“კავკასიის უნივერსიტეტის” პრეზიდენტს კახა შენგელიას იძულებითა და მუქარით ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებენ !!! (მეორე ნაწილი)

“კავკასიის უნივერსიტეტის” პრეზიდენტს კახა შენგელიას იძულებითა და მუქარით ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებენ !!! (მეორე ნაწილი)

[ნათია ორველაშვილი, გაზეთი “ვერსია”]

როგორც ვნახეთ, კახა შენგელიას ადვოკატმა ფულის მოპარვაში პირდაპირ ვერ დასდო ბრალი სულიაშვილს და ჯიჯიეშვილს და ვერც ის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოგვიდგინა, რასაც შენგელია დაგვპირდა. იმის გარკვევას, “გასაშიფრ თანხებშივის რა დარღვევა აქვს და რა ხდება, ბუღალტრული დოკუმენტაციის ამოღება და ფინანსური აუდიტორი სჭირდება, რაც ჩვენს ძალებს აღემატება და სამართალდამცველების პრეროგატივაა.

ახლა კი ბიჭიკო სულიაშვილის ბრალდებები კახა შენგელიას წინააღმდეგ:

გამოძალვა

(სისხლის სამართლის კოდექსის 181- მუხლის, მე-2 ნაწილი. ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას)

ხატია გოგლიძე, კახა შენგელიას მეუღლე: - კახა აქ არაფერ შუაშია. რეალურად ამ პროცესებში ჩართული ვიყავი მე. სესხის გამოტანიდან დაწყებული ბოლო პროცესებამდე. უბრალოდ, კახას სახელს იმიტომ ახსენებენ, რომ კახაა შენგელია, რა... მე მინდოდა ფირმის კუთვნილი კომერციული ფართის შეძენა. რადგანაც სულიაშვილის ფართი იყო წინ, მაგას რომ გაეყიდა, აზრი აღარ ექნებოდა დანარჩენი ფართის ყიდვას. ამიტომ ვთხოვე, ბიჭიკო ბიძია, თუ შესაძლებელია, მაგ 100 კვადრატსაც ჩვენ ვიყიდით, ოღონდ დაგვაცადე, დამთავრდება მშენებლობა და თანხა რომ დაგვრჩება, მერე გაგისტუმრებთ-მეთქი.

რა თანხაზე შეთანხმდით კონკრეტულად?

- 3 500 დოლარს ვაძლევდი კვადრატულზე თავის ფართში. ანუ სულ 350 000 დოლარს.

დანარჩენი, ფირმის კუთვნილი ფართი რამდენად უნდა გეყიდათ?

- დანარჩენი 2000-ად, მე მგონი. არ მახსოვს კონკრეტული ციფრი. როცა ომის შემდეგ ფასებმა დაიწია, რახან შეთანხმებული ვიყავით, ვუთხარი: 3 500 გადაგიხდი შენს ფართში, მაგრამ დანარჩენს ის ფასი აღარ აქვს და გავყიდოთ-მეთქი, მაგრამ ის გვაწვებოდა, თქვენ ეს ფული უნდა მოიტანოთო.

რომ გაძვირებულიყო ამ დროისთვის ამ ფართის ღირებულება, მაშინ რას ეტყოდით?

- ეგეც შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ რახან პარტნიორები ვიყავით, დავილაპარაკებდით...

ნიკა პაპიძე: - ჯიჯიეშვილის მხრიდან წილის დათმობა იმ ვალდებულებებს უკავშირდება, რომელზეც მე გესაუბრეთ. ეს ფართები რა შუაშია? ისინი აქეთ გვეხვეწებოდნენ, გადაიფორმეთ ეს 50%-იანი წილი და თქვენ მოაგვარეთ ეს პრობლემებიო.

ფრაგმენტი დავით ჯიჯიეშვილისა და ნიკა პაპიძის საუბრის ფარული ჩანაწერიდან:

ნიკა პაპიძე: მე რა ვქნა დათო? ველაპარაკე კახას, ვუთხარი რომ ეგრე არ არი, მაგრამ არ ესმის ამ კაცს და რა ვქნა? ეგ იმიტომ გამწარდა, რომ ომის შემდეგ ფასები დაეცა და 2 მილიონად გამოდიოდა ნაყიდი ის ფართი, რაც მერე 2 მილიონი აღარ ღირდა...

ოფიციალური დოკუმენტი:

2010 წლის 25 მარტს მხარეებს შორის გაფორმებულია ნოტარიულად დამოწმებული სამი დოკუმენტი: “ინტერსტანდარტ თბილისის” დამფუძნებელთა შეთანხმება და წილის გასხვისების შეთანხმება, რომელთა თანახმადაც დავით ჯიჯიეშვილი 10 ათას ლარად უთმობს 50%-იან წილს ნუგზარ შენგელიას. 25 მარტსვე ბიჭიკო სულიაშვილი ხატია გოგლიძეს უფორმებს მის საკუთრებაში არსებულ 100 კვადრატულ მეტრ კომერციულ ფართს.

მშენებლობის ექსპერტი ნიკო კახეთელიძე:

ბატონო ნიკო, დაახლოებით რამდენი იყო 2008 წლის დასაწყისში გაგარინის ქუჩაზე მდებარე ამ კორპუსში 1 კვადრატული მეტრი კომერციული ფართის საბაზრო ფასი?

- დაახლოებით 3000-3500 დოლარი. ამ პერიოდში პეკინზე 8000 დოლარადაც კი იყიდებოდა კომერციული ფართები, მაგრამ შესაძლოა, ვინმეს მშენებლობის გასაგრძელებლად ფული სჭირდებოდა და 2500 დოლარადაც გაეყიდა. საშუალო ფასი კი, როგორც გითხარით, 3000-3500 აშშ დოლარი იყო.

იძულება

(სისხლის სამართლის კოდექსის 150- მუხლის, 1-ელი ნაწილი. ითვალისწინებს 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას)

ბიჭიკო სულიაშვილი: - შემიძლია, პირდაპირ ვთქვა, რომ კახას მეუღლემ, ხატიამ “საქართველოს ბანკი” ჩვენს დასაშანტაჟებლად გამოიყენა. ბანკი ვალს ითხოვდა, ამ ვალის გადავადებისთვის ახალი ხელშეკრულება რომ გაფორმებულიყო, კახას ძმასა და დათოს, როგორც ფირმის მფლობელებს, დოკუმენტაციაზე ორივეს უნდა მოეწერა ხელი. ხატიამ პირდაპირ გვითხრა, მე არ მოვაწერინებ ხელს ნუგზარს, რადგან, თუ წილს არ გადმოგვიფორმებთ, ბანკი ფირმისა და ამხანაგობის წევრების ქონებასაც დააყადაღებს და გაყიდისო.

ამხანაგობის წევრები რა შუაში იყვნენ?

- იურიდიულად ასე ყოფილა, როცა მშენებლობის დასაწყისში კორპუსის ასაშენებლად საჭირო ფართი იპოთეკით დაიტვირთა, მერე თურმე ეს იპოთეკა მთელ კორპუსს მიჰყვება. ასე რომ, რადგან მოსახლეობასთან პასუხისმგებლობა მე მქონდა აღებული და ეს დაზარალებული ხალხი მე მომადგებოდა, იძულებული გავხდი, წილი გადაგვეფორმებინა. ჩვენ რომ გამოგვაგდეს, მერე ძალიან კარგად ააწყვეს “საქართველოს ბანკთან” ურთიერთობა. ვალის გადავადების ხელშეკრულებებიც გააფორმეს, ბანკმა ამათ ბინების გაყიდვის ნებაც მისცა, მაგრამ კორპუსზე იპოთეკა ჯერაც არ არის მოხსნილი.

“საქართველოს ბანკსმივმართეთ წერილით, სადაც ამ საკითხზე ყველა ინფორმაცია მოვითხოვეთ. ბანკმა, ვინაიდან კლიენტისა და ბანკის ურთიერთობა საიდუმლოა, ამ ინფორმაციის მისაღებად სპეციალური პროცედურის გავლა მოგვთხოვა. თუმცა, ამ პროცედურის გავლა აღარ დაგვჭირდა, რადგან ხატია გოგლიძემ «საქართველოს ბანკში» მუშაობაც და ამ სესხთან კავშირიც თავად დაადასტურა.

ხატია გოგლიძე: - ბანკს არა აქვს ამ ინფორმაციის გაცემის უფლება. მე ვმუშაობ ბანკში და, როგორც გითხარით, კრედიტის აღებაში მე დავეხმარე. მერე ბანკში მითხრეს, რომ ამ კრედიტს არ იხდიდნენ. ბანკს სხვა რა უნდა ექნა? რა თქმა უნდა, ითხოვდა თავის თანხას. ამას თუ ეძახიან ზეწოლას, არ ვიცი. ფულს რომ არ იხდიდნენ და ეს გავიგე, სწორედ ამის შემდეგ ვთხოვე ნუგზარს დოკუმენტაცია, ჩავიხედე და ვნახე, რაც ხდებოდა. ახლა ის დავალიანება შემცირებულია. სხვა სესხი ავიღეთ და ის გადავფარეთ, მოსახლეობას იპოთეკა რომ მოეხსნას.

ფრაგმენტი ნუგზარ შენგელიას და დავით ჯიჯიეშვილის საუბრის ფარული ჩანაწერიდან:

დათო ჯიჯიეშვილი: ნიკამ დამირეკა, ხატიამ მითხრაო, ბანკის ვალის არაფერი გადავადება და ის არ იქნებაო...

ნუგზარ შენგელია: მერე ამით რაო?

დათო: ამით რაო და თვითონ ნიკამ მითხრა, რომ ეს მოსახლეობა მოგიქსიოსო.

ნუგზარი: ესე იგი, მოაწერეო ხელიო წილის გადაფორმებასო?

დათო: ხო, თუ არა დაო, მე ბანკს ახლავე დავაწყებინებ შეჭმის პროცესსო. ამითი რაა ახლა, თავისი საქმე კეთდება თუ ვისი საქმე კეთდება?

ნუგზარი: ამითი რაა და იმის თქმა არი უკვე რო, შეიძლება მეც დავკარგო ყველაფერი და შენცო.

დათო: ესე იგი ნაზლო არის ეს ყველაფერი...

ნუგზარი: ხო ასე გამოდის. მანდ არის ერთი დათო, რომ ხელი მოაწერეო იმასო...

ბიჭიკო სულიაშვილი: - წილის გადაფორმებაზე უარს რომ ვეუბნებოდით, გვემუქრებოდა, დაგიჭერთო. რომ ვეკითხებოდი, რა მიზეზით უნდა დაგვიჭირონ-მეთქი, ათას მიზეზს მოგიძებნითო, ფინანსურ პოლიციას მოგიგზავნითო. ის ხშირად უსვამდა ხაზს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ოჯახთან მეგობრობდა და არაფერი გაუჭირდებოდა.

ნიკა პაპიძე:

ბატონო ნიკა, იყო თუ არა სულიაშვილისა და ჯიჯიეშვილის მიმართ მუქარა, დაშინება და შანტაჟი წილის გადაფორმების მოთხოვნით?

- რა სისულელეა? ხომ გითხარით, გვეხვეწებოდნენ, გადაიფორმეთ ეს 50%-იანი წილი და თქვენ მოაგვარეთ ეს პრობლემებიო. აგერ არის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, ნოტარიულად გაფორმებული, სადაც 10 000 ლარად არის წილი გასხვისებული.

ფრაგმენტი დავით ჯიჯიეშვილისა და ნუგზარ შენგელიას საუბრის ფარული ჩანაწერიდან:

ნუგზარ შენგელია: მე ვიცი ერთი, რომ ეგ ეხლა ნა პრინციპ არის და ამ პრინციპს არ გადოუხვევს და მოხდება რაღაცა უბედურება...

დათო ჯიჯიეშვილი: რა უბედურება უნდა მოხდეს?

ნუგზარი: ხო გითხრა, დაგიჭერო?

დათო: რა გვაქვს ჩვენ იქ დასაჭერი, ბოლო-ბოლო მითხარი? რა პრიჩინით უნდა დამიჭიროს?

ნუგზარი: მტრისას, დათო, მანდ რომ შემოვიდეს ფინანსური...

დათო: რა იქნება? რა გვაქვს დანაშაული?

ნუგზარი: დანაშაული, ბიჭო, რაღაცას მეიფიქრებენ... მაგენი არიან, ბიჭო, დედამოტ...ნულები...

დათო: ბიჭო, შენ მაგისი ძმა ხომ ხარ?

ნუგზარი: რა გავაკეთო?.. ვუთხარი და, მოაწეროსო იმას ხელიო და დამთავრდება ყველაფერიო... თორემ მოხდება ...ლეობა...

დათო: შენ არაფერი არ უნდა უთხრა?

ნუგზარი: რამდენჯერ უნდა ვუთხრა, დათო? არ ესმის, უმართავი კაცია...

თაღლითობა

(სისხლის სამართლის კოდექსის 180- მუხლის, მე-3 ნაწილი. ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას)

ბიჭიკო სულიაშვილი: - როგორც ზემოთ გითხარით, კახა შენგელიას, ჩვენი შეთანხმების თანახმად, 1 მილიონ 650 ათასი დოლარი უნდა გადაეხადა ფირმისთვის, საიდანაც ნაწილობრივ მშენებლობას აფინანსებდა. ახლახან გავიგეთ, რომ მას არსენალის მთაზე “კავკასიის უნივერსიტეტის” სათავო ოფისის ასაშენებლად ბანკი “რესპუბლიკიდან” გამოყოფილი ჰქონდა კრედიტი და ამ მშენებლობასაც “იჟმშენი” აწარმოებდა. როგორც გავიგე, კახა შენგელიას “იჟმშენის” დირექტორთან, ნიკო შარაბიძესთან ჰქონდა მოლაპარაკება, ფაქტობრივ სამუშაოს კორპუსის მშენებლობაში ასრულებინებდა, რეალურად კი ამ თანხების ბუღალტრულ გაწერას “კავკასიის უნივერსიტეტის” სათავო ოფისის მშენებლობის ხარჯზე ახდენდა.

კახა შენგელია:

ბატონო კახა, “იჟმშენიაშენებდა თუ არაკავკასიის უნივერსიტეტისსათავო ოფისს?

- არა, ამას აშენებდა “იჟმშენ დეველოპმენტი”.

ფირმის დირექტორი ხომ ნიკო შარაბიძეა? ახლა რომ დაიჭირეს, პრეზიდენტის რეზიდენციას რომ აშენებდა...

- კი...

- როგორც მითხრეს, თქვენ კორპუსსა დაკავკასიის უნივერსიტეტისსათავო ოფისს ნიკო შარაბიძეს აშენებინებდით დაკავკასიის უნივერსიტეტისთანხებიდან უხდიდითიჟმშენსკორპუსის ასაშენებლად საჭირო თანხას.

- ვაფშე ის არი, რა ქვია... სისულელე...

როგორც ხედავთ, ამ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები სულიაშვილს არ გააჩნია. მოგეხსენებათ, ნიკო შარაბიძე პატიმრობაშია, ხოლო ბანკი კლიენტთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ გასცემს. აქედან გამომდინარე, ამ ბრალდების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოპოვებას ცალკე გამოძიება სჭირდება. პროკურატურას ამის გაკეთება ნამდვილად არ გაუჭირდება, ჩვენ კი, შესაძლებლობის ფარგლებში ვეცდებით ამ მიმართულებით საინტერესო მასალების მოპოვებას. 

დიმიტრი ღონღაძე, ადვოკატი, ექსპერტი:

- წარმოდგენილი მასალები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (ახალი რედაქციის) 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების საფუძველზე, ეს გახდეს წინასწარი გამოძიების დაწყების საფუძველი. აქ იკვეთება ჯგუფური დანაშაულის ნიშნები, რაც, როგორც იურისტს, მაძლევს საფუძველს, გავაკეთო ეს შეფასება. აქვე შეიძლება ვისაუბროთ სამოხელეო დანაშაულზეც, იმ შემთხვევაშიც, თუ გამოძიებით დადასტურდა, რომ თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე) თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას.

დაბოლოს, შევხვდი და ტელეფონით ვესაუბრე ამხანაგობის ორ წევრს: ლევან ხაჩირაშვილსა და ვიტო პეტროსიანს. ისინი აქეთ გვეკითხებოდნენ, რა ხდებოდა შენგელია-სულიაშვილის დაპირისპირებაში, რატომ დავინტერესდით ამ თემით და უშველიდა თუ არა ჟურნალისტური გამოძიება მათი პრობლემის გადაჭრას. ანუ მოუხსნიდა თუ არა ბანკი მათ კორპუსს იპოთეკას და გადაიხდიდა თუ არა “ინტერსდანდარტ თბილისი” მათი ბინის ქირების დავალიანებებს. თავად არაფრის თქმა არ ისურვეს: “ჩვენ ჯერ ვერაფერს გეტყვით. დაველოდებით, რა მოხდება და მერე ვისაუბრებთო”.

ჩვენ ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია - ამ საქმეში ამხანაგობის წევრები დაზარალებულები არიან სამივე შემთხვევაში - კახა შენგელიაა დამნაშავე, ბიჭიკო სულიაშვილი თუ ორივე ერთად.

ჟურნალისტური გამოძიება მომზადებულია დანიური საგამოძიებო ორგანიზაცია SCOOP-ის მხარდაჭერით