სამხრეთ კორეაში იქმნება ფონდი, რომელიც მხარს დაუჭერს ჩრდილოეთ კორეასთან გაერთიანების პროცესებს. სავარაუდოდ, ფონდის მინიმალური მოცულობა 50 მილიარდი დოლარი იქნება. მაგრამ თუ გაერთიანება დიდხანს, 30 წელზე მეტს გაგრძელდება, მაშინ გაერთიანების საფასური 5 ტრილიონ დოლარს ასცდება, რაც რამდენჯერმე მეტია, ვიდრე ორი გერმანიის გაერთიანებას დასჭირდა.
ფონდის შექმნის ინიციატორი სამხრეთ კორეის ეროვნული გამთლიანების საქმეთა მინისტრი იუ ვუ იკი გახლავთ. იგი იმედოვნებს, რომ ამგვარი ფონდის შექმნის საკანონმდებლო მიღება რამდენიმე თვეში მოხერხდება. შემდეგ იგი უნდა შეივსოს სამხრეთ კორეის ბიუჯეტის პროფიციტით და კერძო პირების მიერ გაკეთებული შემოწირულობების წყალობით. საინტერესოა, რომ ეს ინიციატივა უკვე მოიწონა ქვეყნის პრეზიდენტმა ლი მენ მაკმა, რომელმაც თავის მხრივ სპეციალური, “გაერთიანების გადასახადის” შემოღების იდეა წამოაყენა, როგორც ეს გერმანიის გამთლიანებისას მოხდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს სამხრეთ კორეის ბიუჯეტმა 270 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან პროფიციტი 4 მილიარდი დოლარია. ასე რომ, ახალი კანონი რომ მიღებული ყოფილიყო, ეს 4 მილიარდი პირდაპირ ფონდში გადაირიცხებოდა.
ექსპერტების აზრით, თუ გაერთიანება სრულიად მშვიდობიანად მოხდება და 20 წელზე მეტი არ დასჭირდება, მაშინ მინიმალური 50 მილიარდი დოლარი დასჭირდება. მაგრამ ეს მოვლენათა ყოველმხრივ დადებითად განვითარების შემთხვევაში. მაგრამ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სამხრეთ კორეის დანახარჯებმა შეიძლება 100-ჯერ მეტი შეადგინოს.
ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რომ ორი კორეის შემთხვევაში გაერთიანების გერმანული მოდელის გამოყენება მოხერხდება. საქმე იმაშია, რომ ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეაზე გაცილებით ღარიბია, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას კი გარკვეული სიძლიერის ეკონომიკა გააჩნდა.
კერძოდ, ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკა სამხრეთისას დაახლოებით 40-ჯერ ჩამოუვარდება. ხოლო მისი მოსახლეობა 2-ჯერ ნაკლებია. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკის მდგომარეობის რეალურად შეფასება არ ხერხდება, რადგან 1960 წლის შემდეგ ფხენიანი არანაირ შიდა სტატისტიკას არ აქვეყნებს და ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკაზე საუბრისას მხოლოდ ზოგადი ანალიტიკური შეფასებებით ხელმძღვანელობენ.
განსხვავებების მასშტაბი რომ წარმოვიდგინოთ, შეგვიძლია 2008 წლის ორი სრულიად სხვადასხვა მონაცემი შევადაროთ. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებებით, 2008 წელს სამხრეთ კორეის შიდა პროდუქტის მოცულობამ 999,369 მილიარდი დოლარი შეადგინა. ხოლო, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეის შიდა პროდუქტის მოცულობა 26,2 მილიარდი დოლარი იყო. ანუ, სამხრეთელთა შიდა პროდუქტის მოცულობა ჩრდილოელებისას 38-ჯერ აღემატება.
თუ ორი ქვეყნის შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილებას მსყიდველუნარიანობის პარიტეტით შევადარებთ, ერთობ მძიმე სურათს მივიღებთ: სამხრეთ კორეის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 26,341 ათასი დოლარია, ჩრდილოელთა მაჩვენებელი კი 1,8 ათასი დოლარი, რაც 14,5-ჯერ ნაკლები გახლავთ.
გარდა ამისა, გაერთიანების შემთხვევაში სამხრეთ კორეას ჩრდილოელთა შიდა ვალის პრობლემის გადაჭრა მოუწევს. ასევე აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეის შიდა ვალი 2008 წელს 220 მილიარდი დოლარი იყო.
მაგრამ გაერთიანება კორეის ნახევარკუნძულზე პოლიტიკური სტაბილურობის პრობლემას გადაწყვეტს. უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ჩრდილოეთ კორეა სიტუაციას ძაბავს არა მარტო რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში. ასე რომ, ორი კორეის გამთლიანებით არაერთი ქყევანაა დაინტერესებული, მათ შორი აშშ, ევროპა, ჩინეთი, იაპონია.
სამხრეთ კორეელ ექსპერტთა შეფასებით, ორი კორეის გაერთიანება მეტი დაჯდება ვიდრე ორი გერმანიის, რაზეც 1,3 ტრილიონი ევრო დაიხარჯა. ამ თანხის დიდი ნაწილი პირდაპირ წავიდა ე.წ. ახალი ფედერალური მიწების ბიუჯეტში და ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე დაიხარჯა. ერთი შეხედვით დემოკრატიული გერმანიის ეკონომიკა საკმაოდ მყარი იყო, მაგრამ გაერთიანების შემდეგ მთლად დაინგრა, რადგან იგი ორიენტირებული იყო ყოფილი საბჭოთა ბანაკის ქვეყნებში ექსპორტზე. შედეგად, ნგრევამ მასობრივი უმუშევრობა მოიტანა.
დღესაც კი, გაერთიანებიდან 20 წლის შემდეგ გერმანიის “ახალი ფედერალური მიწები” განვითარებისა და ეკონომიკის მხრივ ბევრად ჩამორჩება დასავლეთ გერმანიას. ამასთან, გერმანელები აქამდე იბრძვიან სოლიდარობის გადასახადის გასაუქმებლად, რომელიც 1991 წელს შემოიღეს.
ასე რომ, გერმანიის მაგალითის შემყურე კორეელი ანალიტიკოსები ორი ქვეყნის გაერთიანებაზე შიშით საუბრობენ. მართალია, ერთიანი კორეის შექმნის იდეა ყველასათვის სანუკვარია, მაგრამ ამ კრიზისულ პერიოდში გვარიანად სახიფათოც არის.
1290
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85