ერთ დღესაც იქნება საქართველოს მოსახლეობა ორ კატეგორიად დაიყოფა: ერთი - რომელსაც ვალი აქვს, მეორე კი - რომელსაც ვალში ყველაფერი გაუყიდეს. ასეთი პერსპექტივის შანსი ძალიან დიდია. მოვალეთა რეესტრისა და კრედიტ-ინფოს მონაცემები სწორედ ამაზე მეტყველებს.
მოვალეთა რეესტრში მოხვედრილთა რაოდენობა ბოლო ერთ თვეში მკვეთრად, მთელი 45%-ით გაიზარდა და 6 ათასს მიაღწია. აღსრულების ეროვნულ ბიუროში კი საქმის წარმოება კიდევ 56 ათას პირზეა დაწყებული.
ადამიანი მოვალეთა რეესტრში მაშინ ხვდება თუ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 7 დღეში ვალს არ დაფარავს. აღსრულების ბიურო ასეთ ადამიანს 4 კვირის საარსებო საშუალებას უტოვებს, ხოლო მისი ქონება აუქციონზე გააქვს.
მოვალეთა რეესტრი აღსრულების კანონში ცვლილებების შედეგად 2010 წლის იანვრიდან ამოქმედდა.
ექსპერტთა ნაწილი ჯერ კიდევ გაზაფხულზე აცხადებდა, რომ ქონების იძულებითი გაყიდვის საფრთხის წინაშე ბევრი ოჯახი აღმოჩნდება, რადგან რეესტრი ჯერ ახალია და კრედიტორებიც ახლა აქტიურდებიან.
მათივე შეფასებით, ვალი ყველამ უნდა დაფაროს, თუმცა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, დავალიანების ამოღების ასეთი მტკივნეული მეთოდები დაუშვებელია.
გარდა ამისა, იზრდება კრედიტ-ინფოში ურჩი გადამხდელების საერთო რაოდენობამ პირველი ივნისის მონაცემებით 316 594 შეადგენდა, უცნობია, თუ რამდენიმე ერთეულით გაიზარდა ან შემცირდა “შავ სიაში” მოხვედრილთა რაოდენობა ივნისის თვეში, რამდენადაც “კრედიტ-ინფოს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამ ინფორმაციის ნახვა უკვე შეუძლებელია.
ორგანიზაციაში ამას რეორგანიზაციით ხსნიან და აცხადებენ, რომ მომავალში საიტზე ნეგატიური და პოზიტიური სესხების დეფინიცია აღარ მოხდება და მხოლოდ საერთო მონაცემები გამოქვეყნდება.
”შავ სიაში” მოხვედრილი ადამიანების სია, რომლებიც ადრე აღებულ კრედიტებს ვერ ფარავენ, ფაქტობრივად, ყოველ დღე იზრდება. ბოლო მონაცემებით, რომელიც ნეგატიური სესხების საერთო რაოდენობამ 316 594 შეადგინა; მათ შორის, უკვე დაფარული - 126 972 (40.10%) რაც შეეხება პოზიტიური სესხების საერთო ოდენობას, ის 1 180 690 შეადგენს, საიდანაც უკვე დაფარულია 683 290.
ბოლო ინფორმაციები კრედიტ-ინფოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ დევს. როგორც გაირკვა, საიტი რეორგანიზაციის პროცესშია და მას შემდეგ, რაც ეს პროცესი დასრულდება, კრედიტ-ინფოს საიტზე “შავი სიის” მაჩვენებელი გრაფა გაქრება. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, რეორგანიზაციის შემდეგ მონაცემები სრულად დაიდება და იქ გამოყოფილი აღარ იქნება “პოზიტიური” და “ნეგატიური” სესხები ოდენობა.
ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ვითარების ფონზე, “შავი სიის” ზრდას არ გამორიცხავს ექსპერტი საბანკო საკითხებში ლია ელიავა. მისი თქმით, პროცესი დიდი ხნის წინათ დაიწყო და წლის ბოლოსთვის უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.
“კრედიტ-ინფოს მონაცემთა ბაზაში ურჩი გადამხდელების, ანუ მათი რაოდენობა, ვინც სესხს ვერ იხდის, აუცილებლად გაიზრდება. მიუხედავად გრანტებისა, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება, ხდება საგადასახადო ადმინისტრირების გამკაცრება, რაც თანდათანობით კლავს ბიზნესს. კრიზისი, რომელიც მსოფლიოში ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა, ჩვენთან სულ უფრო ღრმად შემოდის.
გარდა ამისა, უახლოეს მომავალში უცხოელი დამფინანსებლები გრანტებისა და კრედიტების გამოყოფაზე საქართველოს უარს ეტყვიან, რისი მიზეზიც ისაა, რომ გამოყოფილი ფული მიზნობრივად არ იხარჯება. დახმარებების გამოყოფის შეწყვეტა კი ქვეყანას უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანას და გამორიცხული არ არის, რომ საქართველო შიმშილის ზღვარზეც კი აღმოჩნდეს”, - აღნიშნა ელიავამ.