ამ პერიოდისთვის განსაკუთრებით მკაცრმა ზამთარმა მოსახლეობა შიშში ჩააგდო. სოფლად მცხოვრები ადამიანები ფიქრობენ, რომ გაზაფხულამდე საკმარისი საკვები არც პირუტყვისთვის იკმარებს და არც ადამიანისთვის. არადა, ზამთარი სულ რაღაც ერთი კვირის დაწყებულია და მინიმუმ 3-3,5 თვე მაინც გასტანს.
ზამთრის დადგომამ მოსახლეობას სერიოზული თავსატეხი გაუჩინა, უფრო მეტად, დასავლეთ საქართველოში. ჭირნახულის დაბინავება ვერ მოესწრო, ცალკე თემაა პირუტყვის ნაადრევად გადაყვანა ბაგურ კვებაზე, რის გამოც ხალხს საქონლის გამოკვება უძნელდება. გლეხების ერთმა ნაწილმა გამოსავალი მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობის შემცირებაში იპოვნა. ვისაც სახლში 2-3 ძროხა ჰყავდა, მათგან მხოლოდ 1 დაიტოვა, დანარჩენი კი ყასბებს გადაულოცა.
იმერეთის ზოგ მთიან სოფელში სიმინდი და ლობიო არ არის აღებული, დაათოვა. ამ ყინვაში მცირე პარტიებად კრეფენ, რომ როგორმე სახლში შემოიტანონ. სიმინდსა და ლობიოს ღუმელებთან აშრობენ, რომ ლპობას გადაარჩინონ.
კიდევ უფრო მეტი პრობლემაა სამეგრელოს მთიან რაიონებში.წალენჯიხის მკვიდრი რობერტ კვარაცხელია ამბობს, რომ მოსავლის დაბინავება ვერ მოასწრო და ვერც საკვების მომარაგება შეძლო.
“რამდენიმე დღეა თოვს. სიმინდი და ყანაში ჩათესილი ლობიო ვერ ავიღეთ. ცალკე ციტრუსი გვიფუჭდება, დამწიფება ვერ მოასწრო. გამოდარებას არ უნდა ველოდოთ, დეკემბერი დაიწყო და ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება. ეს არის, რომ შეშის პრობლემა არ გავქვს. თითქმის ყველა ოჯახს საკარმიდამო შეშა გვაქვს და გასათბობათ მას ვიყენებთ, იშვიათად, რომ ვინმე ყიდულობდეს. ვინც დაჭრა ვერ მოასწრო დიდი წვალება უწევს. უკიდურეს სიტუაციაში, გასათბობად თხილის ნაჭუჭსაც გამოვიყენებთ”, - ამბობს წალენჯიხის მკვიდრი.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა რაჭაში. ამ რეგიონში დიდთოვლობა არავის უკვირს, მაგრამ ნაადრევმა და მკვეთრმა აცივებამ, მოსახლეობა მაინც საგონებელში ჩააგდო. მათ ხანგრძლივი ზამთრისთვის მზადება ვერაფრით მოასწრეს.
რაჭაში ხალხმა პურის ფქვილიც ვერ მოიმარაგა. ამბროლაურის რაიონის, სოფელ გორისუბნის მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელი ლამის შიმშილის ზღვარზეა და ადგილობრივები რაიონის გამგეობამდე ხმის მიწვდენას ვერ ახერხებენ. მისი თქმით, ბოლო 3 დღეა, შეუწყვეტლად თოვს და ცენტრთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტილია.
“არც შეშა, არც საკვები, უკიდურეს გასაჭირში ვართ. თადარიგის დაჭერა ვერ მოვასწარით. ნაადრევად მოთოვა და ხელ-ფეხშეკრულებივით ვართ, გამგებლამდე ვერ მივაღწიეთ, რომ დახმარება გაგვიწიონ.
შეშის ყიდვა ახლა შეუძლებელია, 700 ლარზე ნაკლებად არ იყიდება. დამოუკიდებლად დამზადების შესაძლებლობა არ მაქვს, ასაკში ვარ და ფიზიკურადაც არ შემიძლია. ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდით. მაღალმთიანი სოფელია და სულ რამდენიმე კომლი ვცხოვრობთ. თითოეულის მდგომარეობა ერთმანეთის ანალოგიურია, უკიდურესად გვიჭირს.
როგორც აღმოჩნდა, ხალხის გასაჭირი რაჭის საკრებლოშიც იციან, მაგრამ ზამთარს, ხალხის მსგავსად, ცენტრალურ სტრუქტურაშიც მოუმზადებელი შეხვდნენ.
“ახალი მემარჯვენეების” ამბროლაურის რეგინალური კომიტეტის წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი ასლან საგანელიძე ამბობს, რომ ადრიან ზამთარს მოუმზადებელნი შეხვდნენ და გზების გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებაც სწრაფად ვერ მოხერხდა. დაგვიანდა ტენდერიც, რომელსაც შესაბამისი სამუშაოების შემსრულებელი კომპანია უნდა გამოევლინა.
1080
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85