პრეზიდენტი კლიმატის ცვლილების სამიტზე სიტყვით გამოვა

პრეზიდენტი კლიმატის ცვლილების სამიტზე სიტყვით გამოვა

პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, თითქოს გაერო-ს კლიმატის სამიტზე სიტყვით პრემიერ-მინისტრი უნდა გამოვიდეს.

როგორც თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კლიმატის ცვლილების სამიტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკვე გააკეთა კომენტარი და მაშინ ითქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალური დასტური გაუგზავნა გაერო-ს გენერალურ მდივანს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ჩადის გაეროში და მას ექნება კლიმატის ცვლილების სამიტზე სიტყვით გამოსვლა.

"დანარჩენი სხვა თემა, რაც არ ვიცი, კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ამჟამად საქართველოს პრეზიდენტი და მთელი დელეგაცია მობილიზებულია და მუშაობს უელსის სამიტზე. სხვა ჭორებთან დაკავშირებით კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, მაგრამ საგარეომ იცის პოზიცია და არის ოფიციალური მიმართვა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არაფერი არ შეგვიცვლია. ოფიციალური დასტური პრეზიდენტის სახელით და ხელმოწერით გაგზავნილია გაერო-ს გენერალური მდივნის სახელზე", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, პრემიერი მიდის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, სადაც აქვს სიტყვით გამოსვლა, ხოლო პრეზიდენტი მიდის კლიმატური ცვლილებების შესახებ სამიტზე.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კლიმატის ცვლილებების შესახებ გაერო-ს სამიტზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა.

კლიმატის ცვლილებების შესახებ კონფერენცია გაეროს 69-ე ასამბლეის ფარგლებში იმართება, სადაც დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა და, როგორც ზალკანიანმა აღნიშნა, აქედან გამომდინარე, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტზე საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მუშაობს.

დავით ზალკალიანი ასევე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ მას სთხოვა, ორგანიზება გაეკეთებინა პრეზიდენტის ვიზიტისთვის და, პრემიერის გარდა, გაერო-ს ასამბლეას პრეზიდენტიც დასწრებოდა. ზალკალიანის თქმით, გაეროს 69-ე სესიაზე პრეზიდენტის ვიზიტზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საუბარი არ ყოფილა.

"თუ ინტრიგას ეძებთ, მინდა გაგიქარწყლოთ. არანაირი ინტრიგა იმაში, რომ მე და თენგიზ ფხალაძეს ურთიერთობა გვაქვს არ არის, ის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს ხელმძღვანელობს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.