წელს გუდაურსა და ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანება შესაძლებელი იქნება

წელს გუდაურსა და ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანება შესაძლებელი იქნება

გუდაურსა და დიდველზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემის პროექტის განხორციელების შესახებ გუდაურის განვითარების სააგენტოსა და კომპანია DEMAKLENKO-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულების თანახმად, კურორტებზე გეოლოგიური, გეოდეზიური და ტოპოგრაფიული სამუშაოები, წყლის ხელოვნური რეზერვუარების დაპროექტება და გუდაურსა და დიდველზე პირველი სასრიალო გზების გათოვლიანება განხორციელდება.

ხელმოწერა იტალიაში, ქალაქ ვიპიტენოში საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ვიცე-პრემიერმა საქართველოს სამთო-სათხილამურო ინდუსტრიის განვითარების საკითხებზე მოლაპარაკება გამართა მსოფლიოში ამ სფეროში მომუშავე ერთ-ერთი უმსხვილესი კონცერნის HTI (High Technology Investments) და მის შემადგენლობაში შემავალი კომპანიების ტოპ-მენეჯმენტთან.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სამთო კურორტების - გუდაურისა და ბაკურიანის (დიდველის) განვითარების შესახებ იტალიური DEMAKLENKO-სა და Leitner-ისა და ფრანგული „Poma“-ს პრეზენტაციები მოისმინა.  

პროექტის განვითარების მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია გუდაურსა და დიდველზე წყლის ხელოვნური რეზერვუარის მშენებლობა და სასრიალო გზების გათოვლიანება. 

აღნიშნული პროექტის განხორციელებით სეზონის გახსნა აღარ იქნება დამოკიდებული ამინდზე, რაც სასრიალო სეზონის, დამსვენებელთა რიცხვის და კურორტის შემოსავლიანობის გაზრდას გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისთვის, სასტუმროებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის.