წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოეწერში ჩასახლებული დევნილების უმეტესობამ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული საცხოვრებელი ფართები დატოვა. უპერსპექტივობამ ისინი უკან, დედაქალაქში დააბრუნა. დევნილები აცხადებენ, რომ ურჩევნიათ იცხოვრონ იქ, სადაც ინტეგრაციის შესაძლებლობა მეტია და საკუთარი შრომის ფასად ლუკმა-პურის შოვნას შეძლებენ.
როგორც გაირკვა, ზოგიერთმა ოჯახმა ფოცხოეწერში 1 თვეც ვერ გაძლო და იქაურ გაუსაძლისობას დედაქალაქში, თუნდაც ქირით ცხოვრება არჩია. დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარე მანუჩარ სიგუა აცხადებს, რომ ფოცხოეწერსა და ზოგადად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩასახლებულ დევნილებს ანალოგიური პრობლემები აქვთ და მათი ყოფითი მდგომარეობის შესამსუბუქებლად ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევა არასაკმარისია. რაც შეეხება პრობლემებს, უამრავია, რის გამოც დევნილებს უპერსპექტივო ადგილებში ცხოვრება არ უნდათ და არც შეუძლიათ.
"რეგიონებში, მათ შორის, ფოცხოში ჩასახლებულებს არ აქვთ სამუშაო ადგილები. მათი საცხოვრებელი რამდენიმე კილომეტრით მოშორებულია სამედიცინო პუნქტებს, სკოლას, საბავშვო ბაღსა და სხვა საყოფაცხოვრებო დაწესებულებებს, ურომლისოდაც ადამიანების არსებობა შეუძლებელია. როდესაც დევნილებს კომპაქტურად აბინავებენ, ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. ელემენტარულად, დევნილმა ცენტრამდე რომ ჩააღწიოს, სჭირდება ტრანსპორტი. უფასოდ მათ არავინ ემსახურება, გზის საფასურის გადახდას კი ვერ ახერხებენ და დღეში ზოგიერთს ათეული კილომეტრის ფეხით გავლა უწევს.
შემწეობის თანხის გარდა, არანაირი სახსარი არ გააჩნიათ. ადგილზე გავეცანი სიტუაციას და აღმოჩნდა, რომ ფოცხოში ჩასახლებული დევნილების უმეტესობამ სახლი გამოკეტა და ისევ თბილისში ჩამოვიდა ლუკმაპურის საშოვნელად. ურჩევნიათ, ქირით იცხოვრონ, ვიდრე რეგიონში შიმშილით ამოხდეთ სული. უმრავლესობა იქ უკვე აღარ იმყოფება.
ფოცხოში იქნება თუ სხვაგან, ოჯახს თავის სარჩენად 1 ჰექტარი მაინც უნდა ჰქონდეს. თუ ვერ დაასაქმებენ, მიწის დამუშავებას მაინც შეძლებენ და მოსავალი ექნებათ", - აცხადებს მანუჩარ სიგუა.
მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ჩასახლების პრობლემა. ასეთივე მდგომარეობაა ფოთში, წინწყაროსა და სხვა ტერიტორიებზე, სადაც დევნილთა ახალი კომპაქტური დასახლებებია.
"პრობლემაა ფოთშიც, ხალხი ვერ დასაქმდა და, ფაქტობრივად, შიმშილის ზღვარზეა. ამასთან, სამედიცინო პუნქტებზე, სავაჭრო ობიექტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ხელი არ მიუწვდებათ. ნაჩქარევად აშენებული საცხოვრებელი შენობების სარდაფებში წყალი დგას.
ასეთივე დასახლებაა წინწყაროში. აქ ჩასახლებულთათვის ფართის დასაკუთრების საკითხი დღემდე მოუგვარებელია. დევნილები ბერძნების მიერ 20 წლის წინათ მიერ მიტოვებულ სახლებში ჩაასახლეს და ვერ ისაკუთრებენ. ხელისუფლებამ ისარგებლა იმით, რომ ბერძნები დიდი ხნის წასულები იყვნენ და დევნილთა ოჯახები უკანონოდ შეასახლა. დღემდე ვერ აძლევენ საკუთრების მოწმობას.
ამასთან, სოფელში არ არის წყალმომარაგება. ორგანიზაციის სახელით ჩავედი იქ და ნანახმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. 4 კილომეტრის გავლა უწევს დევნილს სასმელი წყლის მოსატანად. უკიდურეს გაჭირვებაში არიან", - ამბობს სიგუა.
აღსანიშნავია, რომ სოფელი ფოცხოეწერი დასაქმების კუთხით უპერსპექტივოდაა მიჩნეული "ამნესტი ინტერნეიშენალის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას ეხება.
"ფოცხოეწერი უკიდურესად იზოლირებულია და ადეკვატური ინფრასტრუქტურის შექმნის პირობებიც არ არის. ტერიტორიას, სადაც 400 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს, 40 კილომეტრი აშორებს ზუგდიდამდე. დევნილთა ინფორმაციის მიხედვით, მიწა არ არის ვარგისიანი მიწათმოქმედებისათვის, სოფელი შორია კლინიკისგან და აფთიაქისგან და იქ არავითარი დასაქმების პერსპექტივა არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ ბინები უკეთესი ხარისხისაა, პრობლემას წარმოადგენს რაიონული ცენტრიდან სიშორე. ამიტომ დასაქმების პერსპექტივა არ არსებობს და ადამიანებს შემოსავლის გამომუშავების უნარი აღარ აქვთ", - ნათქვამია "ამნესტი ინტერნეიშენალის" კვლევაში.
ფოცხოეწერში გასახლებული და უკან, თბილისში, დაბრუნებული დევნილი საცხოვრებელ ფართს ითხოვს იქ, სადაც ინტეგრაციის შესაძლებლობა ექნება. ამას სახელმწიფოს საერთაშორისო ორგანიზაციებიც ავალდებულებენ, თუმცა სამინისტრო ამ ვალდებულების შესრულებაზე უარს აცხადებს.
"წლების განმავლობაში თბილისში ქირით მიწევდა ცხოვრება. ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობ. საკუთარი დანაზოგით ბინის ქირასაც ვიხდიდი და ოჯახსაც ვარჩენდი. ამის საშუალებას ფოცხოში მოკლებული ვარ, აბსოლუტურად უიმედო მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ამიტომ გასაღები მეზობელს დავუტოვე და ისევ თბილისში გამოვეშურე.
გამოდის, რომ ისევ წარსულს დავბრუნდი, ახლაც ქირით ვცხოვრობ. სამინისტროში უარს მეუბნებიან ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფაზე. ისევ სამშენებლო სფეროში ვმუშაობ. რაც მთავარია, ლუკმა-პურის შოვნის შესაძლებლობა მაინც მაქვს", - ამბობს ფოცხოდან დაბრუნებული ერთ-ერთი დევნილი.
ოჩამჩირიდან დევნილი, პროფესიით ჟურნალისტი ვლადიმერ კვაშილავაც ერთ-ერთია, რომელიც ფოცხოდან დედაქალაქში დაბრუნდა და აქაც ყოფით პრობლემებთან უწევს გამკლავება. ამბობს, რომ შიმშილს გამოექცა, თუმცა დედაქალაქშიც არ ულხინს. სტრუქტურები, რომელთაც კვაშილავა მიმართავს, სხვადასხვაა - სამთავრობოც და არსამთავრობოც. მრავალგზის დევნილი ჟურნალისტი დღესაც ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ძიებაშია.
810
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85