ოქროპირ რუხაძე, "თავისუფლება"
რუსეთში აქციების ფასი თითქმის ათი პროცენტით დაეცა მას მერე, რაც სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოქვეყნდა. განსაკუთრებით დიდი ზარალი ნახეს ფირმებმა, რომლებიც პრემიერ-მინისტრ პუტინთან არიან დაახლოებული. არადა, როცა ამჟამინდელ პრემიერთან გაქვს კავშირები და ხარ ბიზნესმენი, ჩვეულებრივ, ამას რუსეთში მხოლოდ სიკეთის მოტანა შეუძლია. მაგრამ ახლა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვითარება აღარაა ჩვეულებრივი. სწორედ ამ ფირმებს აქციეს ზურგი აქციონერებმა, რომლებმაც არასტაბილურობა იყნოსეს. მაგალითად, გაზის კომპანია „ნოვატეკმა“ არჩევნების შემდეგ ათი პროცენტი დაკარგა. ეს ფირმა ნაწილობრივ პრემიერ-მინისტრის ახლო მეგობარსა და ერთგულ მოკავშირეს გენადი ტიმჩენკოს ეკუთვნის. საკონსულტაციო ფირმის, „ეფ-ბე-კას“ სტრატეგიული ანალიზის განყოფილების ხელმძღვანელი იგორ ნიკოლაევი გვიხსნის, რომ „ინვესტორებმა უარყოფით ნიშნად აღიქვეს, როცა დაინახეს, რომ ხალხი არ ეგუება ამ მასშტაბის გაყალბებებს არჩევნებზე“.
„ნოვატეკი“ გამონაკლისი არ არის. არჩევნების შემდეგვე დაიწყო ნერვიულობა რუსეთის სააქციო ბაზრებზე. ანალიტიკოსები თვლიან, რომ პუტინის მდგომარეობის დასუსტებამ შეიძლება ვითარება წინასწარ ძნელი განსაჭვრეტი გახადოს. ეს არის, რამაც აანერვიულა ინვესტორები, რომელთათვისაც პრემიერ-მინისტრი ყოველთვის პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი იყო. ინვესტორები შიშობენ, რომ პოლიტიკურ ელიტაშიც შეიძლება დაიწყოს შიდადაპირისპირება და ამიტომაც ცდილობენ, მინიმუმამდე დაიყვანონ დანაკარგი. ამას მოჰყვა ის, რომ სააქციო ინდექსი „MICEX“, რომელიც რუბლზეა დაფუძნებული, ათი პროცენტით დაეცა. „MSCI“-ის დანაკარგი კი 13 პროცენტია, თუმცა ის დოლარს ემყარება. საფინანსო კორპორაცია „ოტკრიტიე კაპიტალის“ სტრატეგიულ საკითხებში ხელმძღვანელი ტომ მანდი ამბობს, რომ ზარალი ნახეს თვით „გაზპრომმა“ და სხვა ფირმებმაც იმის გამო, რომ საფრთხე შეექმნა პუტინის გეგმას მოხდეს ტარიფების ლიბერალიზება. კარგი დრო არ უდგათ არც სანავთობო ფირმებს, როგორიცაა „სურგუტნეფტი“ და „ტრანსნეფტი“, რადგან არ არის ცხადი, პოლიტიკური გაურკვევლობა როგორ იმოქმედებს კორპორაციების მართვაზე. მანდი ამბობს, რომ ასე გაგრძელდება ერთი-ორი კვირა. ის არ მოელის ამ ვითარებაში რუსეთში კაპიტალის შესვლას - მისი აზრით, ახლა არ არის ისეთი გარემო, რომელიც სამომავლოდ ფულის დაბანდებისთვის უბიძგებს ინვესტორებს. ექსპერტ იგორ ნიკოლაევის დაკვირვებით, ინვესტორები არ მოელიან, რომ საპროტესტო მოძრაობა რეჟიმს დაამხობს - მათი ნდობა მთავრობის პასუხზეა დამოკიდებული:
„თუ ინვესტორები დაინახავენ, რომ მღელვარება წყნარდება და მთავრობის ტაქტიკა ამართლებს, როცა ის საზოგადოებას სხვადასხვა პროექტს სთავაზობს - დამოუკიდებელი კანდიდატების დასახელებას, მემარჯვენე-ლიბერალური პარტიის პროექტის ამოქმედებას, თვით მთავრობის მიერ შექმნილ კომიტეტს „პატიოსანი არჩევნებისთვის“ - და გამოსვლები, ამგვარად, სუსტდება ან ხალხი დაიღალა, აქციების სწრაფი დაცემა შეჩერდება.“
რუსეთის ოპოზიცია მოითხოვს გაუქმდეს სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შედეგები. მთავრობა ამას არ ეთანხმება, თუმცა სიმბოლურ დათმობებზე მართლაც მიდის. ოპოზიცია გამოსვლებს გეგმავს 24 დეკემბერისთვის, როცა უნდა გამოჩნდეს, რა მუხტი აქვს საპროტესტო მოძრაობას. მანდი ფიქრობს, რომ ამ დაძაბულ ვითარებაში პუტინმა, რომელიც, კანონის თანახმად, საპრეზიდენტო კანდიდატად გატარებისთანავე პრემიერის პოსტიდან უნდა გადადგეს, შეიძლება მოულოდნელი რამ ჩაიდინოს:
„არის შესაძლებლობა, რომ პუტინმა ამ არასტაბილურ ვითარებაში გადაწყვიტოს არ გაუშვას ხელიდან მართვის სადავეები და მარტის კენჭისყრამდე ხელისუფლებაში დარჩეს. ეშმაკური ხერხია: მედვედევი გადადგება პრეზიდენტობიდან და პუტინი დაიკავებს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას. და მოწმე ვიქნებით ძალიან დახვეწილი, ნაზი გარდამავალი პერიოდისა საპრეზიდენტო არჩევნებამდე.“
ოთხშაბათს მანდიმ ვლადიმირ ტიხომიროვთან ერთად გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ამ მოსაზრებას შეიცავს. პუბლიკაციას მოჰყვა პუტინის წარმომადგენლის, დმიტრი პესკოვის სწრაფი რეაგირება - ასეთი შესაძლებლობის უარყოფა და მინიშნება ამ კვლევაზე, რომ ყველა საფინანსო ექსპერტმა ვერ შეინარჩუნა გონებრივი სიფხიზლე, რომ პუტინი გააგრძელებს მუშაობას თავის პოსტზე და თუკი საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული აქციები მოეწყობა, ის შვებულებას აიღებს, მაგრამ, მთლიანობაში, პესკოვის თანახმად, პუტინი არ აპირებს შვებულებაში გასვლას და აგრძელებს პრემიერის მოვალეობის შესრულებას.
804
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85