ახალ წლამდე სულ რაღაც 2 კვირა დარჩა, მაგრამ ეს ორი კვირა “ბორჯომისთვის” და “სარაჯიშვილისთვის”, შესაძლოა, კომპანიების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდეს. გავრცელებული ინფომარციით, ახალ წლამდე ორივე კომპანია, წესით და რიგით, “როსპოტრებნადზორის” თანხმობას მიიღებს.
რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო “ბორჯომის” გენერალურ დირექტორს შეხვდა, რომლის დროსაც რუსეთის ბაზარზე ქართული მინერალური წყლის დაბრუნების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა “ბორჯომის” წარმომადგენლის წინადადება განიხილეს, რაც მომხმარებელთა მაღალი ხარისხის წყლით უზრუნველყოფას უკავშირდება.
“როსპოტრებნადზორის” ცნობით, მინერალური წყლის კომპანიას შესთავაზეს ფორმალური ზომების კომპლექსის რეალიზება, რაც “ბორჯომის” რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას შეუწყობს ხელს. რუსეთის მთავარი სანიტარის, გენადი ონიშჩენკოს განცხადებით, ძალიან უნდა ქართული მინერალური წყალი რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს. “თუ მინერალური წყლის რუსულ ბაზარზე ცივილური გზით დაბრუნდება, ეს ჩემთვის პირადად, დიდი პატივი იქნება”, - განაცხადა ონიშჩენკომ.
რუსეთის მთავარმა სანიტარმა ამ საკითხზე თავის პირად დამოკიდებულებაზეც ისაუბრა. “ჩემ პირად შთაბეჭდილებებს რაც შეეხება, ჯერ კიდევ 2006 წელს საჯაროდ ვთქვი, რომ ვწუხდი ამ მინერალური წყლის შეჩერებაზე. ის ჯანმრთელობისთვის საჭირო და აუცილებელ ფუნქციას ასრულებს”, - განაცხადა მან.
ერთია ზოგადად რას ლაპარაკობს ონიშჩენკო, რომელსაც პირი ჭორიკანა ქალივით მუდამ დაღებული აქვს და ყველაფერზე კომენტარებს აკეთებს და მეორეა ის თუ რეალურად რა ვითარებაა ქართული მინერალური წყლის ჩრდილოეთში დასაბრუნებლად.
ამ კუთხით მეტად საინტერესოა რუსული გამოცემა “იზვესტიას” ინფორმაცია, რომელშიც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ “საახალწლოდ “ბორჯომს” რუსეთში დაუშვებენ”.
“პირველი, ვინც თითქმის 6-წლიან ემბარგოს დაარღვევს, ჰოლდინგი “აი-დი-ესი” გახდება, რომელიც მინერალურ წყალ “ბორჯომს” აწარმოებს და ასევე “სარაჯიშვილი”, რომელიც ამავე სახელწოდების კონიაკითაა ცნობილი”, - წერს “იზვესტია”.
“როსპოტრებნადზორისგან” თანხმობის მიღება რუსეთის მსო-ში გაწევრიანების ფინალურ სტადიას დაემთხვა - 15-16 დეკემბერს მინისტრების შეხვედრაზე ხელი მოეწერება დოკუმენტს, რომელიც რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესს დაასრულებს”.
“სხვათა შორის, რუსეთის ტერიტორიაზე პროდუქციის ოპერატიულად მიწოდებას ახალ წლამდე ეს კომპანიები, ალბათ, ვერ მოასწრებენ. ადრე “აი-დი-ესმა” განაცხადა, რომ მიწოდების დაწყებაზე გათვლა თანხმობის მიღებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში აქვს. ასევე ბოლომდე ნათელი არ არის თანხმობის მიღების პროცედურა. იმისთვის, რომ პროცესი არ გააჭიანუროს, “როსპოტრებნადზორი”, შესაძლოა, იმ დოკუმენტებს დასჯერდეს, რომელსაც მოსკოვში წარუდგენენ ან, შესაძლოა, საქართველოში თავისი წარმომადგენლები გაგზავნოს”, - წერს გამოცემა.
“ბორჯომისა” და “სარაჯიშვილის” შერჩევა შემთხვევითი არ არის. “აი-დი-ესმა” პირველმა მიმართა “როსპოტრებნადზორს” პროდუქციის მიწოდების აღდგენაზე თანხმობის მისაღებად.
მსხვილი ქართული ღვინის მწარმოებლები ჯერჯერობით რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს არ მართავენ, თუმცა “სარაჯიშვილის” მფლობელებმა “როსპოტრებნადზორს” ოფიციალური წერილით მიმართეს მაშინვე, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებები სრულდება.
“შესაძლოა, ამ ორი კომპანიის ასეთი მტკიცე ნება იმით აიხსნება, რომ “სარაჯიშვილის” მფლობელი გიორგი ფილიევი აშშ-ის მოქალაქეა, “აი-დი-ესის” მფლობელი ევგენი იოფე კი მუდმივად დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს და, შესაბამისად, არც ერთი მათგანი საქართველოს ხელისუფლებასთან რაიმე სახის შეთანხმებებითა და ვალდებულებებით არ არის დაკავშირებული. გარდა ამისა, უკვე დაახლოებით ორი თვეა, ფილიევი გენადი ონიშჩენკოს უწყების ვერდიქტის მოლოდინში მოსკოვში ცხოვრობს”, - წერს “იზვესტია”.
830
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85