თეა წულუკიანისთვის ჭელაში მინარეთის დემონტაჟის ფორმა მიუღებელია

თეა წულუკიანისთვის ჭელაში მინარეთის დემონტაჟის ფორმა მიუღებელია

ის ფორმა, რომლითაც სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა, ჩემთვის მიუღებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა. 

მისივე განმარტებით, ეს არ მოხდებოდა, რელიგიებსა და სახელმწიფოს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლა-გამოცვლა რომ მომხდარიყო.

"რელიგიის თავისუფლება არის ერთ-ერთი თავისუფლება, რომლის დაცვისთვისაც მე, 10 წელი ვმუშაობდი ევროპულ სასამართლოში და ჩემი ხელით არაერთი გადაწყვეტილებაა დაწერილი, რომელიც საქართველოში რელიგიურ უმცირესობებს იცავს. უბრალოდ, ჩვენს საზოგადოებას სჭირდება უფრო ჯანსაღი მიდგომა რელიგიური თემებისადმი, სიმშვიდე და დიალოგი რელიგიებსა და სახელმწიფოს შორის ჯანსაღ საფუძვლებზე, ყოველგვარი ემოციების გარეშე. როგორც მუსლიმები, ისე ქრისტიანები და სხვა სარწმუნოების წარმომადგენლები, ამ ქვეყნის შვილები ვართ და როგორ ვუზრუნველყოფთ თითოეული ჩვენგანის რელიგიის თავისუფლებას, ამაზე უნდა იყოს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და გადაწყვეტილების მიღების შეჯერება. ის ფორმა, რასაც ჭელაში ჰქონდა ადგილი, ჩემთვის მიუღებელია. ინფორმაციის ჯანსაღი ურთიერთგაცვლა რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა", - განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მისი მოწოდებაა, ყველა იმ საკითხზე, რომელიც გვაწუხებს, ემოციების გარეშე ვიმსჯელოთ.