საქართველოდან ირანში 1000 ცხვრის ექსპორტი განხორციელდა. ქართული პროდუქციაზე მოთხოვნა აშკარად იზრდება. უცხოელი ბიზნესმენების დაინტერესება ქართული ცხვრის ხორცის გამორჩეულმა გემომ, სიიაფემ და ტრანსპორტირების დაბალმა ღირებულებამ განაპირობა.
როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს“ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განუცხადა, ირანში ქართულ ცხვარზე მოთხოვნა იზრდება და ირანის მიმართულებით 1000 ერთეული ცხვარი უკვე გაიგზავნა.
„მნიშვნელოვანია, რომ ქართული პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება. წლის ბოლომდე აზიურ ბაზარზე 350 ათასი ცხვრის ექსპორტი გვაქვს დაგეგმილი, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის დადებითი ფაქტორია. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ახალი საექსპორტო პროდუქცია გამოჩნდა, რაც ახალ ბაზრებზე გასვლის წინაპირობაა“, – აცხადებს ბაკურ კვეზერელი.
მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოდან 10 ათასი ცხვარი უკვე ექსპორტირებულია.
სტატისტიკური ინფორმაცით, 2009 წელს საქართველოდან 17 მლნ. 343 ათას 198 დოლარის ღირებულების 267 ათას 144 ცხვრის ექსპორტი განხორციელდა. თითო საშუალოდ 54 დოლარად. 2009 წელს ქართული ცხვრის ექსპორტი სომხეთში, ირანში, იორდანიაში, ომანში, ყატარში, ეგვიპტეში, საუდის არაბეთში, ლიბანში და აზერბაიჯანში განხორციელდა.
გაზრდილი მოთხოვნის გამო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასულ წელთან შედარებით წელს ცხვრის ექსპორტის 10-პროცენტიან მატებას ვარაუდობს. მარტო ყატარში წელს 70 ათასი ცხვრის გაყვანას აპირებენ. არაბი ბიზნესმენების დაინტერესება ქართული ცხვრის ხორცის გამორჩეულმა გემომ, სიიაფემ და ტრანსპორტირების დაბალმა ღირებულებამ განაპირობა. გაზრდილი მოთხოვნის გამო ადგილობრივ ბაზარზე ცხვრის ფასი 60-დან 130 ლარამდე გაიზარდა.
ქართული ცხვრის სულადობის თაობაზე ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. სხვადასხვა გათვლებით, ამჟამად ქვეყანაში 700 ათასიდან 1 მილიონამდე სული ცხვარი და თხა უნდა იყოს. საქართველოში არსებული ცხვრის 80-85 პროცენტი თუშურ ცხვარზე მოდის. თუშური ცხვარი უძველესი ქართული ჯიშია.
ის ხალხური სელექციით მე-13, მე-14 საუკუნეებშია ჩამოყალიბებული. თუშური ცხვარი უხეშმატყლიანია და საუკეთესო გემოს ხორცით გამოირჩევა. მისი მარტყლი ძვირფასი ნედლეულია ხალიჩებისა და სხვა სახეობათა მოთელილი ნაწარმის (ნაბადი, ქუდები და სხვა) დასამზადებლად. მოზრდილი ცხვრის წონა 70-75, ნერბების კი 40-45 კგ-ია. მატყლის ნაპარსი, შესაბამისად, 3,5-4 და 2,5-3 კგ-ს შეადგენს. თუშური ცხვარი მაღალი ნაყოფიერებითა და მერძეულობით ხასიათდება.
როგორც ამბობენ, ეს ის შემთხვევაა, როცა ბაზარმა პროდუქტი თვითონ მოძებნა და ქართულმა ცხვარმაც არაბული ქვეყნების ბაზარზე ავსტრალიური, უკრაინული და ბრაზილიური ცხვრის ექსპორტი წარმატებით ჩაანაცვლა. ქართული ცხვრის მთავარი უპირატესობა (გემოსთან ერთად) სიიაფე და საქართველოდან არაბულ ქვეყნებში ტრანსპორტირების დაბალი ღირებულებაა. არაბი ბიზნესმენები აქ ცხვარს დაახლოებით 50 დოლარად ყიდულობენ, საკუთარ ქვეყნებში კი 300 დოლარად ყიდიან. ფოთის პორტიდან არაბულ ქვეყნებში ცხვრის საზღვაო ტრანსპორტით გადაყვანას 3-4 დღე და სულზე დაახლოებით 15-25 დოლარი სჭირდება.
„აგრო-განვითარების ჯგუფის“ მთავარი ვეტკონსულტანტი მიხეილ ჭიჭაყუა არაბი და ირანელი ბიზნესმენების მზარდ ინტერესს ასე ხსნის: „დიდი ინტერესი შესაძლოა, იმ საგემოვნო თვისებებით იყოს განპირობებული, რომელიც ქართული ცხვრის ხორცს გააჩნია. გარდა ამისა, ქართულ ცხვარს ახასიათებს მაღალი შემგუებლობის უნარი და სტრესებისადმი მდგრადია. მთავარი მაინც ალბათ, დაბალი ფასია. ნაკლები ფაქტორი არც სატრანსპორტო გზის სიახლოვე უნდა იყოს“.
როგორც ირკვევა, არაბი ბიზნესმენები მხოლოდ მსხვილი გარიგებებით ინტერესდებიან და ძირითადად მამალ ცხვრებსა და თოხლებს ყიდულობენ. მიხეილ ჭიჭაყუა ამბობს, რომ ამ დარგში ექსპორტის განვითარებას ბევრი დადებითი მხარე აქვს: „რაც მთავარია, იზრდება ინტერესი ცხვრის კვლავწარმოებისა და გამრავლებისადმი. ვფიქრობ, რომ ამ პროცესში აუცილებელია მეცნიერებისა და ზოოტექნიკოს-სელექციონერების ჩართვა. საქართველოდან ადგილობრივი ცხვრის ჯიშების გაყვანა მათი რეკომენდაციებით უნდა ხდებოდეს“.
ექსპერტთა განცხადებით, ნედლეულის გადამამუშავებელი წარმოების განვითარების შემთხვევაში ცხვარი, შესაძლოა უფრო ფასეულ პროდუქტადაც იქცეს და ფერმერმაც, სახელმწიფო ბიუჯეტმაც და ნედლეულის გადამამაუშავებელ საწარმოებში დასაქმებულმა ადამიანებმაც უფრო მეტი მოიგონ.
„გადამამუშავებელი წარმოების განვითარებას სერიოზული სარგებლობის მოტანა შეუძლია. თუშური ცხვრის მატყლზე, როგორც სახალიჩე დანიშნულების ნედლეულზე, ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო. 1 ცხვარზე საშუალო წლიური ნაპარსი 2,3-2,5 კგ-ია. ესე იგი, ამჟამად საქართველოში შეიძლება 1-1,2 ათასი ტონა მატყლი გადამუშავდეს. გარდა ამისა, ცხვარს წველიან და მისგან დამზადებული ყველი საუკეთესო გემოთი გამოირჩევა. რაც მთავარია, რაც უფრო ინტენსიურად მუშაობს გადამამუშავებელი წარმოება, მით უფრო ექცევა ყურადღება ცხვრის ჯიშობრივი და ხარისხობრივი თვისებების გაუმჯობესებას – ვითარდება სელექციური მუშაობა და ზოგადად დარგიც ვითარდება“, – ამბობს მიხეილ ჭიჭაყუა.
ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრანსპორტირებისას ცხოველთა სიკვდილიანობა ადრე თუ გვიან არაბ ბიზნესმენებს საქართველოში ცხვრის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოების გახსნაზე დააფიქრებს. თუმცა, როგორც ირკვევა, ცხვრის ბიზნესით დაკავებული არაბი ბიზნესმენები საქართველოში არც ცხვრის მოშენებას აპირებენ, არც საძოვრების ყიდვას და მითუმეტეს, არც ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმოების გახსნას. მათთვის გაცილებით უფრო მომგებიანია, ცხვარი მეცხვარისგან იყიდონ და ფოთის პორტამდე ჩაყვანილი საქონელი ექსპორტზე შემდეგ არაბულ ქვეყნებში გაიტანონ. მითუმეტეს, რომ ექსპორტი არ იბეგრება და კომპანიასაც მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის გადახდა უწევს.
მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი ყურადღებას კიდევ ერთ ფაქტორზე ამახვილებს: „არაბულ ქვეყნებში ცხვარი ძირითადად რელიგიურ დღესასწაულებზე იკვლება. რიტუალის თანახმად, ცხვარი ადგილზე უნდა დაიკლას. ამიტომ, არაბებს ურჩევიათ საქართველოდან ცოცხალი ცხვარი გაიყვანონ და იქ დაკლან. მითუმეტეს, რომ ფოთის პორტიდან ტრანსპორტირება არც ისე ძვირია“. მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ წელს საქართველოდან საექსპორტოდ დაახლოებით 300 ათას ცხვარს გაიყვანენ.
ექსპერტთა შეფასებით, საქართველოში ცხვრის მოშენების მაქსიმალური პოტენციალი ზამთრის სეზონზე დაახლოებით 1,5-2 მლნ-მდე სულია (ზაფხულში ორჯერ მეტი ცხვრის ყოლაც შეიძლება). როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, მუშავდება წარმოების ახალი სტრატეგია, რაც სანაშენე წარმოების განვითარებას, მიუვალ საძოვრებზე გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობას და ახალი, ალპური საძოვრების ათვისების შესაძლებლობას გულისხმობს.
ფაქტია, რომ არაბების შემდეგ ქართული ცხვრით ირანიც აქტიურად დაინტერესდა. 5 ათასი ქართული ცხვრის შესყიდვაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ამ ეტაპზე ქართველი ფერმერები მორიგ სპეციალურ ჩარტერულ ავიარეისს ელოდებიან, ხოლო ქვეყნიდან ერთი სული ცხვრის გაყვანა 40 დოლარი ჯდება.
მოთხოვნის ზრდასთან ერთად წელს ქართული ცხვრის საშუალო ფასიც გაორმაგდა და 100-110 ლარს შეადგენს. ფერმერები ამბობენ, რომ მიმდინარე წელს ექსპორტზე 300 ათასზე მეტ ქართულ ცხვარს გაიყვანენ.