სავიზო რეჟიმი არ მკაცრდება, ის საერთაშორისო სტანდარტებთან ნორმალიზაციაში მოდის, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკანიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ როგორც სავიზო, ისე უვიზო მიმოსვლის დროს დარჩენის მაქსიმალური ხანგრძლივობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უმცირდებათ 180 დღემდე, საერთაშორისო პრაქტიკაა.
"მინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ კი არ მკაცრდება სავიზო რეჟიმი, არამედ მოდის ნორმალიზაციაში საერთაშორისო სტანდარტებთან. მნიშვნელოვანია, რომ ბევრ ქვეყანასთან ვინარჩუნებთ უვიზო მიმოსვლას. არის ქვეყნები, რომლებთანაც სავიზო რეჟიმში ვიმუშავებთ, მაგრამ აუცილებელი იყო მოგვეწესრიგებინა მართლაც უწესრიგობები, მაგალითად, საზღვარზე ვიზის აღებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა დავით ზალკანიანმა.
დღეიდან, ძალაში შევიდა ახალი კანონი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ", რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დავალებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა.
კანონის თანახმად, საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა შემცირდა და 360 დღის ნაცვლად, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. ასევე 24 ქვეყანას, მათ შორის, ერაყს, სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაციას, ჩილეს, ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკას და სხვა, გაუუქმდა უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, ხოლო ევროკავშირის, ნატო-ს, შენგენის, დსთ-ს წევრ და სხვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა შენარჩუნდა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს სურვილი აქვს შემოვიდეს საქართველოში და დარჩეს 90-დღეზე მეტი ხნით, საემიგრაციო ვიზა უნდა აიღოს. აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება მათ შორის იმ ქვეყნებზე, რომელთა მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი იმოქმედებს.