საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეის სპეციალურ სესიაზე "მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამის შესრულების საკითხებზე" სიტყვით 22 სექტემბერს გამოვა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით 21-30 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
მისივე ინფორმაციით, 23 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად მიწვეულია გაერო-ს ასამბლეის 69-ე სესიისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირველი ლედი მიშელ ობამა მასპინძლობენ. საზეიმო საღამოს გენერალურ ასამბლეაში მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელები და მათი მეუღლეები დაესწრებიან.
ზალკალიანის თქმით, 24 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრება, ასევე სიტყვით გამოვა საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის მიერ ორგანიზებულ მეშვიდე ყოველწლიურ გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმზე, რომელზეც მოხსენების თემა იქნება Invest in Georgia.
პრემიერ-მინისტრი ასევე მიწვეულია ლანჩზე, რომელსაც გაერო-ს გენერალური მდივანი დელეგაციების მეთაურების პატივსაცემად მართავს, ხოლო დღის ბოლოს ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს ინდონეზიის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის ღონისძიების - "ღია მმართველობა პარტნიორობა" მონაწილეებს.
ამასთან, 23 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი კლიმატის ცვლილებების შესახებ გაერო-ს სამიტზეც გამოვა სიტყვით.
ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე ორმხრივი შეხვედრებიც.