ჯორჯ მაიკლი მკურნალობას აგრძელებს

ჯორჯ მაიკლი მკურნალობას აგრძელებს

გუშინ ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ჯორჯ მაიკლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მუსიკოსი საავადმყოფოში 2012 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე დარჩება.

 

მომღერლის ჯანმრთელობა გაუუმჯობესდა, მაგრამ მკურნალობის სრული კურსი აუცილებლად უნდა დაასრულოს. ცნობილია, რომ მომავალ შობასა და ახალ წელს ის კლინიკაში შეხვდება.

 

ორი კვირის წინ მომღერალი კონცერტის ჩასატარებლად ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმყოფებოდა. სცენაზე გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე თავი შეუძლოდ იგრძნო.

 

გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მომღერალი დაუყოვნებლივ ვენის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.

 

ავსტრიელმა ექიმებმა ჯორჯ მაიკლს გულის უკმარისობა და პნევმონია დაუდგინეს. ამჟამად მომღერალი გაძლიერებული თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

 

მოულოდნელი ავადმყოფობის გამო ჯორჯ მაიკლს ევროპული საგასტროლო ტურნეს გაუქმება მოუხდა. მომღერალს კონცერტები შემდეგ ქალაქებში უნდა ჩაეტარებინა: სტრასბურგი, კარდიფი, ლივერპული, გლაზგო, ბირმინგემი, მანჩესტერი და ლონდონი.

 

გეორგიუს კირიაკოს პანაიოტოუ (ჯორჯ მაიკლის ნამდვილი სახელი) 1963 წლის 25 ივნისს ლონდონში დაიბადა. მუსიკალური კარიერა 1981 წელს დაიწყო, როდესაც მეგობრებთან ერთად ჯგუფი “The Executives” ჩამოაყალიბა. პოპულარობას ჯგუფში “Wham!” გამოსვლის დროს მიაღწია. პირველი სოლო ალბომი “Faith” 1987 წელს ჩაწერა. ამ ნამუშევარმა აშშ-ის მუსიკალური დისკების წლის ჰიტ-პარადში პირველი ადგილი დაიკავა.