პოლონეთის პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის აგრესია არის ომი, რომელიც მხოლოდ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებს არ ემუქრება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დონალდ ტუსკმა მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
"დღეს, როდესაც ვუყურებთ უკრაინელთა ტრაგედიას, ომს – ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს სიტყვა, ჩვენი კონტინენტის აღმოსავლეთით, ვაანალიზებთ, რომ 1939 წლის სექტემბერი არ უნდა განმეორდეს", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
მისივე თქმით, ამ კვირაში ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ალიანსის ახალ პოლიტიკას განიხილავენ, მათ შორის უკრაინაში ბოლოდროინდელი მოვლენების კონტექსტში.
დონალდ ტუსკის განცხადებით, ნატო-ს ახალი პოლიტიკის მთავარი ამოცანა, რომელიც ალიანსის წევრებმა უნდა მიიღონ, დასავლური თანამეგობრობის უსაფრთხოება და ეფექტურობა უნდა გახდეს.
"ჯერ კიდევ არის დრო მათ შესაკავებლად, ვისთვისაც ევროპასა და მსოფლიოში ძალადობა, აგრესია და ძალის გამოყენება პოლიტიკური ქმედებების არსენალი ხდება", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
გასულ კვირას დონალდ ტუსკი ევროპული საბჭოს ახალ პრეზიდენტად აირჩიეს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ახალ თანამდებობაზე მუშაობას 1 დეკემბრიდან შეუდგება.