„ძალა ხალხშია“… სადაა ტვინი?

„ძალა ხალხშია“… სადაა ტვინი?

წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე დასასწრებად ხალხმა მისვლა გამოცხადებულზე ერთი საათით ადრე დაიწყო. 13:30–წუთზე ფილარმონია შეიძლება ითქვას, უკვე ალყაში იყო მოქცეული და მეგონა ვერასოდეს მოვახერხებდი შიგ შესვლას. ხალხის ნაწილს საშვი ჰქონდა, მაგრამ ბევრი ალალბედზეც იყო მოსული – იქნებ, როგორმე შევძვრეო. კარებში მდგარი „კონტროლიორები“ უკვე ვეღარც ახერხებდნენ საშვების შემოწმებას და ბოლოს ხელი ჩაიქნიეს – რაც გინდათ გიქნიათო. 

როგორც იქნა დარბაზში შევაღწიეთ. პირთამდე იყო სავსე, იარუსებიდან კი მხოლოდ სამთავრობო ლოჟა იყო მიტოვებული ეულად. პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების ძებნდა დავიწყე თვალებით, მაგრამ ამაოდ. ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლების და მწვანეთა პარტიის ლიდერის, გია გაჩეჩილაძისა და გია შერვაშიძის გარდა, დარბაზში, ნაცნობი სხვა მოქმედი პოლიტიკოსი ვერ დავლანდე. რა თქმა უნდა, ეკა ბესელია არ მყავს მხედველობაში, იქ იყო.

სამაგიეროდ, ზვიადისტური ფრთის ერთი ნაწილი შევნიშნე – ყოფილი პრეფექტები და გამგებლები, ერთი ადგილას იყვნენ შექუჩებულნი. რამდენიმე კაცი თემურ ჟორჟოლიანის პარტიიდანაც შევამჩნიე. იყვნენ როგორც წინა, ისე ახალი თაობის რეჟისორები და მსახიობები, ზოგი საზოგადოებრივი ორგანიზაციდან, ზოგიც ისე, ყოველგვარი სტატუსის გარეშე რომ უპირისპირდება ამ ხელისუფლებას. იქვე ერთ რიგში იყვნენ ქართველი ექსპერტები, რომელთაგანაც კრებას ბოლომდე მხოლოდ სოსო ცისკარიშვილი და რამაზ კლიმიაშვილი შემორჩა.

სცენა ორივე მხარეს 10 მცნებით იყო განათებული, შუაში კი, სპეციალურად ჩამოშვებულ ეკრანზე – ფესვებამოგლეჯილი ხე– წარმომადგენლობითი კრების ემბლემა. კრება 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო, გოგი ქავთარაძემ მისალმებით გახსნა. პირთამდე სავსე დარბაზს თვალი კიდევ ერთხელ გადაავლო და აღფრთოვანება ვერ დამალა: „ეს ჩვენი გამარჯვების პირველი ნიშანია“. შემდეგ მოაყოლა ის, რაც უკვე დიდი ხანია ვიცით და დასძინა: „არ ვაპირებთ უმოქმედო მოწმეებად ყოფნას, ჩვენ საქართველო გვტკივა, დღეს ყველა რეგიონიდან, ყველა რაიონიდან თითო კაცი მაინც არის ჩამოსული, უნდა გავერთიანდეთ, ის, რომ არჩევნებით გავიმარჯვებთ ფუჭი იმედებია“.

შემდეგ სცენაზე ნონა გაფრინდაშვილი ავიდა. „ამ ქალის გულწრფელობაში ეჭვს როგორ შევიტან, მაგრამ არ ვიცი რა გამოვა ამ საქმიდან, გული დამწყდება, თუ პოლიტიკოსები მასაც გამოიყენებენ“, – მე მგონი მე გადმომიჩურჩულა ჩემმა მეზობელმა, ყოველ შემთხვევისთვის, მე ასე მომეჩვენა.

ნონას სიტყვა, როგორც ყოველთვის, გულწრფელი იყო: „აქ შევიკრიბეთ ყველა ის ხალხი, ვინც ვერ ეგუება არსებულ რეალობას. თუ ოპოზიციის მოთხოვნა აქამდე სააკაშვილის გადაყენება იყო, რა შეიცვლაა, რატომ მოიხსნა ეს საკითხი დღის წესრიგიდან? ჩვენი კარი ყველასთვის ბოლომდე ღია იქნება, თუ ჩვენს პოზიციას გაიზიარებენ. მოსახლეობას აქვს პროტესტი, მან უნდა მოახდინოს ძალის მართვა, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია დავამკვიდროთ. ხალხს აქვს ნება, რომ ეს რეჟიმი მოაცილოს ამ ქვეყანას და ხალხს აქვს ამის ძალა, რომ ეს მოხდეს. ამისთვის კი აუცილებელია კრება შედგეს. კრება კი შედგება“.

დარბაზში ტაშმა იხუvლა, მაგრამ აღტყინებული ხალხი ისევ გოგი ქავთარაძემ დააშოშმინა. მეუფე იობის წერილი გაშალა და წაიკითხა. ჯერ ლოცვა იყო სრულიად საქართველოსთვის და ბოლოს: „სდექთ მტკიცეთ!“

შემდეგ სცენაზე „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი ავიდა, მისთვის ჩვეული პათოსით მიმოიხილა ქვეყანაში არსებული რეალობა და ისურვა: „ისეთი მომავალი გვინდა, რომელშიც ვერავინ შეგვეცილება“, – დარბაზი ისევ გადაირია. მაგრამ მთავარი წინ იყო...

სცენაზე ჩამოშვებულ ეკრანზე მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდა, რომელიც გვაუწყებდა, რომ ქართული შენაერთები აკონტროლებდნენ ცხინვალის რეგიონს.

„врешь сука“, – ეს ლელიკო ჯაფარიძე იყო. შემდეგ, კადრები – დაბომბილი ცხინვალი, დაჭრილი და სისხლში მოთხვრილი მოხუცები, ჩვენი პირტიტველა ბიჭების დამწვარი გვამები. „ამის პატიება არ შეიძლება, ხალხოოო!“, – ისევ ლელიკო ჯაფარიძის ხმა. კადრები კადრებს ენაცვლებოდა, შემზარავი სანახავი იყო ეს ყველაფერი. კარგი, რეჟისორული ფანდი იყო, შუა კრებაზე ამ კადრების ჩვენება, მუხტი გაზარდეს. კადრების შემყურე მე და ჩემმმა კოლეგამ, ნინო მიქიაშვილმა ცრემლები ვერ შევიკავეთ. რამდენიმე რიგის უკან კი ჩოჩქოლი ატყდა – ქალბატონი გახდა ცუდად. ვერ ასულიერებდნენ, ბოლოს, მგონი დარბაზიდანაც გაიყვანეს.

ფილმის ჩვენება შეწყვიტეს, გოგი ქავთარაძემ სცენაზე მორიგი სტუმარი მიიწვია, მაგრამ დახასიათება ისე დაიწყო, ვიღაცამ ჩაილაპარაკა, მგონი მერაბ კოსტავა გაცოცხლდაო. არადა, სცენაზე ირაკლი ბათიაშვილი ავიდა. რჩევა მოგვცა, ჯერ ფილმის ყურება დავასრულოთ და მერე გეტყვით სათქმელსო. დარბაზი დაითანხმა, გაგრძელდა... მიშა ბათუმში კოორდინატორი ქალების შეკრებაზე იყო: „რა მოხდა, რამდენიმე სოფელი დავკარგეთ...“

შემდეგ – ისევ კადრები. ალბათ, გახსოვთ „მაესტროს“ ეთერიდან, დაკარგული ქართული სოფლების ჩამონათვალი, მიშასთვის რომ რამდენიმეა, ხოლო საქართველოსთვის – ძალიან ბევრი.

შემდეგ პატრიარქის ცხინვალში ვიზიტი, ჩვენი დახოცილი ბიჭების ცხედრების გადმოსასვენებლად რომ იყო ჩასული. ათასჯერ ნანახი კადრები მაინც შემაძრწუნებლად მოქმედებდა თითოეულ იქ მყოფზე. კადრები შეწყდა და ბათიაშვილმა გაიხსენა, 2008 წლის 14 აგვისტო, როცა ჯერ კიდევ მინდორში ეყარა ჩვენი დახოცილი თანამემამულეების გვამები, რომელთა გადმოსასვენებლად ხელისუფლება ინიციატივასაც რომ არ იჩენდა. 

„ჩვენს ხალხს აწუხებს შიმშილი, სიღატაკე, მათი უფლებების ფეხქვეშ გათელვა, პოლიტპატიმრები, მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი საქართველოს დაშლაა. ჩვენ პრეზიდენტად გვყავს გაუწონასწორებელი ადამიანი, რომლის ხელში არა თუ საქართველოს გამთლიანება, არამედ, ქვეყნის დაშლა შესაძლოა კიდევ უფრო გაღრმავდეს. დროზე უნდა გავთავისუფლდეთ ამ ჭირისგან“.

ბათიაშვილის შემდეგ სცენას აჭარიდან ჩამოსულმა მწერალმა, ვახტანგ ახვლედიანმა მიაშურა. პათოსი, ალბათ გასაგებია. მანაც ისაუბრა იმაზე, რაზეც მის წინა და შემდეგ გამომსვლელებმა. ერთი დამამახსოვრდა განსაკუთრებით: „აჭარაში ვარდს აღარავინ რგავს და ბავშვებს ვარდოს და გულვარდს აღარავინ არქმევს“. 

ვარდის არდარგვა კიდევ ჰო, მაგრამ ნეტავ, ვარდოს და გულვარდს სადმე, ვინმე თუ კიდევ არქმევდა დღეს ახალშობილს ვერ ვიფიქრებდი. 

შემდეგ სცენაზე ელიზბარ ჯაველიძე ავიდა: „სააკაშვილს დავალებული აქვს ქართველი ერის განადგურება“. რატომ უყვარს ამ ხალხს შეთქმულებების თეორიებზე საუბარი?! თქვი, რომ სააკაშვილმა აღარ იცის როგორ მართოს ქვეყანა და უფსკრულში მიაქანებს. ამ შეთქმულებების თეორიებით თუ აპირებს ეს კრება მოძრაობის დაწყებას, თავადაც თეორიად დარჩება.

სცენაზე ისევ ახალი კადრები გამოჩნდა – დევნილებზე, ხელში პლაკატებით – „ნუ დევნით დევნილებს“. ყველაზე შთამბეჭდავი იყო კლიპის ჩვენება „გამარჯობა აფხაზეთო შენი.“ ვახტანგ კიკაბიძის ჩვენებას დარბაზში ყიჟინა მოჰყვა, ნინა წკრიალაშვილის და ლელა წურწუმიას გამოჩენას – სტვენა და ყვირილი. არც მერაბ სეფაშვილს დააკლეს. „შოუბიზნესის ბატებო“, – ისევ ვერ მოითმინა ლელიკო ჯაფარიძემ. 

ისევ გამომსვლელები… დავარცხნილი, მაგრამ მწვავე ფრაზებით. რეზო ესაძემ დაიმსახურა ოვაციები, დაწერილი სიტყვა გვერდზე გადადო, გულით თქვა და შემდეგ დაწერილი სიტყვა სცენაზევე დახია – „ეს არ არის საჭირო“–ო. იყო სტუდენტი გოგონაც, რატომღაც მენტორული ტონით, „ეტყობა სარკის წინ ბევრი ივარჯიშა, ტექსტს გამოთქმით კითხულობს“, – გადმომილაპარაკეს გვერდიდან.

ამასობაში შალვა ნათელაშვილის წერილმაც მოაღწია ფილარმონიამდე. მთავარი „ლეიბორისტი“ იტყობინებოდა, რომ კრების იდეას უერთდებოდა, რატომ არ მობრძანდა, ამაზე წერილში არაფერი იყო ნათქვამი. 

გვერდიდან ერთ ცნობილ და პატივსაცემ ადამიანს, ვკითხე: რატომღაც მეჩვენება, რომ თავის დროზე, „დაიცავი საქართველოს“ პირველი ღონისძიება და დღევანდელი შეკრება რეჟისურით ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ იმ ხალხს აქ ვერ ვხედავ და რა ხდება–მეთქი? 

„მართალი ხარ, ერთი რეჟისურაა და რეჟისორებიც აქ არიან, მაგრამ დანარჩენები, აბა რა გითხრა? ვერც იმათ გაიგეს აქ რა უნდა მომხდარიყო და მეც, აგერ, ამდენი ხანია ველოდები, რომ რაღაც კონსტრუქციულს იტყვიან, მაგრამ ხომ ხედავ, ეს ყველაფერი ლირიკაა. ასე საქმე არ გამოვა.“, – დააკმაყოფილა ჩემი ცნობისმოყვარეობა იმ პატივსაცემმა ადამიანმა.

მოკლედ, სანამ საქმე კონსტრუქციულობამდე მივიდოდა, კიდევ იყო მრავალი ლირიკა, ზოგი საინტერესო, ზოგიც უინტერესო. ლუკა კურტანიძემაც მოახერხა მუხტის აწევა. მინდია უგრეხელიძის სიტყვას კი ეკა ბესელიამ საპროგრამო გამოსვლა უწოდა. არც ტყუოდა, მაგრამ მე და ალბათ, ბევრი იქ მყოფი მაინც ვფიქრობდით, რომ შეკრება 25–ე ყრილობას არ უნდა დამსგავსებოდა. 

მოკლედ, ყველა გამომსვლელის ტექსტი რომ მოვყვე, ამას საიტის პროგრამაც ვერ გაუძლებს, ამიტომ პირდაპირ მთავარზე გადავალ. 

კრების ბოლო წუთებში, როგორც იქნა, დადგა ნანატრი დრო და გია ბურჯანაძემ კრების არსი გაგვანდო. ამ 5 წუთისთვის ვიცდიდით იქ ორსაათნახევრის განმავლობაში ჟურნალისტები. დეტალურად არც ამაზე ვისაუბრებ, მოკლედ ვიტყვი: უკვე დაიწყო კრების წევრთა დარეგისტრირება სპეციალურ საიტზე, რამაც უნდა დაარწმუნოს კრების ორგანიზატორები, რომ ხალხის ნებაა ქვეყანაში შეიცვალოს სააკაშვილის რეჟიმი. 

„საერთო–სახალხო წინააღმდეგობის გზით ვიწყებთ სააკაშვილის ავტოკრატიული სისტემის დემონტაჟისთვის ბრძოლას, რომელსაც აუცილებლად გამარჯვებით დავასრულებთ. ეს ბრძოლა საბოლოო და გადამწყვეტია! სადაც ერთობაა იქ გამარჯვებაა, ძალა ხალხშია!“– ეს კრების ორგანიზატორების განცხადება ბუკლეტებშიც რომ აქვთ ჩაბეჭდილი. 

14 ოქტომბერს, კიდევ ერთი შეკრება აჭარაში გაიმართება, ხოლო 25 ნოემბერს თბილისში უკვე გრანდიოზული შეკრება უნდა გაიმართოს, რომელმაც საკუთარი ლეგიტიმაცია უნდა გამოაცხადოს და სააკაშვილის ხელისუფლება უკანონოდ სცნოს. ამის შემდეგ უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები.

დარბაზში მყოფები, რა თქმა უნდა, ამას დაეთანხმნენ, მაგრამ ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის ბევრი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი, რასაც უახლოეს მომავალში აუცილებლად მივუბრუნდები. გავიგე, რომ შეცვლა გვინდა, ისიც ვიცი, რომ ქვეყანა პიარით იმართება და ვიცი, რომ უამრავი საფრთხის წინაშე ვდგავართ. 

მაინტერესებს, თუ დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი არ შეუერთდა სახალხო კრების იდეას, მაშინ რა იქნება? ვთქვათ, დაინიშნა ვადამდელი არჩევნები, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, რომელი პარტიაა მზად, რომ არჩევნებში დამაჯერებელი შედეგი დადოს? თუ სააკაშვილი მაინც არ წავიდა მივიღებთ თუ არა ქვეყანაში ორხელისუფლებიანობას? თუ სააკაშვილი ამას არ დაუშვებს, მაშინ რა მოხდება – რევოლუცია? მერე ვინ მოვა, ისევ რევოლუციური მთავრობა და ისევ წრეზე უნდა ვიაროთ? მჯერა, რომ ძალა ხალხშია, მაგრამ სად არის ტვინი, რომელიც ყველა ზემოთჩამოთვლილ პრობლემას გადაჭრის? პირველ რიგში, ეს მაინტერესებს მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და ალბათ, სხვა ბევრსაც. ამის მოსმენას ველოდი კრებაზე, რადგან გვპირდებოდნენ, მაგრამ ამაოდ.