სკოლის ექიმს ნარკოდამოკიდებულების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის ფუნქციაც ექნება. როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, განათლების სამინისტრომ სკოლის ექიმის ინსტიტუტის აღდგენის პილოტირების დაწყება გადაწყვიტა, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მიესალმება.
მისივე თქმით, სკოლის ექიმს არამარტო გადაუდებელი დახმარების გაწევის ფუნქცია, არამედ, ნარკოდამოკიდებულების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის, ქრონიკული დაავადების აღმოჩენისა და პროფილაქტიკის ფუნქციაც ექნება.
"ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა სკოლის ექიმის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ის შეიძლება იყოს ოჯახის ექიმი ან პედიატრი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები მარტივია და უამრავ ექიმს ექნება სამუშაოს მიღების საშუალება", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, ეს იქნება პილოტური პროექტი, რომელიც თავდაპირველად 100 სკოლაში განხორციელდება.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილემ თემურ პირველაშვილმა განუცხადა, კონკურსი უკვე მიმდინარეობს და ხვალ თბილისის 32 სკოლაში კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყება. სკოლის ექიმობის კანდიდატები არასამთავრობო ორგანიზაციების, დარგის ექსპერტებისა და განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ კომისიასთან გასაუბრებას გაივლიან.
პირველაშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ 6-7 სექტემბერს სკოლის ექიმების შერჩევის პროცესი დასრულდება.