ბენიამინ ბიდერი, "SPIEGEL"
მისი რეზიდენცია ბონდის ფილმების კულისებს ჰგავს, მისი თანაშემწეები კი „კაგებე“-ს ბოროტ თანამშრომლებს. მიუხედავად ამისა, იგი აქამდე მორიდებულად უკანა ფლანგზე რჩებოდა. ახლა ეს წარსულია. მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლა სურს – რათა საქართველოს დემოკრატია აჩუქოს.
2001 წლის მაისში პირქუშმა მამაკაცმა სოტბის აუქციონის ნიუ-იორკის ფილიალის დარბაზში უკანა რიგში ადგილი დაიკავა და მსოფლიო ხელოვნების სცენაზე ოქროს ციებ-ცხელებაში ჩართვისთვის მოემზადა. უცნობის ცხვირს უხეში მოტეხილობის ნაკვალევი აჩნდა და შავ ლაბადაში გამოწყობილი ნაკლებად ჰგავდა ხელოვნებათმცოდნეს, “არამედ უფრო საბჭოთა საიდუმლო სამსახურის „კაგებე“-ს წარმომადგენელს”, – წერდა მოგვიანებით ამერიკული პრესა.
მამაკაცმა რამდენჯერმე ასწია ყვითელი დაფა, შეიძინა შაგალი ორ და მონე ხუთ მილიონ დოლარად. როდესაც პიკასოს ნახატის “დორა მაარი კატასთან” გაყიდვის ჯერი დადგა, ეს კაცი არსაიდან იმდენ ხანს აქნევდა თავის დაფას, სანამ ნახატი 95 მილიონ დოლარად არ შეიძინა, სავარაუდოდ საწყის ფასზე 30 მილიონ დოლარზე მეტად.
ამის შემდეგ იგი გაქრა და რადგანაც სოტბიმ, ჩვეულებისამებრ მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელს გაუზიარა პოტენციური მყიდველის ვინაობა, გაოგნებული ხელოვნების სცენა დიდი გამოცანის წინაშე იდგა. ”ასეთი რამ”, გაოცებული იყო დანიელა ლუქსემბურგი, სოტბის ყოფილი თანამშრომელი “მე მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში არ გამომიცდია”. მედია მოჩვენების ძებნაში ჩაერთო. ვაჭრობიდან ცოტა ხნის შემდეგ New York Times-მა ლაბადიანი კაცის ფოტო დაბეჭდა სათაურით: “იცნობთ ამ კაცს? ყოველ შემთხვევაში ხელოვნების სამყარო მას არ იცნობს.”
უცხო ლაბადაში მხოლოდ შუამავალი იყო, ზღაპრულად მდიდარი, აღმოსავლელი ოლიგარქის ნდობით აღჭურვილი პირი. მისი სახელი საერთაშორისო ხელოვნებათმცოდნეებისათვის ძალიან უცხოდ ჟღერდა: ბიძინა ივანიშვილი.
მორიდებულ ბიზნესმენს პრეზიდენტობა უნდა
ბიზნესმენის რეზიდენცია, რომლის ქონებაც 5,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, საქართველოს დედაქალაქის სახურავებს გადმოჰყურებს. მინისა და ლითონის სასახლე ჯეიმს ბონდის ფილმის ფუტურისტულ ნაგებობას ჰგავს.
ათწლეულების განმავლობაში ივანიშვილი თავის კავკასიურ სამშობლოში ისეთივე უცნობი იყო, როგორც 9000 კილომეტრით დაშორებულ ნიუ-იორკში. მაგრამ მისი სახელი ყველას პირზე ეკერა, რადგან ოლიგარქი ეკლესიების, სკოლებისა და თეატრების მშენებლობას აფინანსებდა.
პირადად კი, მორიდებული მეცენატი მხოლოდ ცოტას თუ ჰყავდა ნანახი. “მე არ მიყვარს ჟურნალისტებთან შეხვედრა და ეს ეხება ასევე მონაწილეობას საზოგადოებრივ ღონისძიებებში ან წვეულებებში”, – გაანდო მან მოსკოვის ბიზნეს გაზეთ ”ვედომოსტის” 2005 წელს. ეს წლების განმავლობაში მისი ერთადერთი ინტერვიუ იყო. ივანიშვილი თავისუფალია ყოველგვარი პოლიტიკური ამბიციისგან, თქვა ერთხელ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. “იგი გრაფ მონტე კრისტოსავითაა. მას სძულს საჯაროობა”.
ახლა ეს წარსულია.
ივანიშვილმა გამოთქვა სურვილი დაარსოს პოლიტიკური პარტია და პრეზიდენტი სააკაშვილი ხელისუფლებას ჩამოაშოროს. უკვე დეკემბერში ივანიშვილს თავისი მოძრაობის, “ქართული ოცნების” ოფიციალური დაფუძნება უნდა.
ივანიშვილი მოკავშირეებს ეძებს
პრეზიდენტი სააკაშვილი (43 წლის),რომელიც 2004 წელს „ვარდების რევოლუციით“ მოვიდა ხელისუფლებაში, ორი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, 2013 წლის არჩევნებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. სააკაშვილს ჯერ არ დაუკონკრეტებია თავისი სამომავლო გეგმები. თუმცა ოპოზიცია შიშობს, რომ სახელმწიფოს მეთაური ცდუნებას აყვება, ისევე როგორც მისი რუსი კოლეგა, ვლადიმერ პუტინი, პრეზიდენტის სავარძელს მხოლოდ ფორმალურად გადააბარებს თავის მომდევნო კანდიდატს, სინამდვილეში კი ხელისუფლებაში დარჩება.
სუსტი და დანაწევრებულ ქართული ოპოზიცია მას ამაში ხელს ნამდვილად ვერ შეუშლიდა. ოლიგარქ ივანიშვილის გამოჩენას კი კავკასიის ამ 4,5 მილიონიან სახელმწიფოში ძალთა თანაფარდობის შეცვლა შეუძლია: თავისი 5,5 მილიარდი დოლარით მას იმაზე ორჯერ მეტი ფული აქვს, რასაც მთელი ქართული სახელმწიფო ხარჯავს ერთი წლის განმავლობაში.
კაცი, რომელიც თავის თავს უწოდებს “მეოცნებეს პრაგმატიზმის ნაკლებობის გარეშე”, თავისი პოლიტიკური პროექტისათვის მოკავშირეებს ეძებს. ივანიშვილს სურს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის და გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩის, ირაკლი ალასანიას მომხრობა. მილიარდერი ტელე-არხებს საბაზრო ფასზე სამჯერ მეტ თანხას სთავაზობს და ასევე აცხადებს, რომ “დაასაქმებს ყველა ქართველ ჟურნალისტს, ვისთვისაც გამოხატვის თავისუფლება და პროფესიული ღირსება მნიშვნელოვანია”.
სააკაშვილის ბანაკი კი ამასობაში მის დისკრედიტაციას ცდილობს და აცხადებს, რომ ის “კრემლის აგენტია”. ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ბორისსაც ეძახიან, თავის ქონებას პირველ რიგში რუსეთში ბიზნესს უნდა უმადლოდეს. თავისი პირველი ბანკი ივანიშვილმა, არსებული ინფორმაციით, ოთხმოცდაათიან წლებში მოსკოვის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის შენობაში გახსნა. მას დღემდე ეკუთვნის მოსკოვის სასტუმრო “ცენტრალნაია”. “Hotel Lux”-ის სახელით სასტუმრომ მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი, რადგან ნაცისტების ბატონობის დროს მას თავს აფარებდნენ წამყვანი გერმანელი სოციალ-დემოკრატები და კომუნისტები.
ნებაყოფლობითი გადასვლა ოპოზიციაში ხელისუფლებაში ორი წლით ყოფნის შემდეგ
ამასობაში საქართველოს ხელისუფლებამ ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა. ბიზნესმენს, თავის ფრანგულ და რუსულ პასპორტებზე უარის თქმით ქართული პასპორტის დაბრუნება უნდა. მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერაში ოლიგარქს უკვე შეუძლია დარწმუნებული იყოს. “ადამიანები თქვენ იმედით შემოგყურებენ და ზოგიერთი განერვიულებულია”, თქვა ერთ შეხვედრაზე პატრიარქმა, ილია მეორემ.
“სიტყვა რევოლუციის კიდევ ერთხელ გაგონება აღარ სურს”, – ირწმუნება ივანიშვილი. ოლიგარქს ხელისუფლებაში მოსვლა არა ქუჩის აქციებით, არამედ არჩევნების გზით უნდა. თუმცა ცვლილებები საკმაოდ რევოლუციურია: ივანიშვილი ირწმუნება, რომ ხელისუფლებაში ყოფნის ორი წლის შემდეგ ნებაყოფლობით გადავა ოპოზიციაში ”რათა გავაკრიტიკო მთავრობა, რომელიც თავად ჩამოვაყალიბე”.
ასე სურს ივანიშვილს, ერთმანეთის მაკონტროლებელი გავლენიანი ჯგუფების სისტემით, ისევე როგორც ეს დასავლეთშია, ამ კავკასიურ ქვეყანაში პლურალისტული დემოკრატიის განვითარების წახალისება. ეს ამბიციური წამოწყებაა, რადგანაც მოსახლეობას საქართველოში მინიმუმ ისევე უნდა სტაბილურობა, როგორც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის უფლება.
თუმცა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ მისი მისია წარმატებული იქნება: ”მე აუცილებლად მოვალ ხელისფლებაში”, – ამბობს ის
foreignpress.ge
819
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85