ბოლო წლებში სოფლის მუერნეობაში არსებულმა გაუსაძლისმა პირობებმა და წლევანდელმა ნაადრევმა ზამთარმა ქართველი გლეხი რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. გლეხები მასობრივად ვეღარ ახერხებენ პირუტყვის შენახვა-გამოკვებას, ამიტომ მათ დასაკვლავად იმეტებენ. საბოლოო ჯამში კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით შინაური ცხოველების რაოდენობა მცირდება. სოფლებში ძნელად შეხვდებით ოჯახს, რომელიც ორზე მეტ პირუტყვს ინახავს. მიზეზად გლეხები საქონლის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდას ასახელებენ და ამბობენ, რომ შესაძლებლობა არ აქვთ.
“სოფლად მოსახლეობას საქონლის მოვლა-შენახვა სერიოზულად უჭირს. იქ შეძლებულ ოჯახს იშვიათად ნახავთ. სახლები გამოიკეტა, ხალხი საშოვარზეა გასული. ვინც დარჩა, შესაძლებლობა არ აქვს, რომ ოჯახიც არჩინოს და პირუტყვსაც მიხედოს. ჩემი აზრით, მესაქონლეობის დარგში ყველაზე დიდი პრობლემა ხარისხია. მწირი კვებაა და ეს ხარისხიანი შთამომომავლობის მიღების შესაძლებლობას არ იძლევა, შესაბამისად, დაკნინებული, გაქუცული ნახირია, რაც ქართული სოფლისა და ზოგადად, ქვეყნისთვის საცოდაობაა”, - აცხადებს მეცხოველეობის ინსტიტუტის დირექტორი თენგიზ ფირცხალაიშვილი.
საქონლის სულადობის შესახებ ზუსტი ციფრი არ არსებობს. მიახლოებითი მონაცემებით, ამჟამად საქართველოში 600 ათასი ფურია, ხოლო საქონლის საერთო რაოდენობა 1 მლნ 100 ათასს შეადგენს. ღორის სულადობა წლების წინათ მილიონს აღემატებოდა, დღესდღეობით 110 ათასამდეა.
ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ ამჟამად საქართველოში საქონლის სულადობის შესახებ ზუსტი ციფრის დასახელება არავის შეუძლია, რადგან არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც მას დაითვლის.
“საბჭოთა პერიოდში სტატისტიკურ სამმართველოს ყველა რაიონში ჰყავდა სამსახური, რომელსაც ფერმები აწვდიდნენ საქონლის სულადობის შესახებ ინფორმაციას. დათვლა ხდებოდა და არსებობდა მონაცემები, მაგრამ დღეს ეს შეუძლებელია. მოწმდება მხოლოდ 5 პროცენტი და დარგის მთელ 100 პროცენტზე ვრცელდება, ბუნებრივია, ამ საშუალებით არაზუსტი მონაცემები მიიღება.
რეალურად, საქონლის სულადობა მართლაც არის შემცირებული. მაგალითად, ღორის სულადობა 110 ათასამდეა დასული. მასზე დიდი გავლენა 2007 წელს აფრიკულმა ჭირმა მოახდინა, რის გამოც ღორი მთელ საქართველოში გაწყდა. მისი მოშენების რისკი ამ ეტაპზეც დიდია და მოსახლეობა ერიდება. სულადობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი საძოვრების პრობლემაცაა. ამიტომ ხალხს პირუტყვის შენახვა და გამოკვება უჭირს”, - აცხადებს ფირცხალაიშვილი.
პრობლემა ძალიან მტკივნეულია ქართველი გლეხებისთვის, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამ ზამთარს ისინი საქონლის მოვლა-შენახვას ვერ შეძლებენ. მაგალითად, სამეგრელოში საქონლის მოვლის ხარჯების ზრდამ გლეხებს უარი ათქმევინა პირუტყვის მოშენებაზე და ამიტომ ოჯახის სარჩენ ძირითად საშუალებად მოსახლეობა მასიურად თხილს მიიჩნევს. ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობენ გურიაშიც. ადგილობრივების თქმით, ხალხს საკუთარი თავი გასჭირვებია და მით უფრო პირუტყვის მოვლა-პატრონობას, ვერ შეძლებენ.
სტატისტიკური მონაცემებისთვის ერთი თვალის გადავლებაც კი ცხადყოფს მეცხოველეობში არსებულ ურთულეს მდგომარებას. 2003 წლის შემდეგ საქართველოში მეცხოველეობის განვითარების მაჩვენებელი ეცემა. ყველა სახეობის მსხვილფეხა ცხოველის სულადობრივი მაჩვენებელი შემცირებულია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2003 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობრივი მაჩვენებელი 1242,5 ათასს შეადგენდა 2010 წელს ეს მაჩვენებელი 1049,4 ათასია. ბოლო ორი კვარტალის მონაცემებით მეცხოველეობა კიდევ უფრო ეცემა. თუ 2010 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 1,153,2 ათასი იყო 2011 წლის პირველ კვარტალში 1,109,5 ათასამდე შემცირდა. მაგალითად, 2003 წელს ფურ-კამეჩის სულადობრივი მაჩვენებელი 728,0 ათასს ითვლიდა 2010 წელს 561,7 ათასამდე დავარდა. კატასტროფულად შემცირდა ღორი, 2003 წელს საქართველოში 473,8 ათასი ღორი იყო 2010 წელს კი ღორის სულადობრივმა მაჩვენებელმა 110,1 ათასი შეადგინა.
1578
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85