრატიული ერის შექმნას, რომელსაც აქვს დასავლური ფასეულობები და დასავლური ორიენტაცია. ეს დაკავშირებულია ბევრ პრობლემასთან, არამხოლოდ იმ პრობლემასთან, როგორიცაა ნოუ-ჰაუს ნაკლებობა, არამედ გეოპოლიტიკურ გარემოსთან, რომელი არის რეგიონში." , - განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პრეზიდენტმა მონაწილეობა ფორუმის სადისკუსიო ნაწილშიც მიიღო და ღონისძიების მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა თემაზე - საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობა.
საერთაშორისო ლიდერთა ფორუმი თბილისში დღეს გაიხსნა და 3 სექტემბერს დასრულდება, ღონისძიება სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ეგიდით იმართება.