23 სექტემბერს კლიმატის სამიტზე სიტყვით პრემიერ-მინისტრი გამოვა

23 სექტემბერს კლიმატის სამიტზე სიტყვით პრემიერ-მინისტრი გამოვა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, გაერო-ს 69-ე სესიაზე პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

ასე უპასუხა ზალკალიანმა შეკითხვას იმის შესახებ, იყო თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მოთხოვნა, რომ გაერო-ს ასამბლეას პრემიერის გარდა პრეზიდენტიც დაესწროს.

„უკვე დადასტურებულია, რომ 22 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა გაერო-ს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე „მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამის შესრულების საკითხებზე“, ხოლო 23 სექტემბერს კლიმატის სამიტზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კითხვაზე, სთხოვა თუ არა საგარეო უწყებას პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ ასამბლეის ფარგლებში პრეზიდენტის შეხვედრების მოგვარება, ზალკალიანმა განაცხადა, რომ არანაირი ინტრიგა იმაში, რომ მას და თენგიზ ფხალაძეს ურთიერთობა აქვთ, არ არის.

„თუ ინტრიგას ეძებთ, მინდა ეს გაგიქარწყლოთ. არანაირი ინტრიგა, რომ მე და თენგიზ ფხალაძეს ურთიერთობა გვაქვს, არ არის. ის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს ხელმძღვანელობს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს, იგივე ნატო-ს სამიტთან და პრეზიდენტის ყველა სხვა ვიზიტებთან დაკავშირებით. რაც შეეხება გაერო-ს ასამბლეის 69-ე სესიას, მასში მონაწილეობს პრემიერი, აქედან გამომდინარე, 69-ე სესიის მუშაობაში პრეზიდენტის ვიზიტზე არ ვმუშაობთ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.