ბიძინა ივანიშვილის ფიგურამ ოპოზიციური ელექტორატის გადმობირებაც დაიწყო

ბიძინა ივანიშვილის ფიგურამ ოპოზიციური ელექტორატის გადმობირებაც დაიწყო

დღეს „თბილისი მერიოტში” სოციოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა. IRI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევისგან განსხვავებით, ამ კვლევამ სულ სხვა სურათი აჩვენა და ბიძინა ივანიშვილის ახალი პოლიტიკური ძალისადმი გაცილებით მეტი სიმპათია გამოხატა. კვლევამ დაადგინა, რომ პოლიტიკურ ავანსცენაზე თანაბარი წონის ორი გუნდი ლიდერობს: „ნაციონალური მოძრაობა“ და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი.  ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებას საქართველოს მოსახლეობის 55,3 % ემხრობა, ხოლო ამ გადაწყვეტილებას არ მიესალმება 26, 7 %.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური რეიტინგი შეიქმნა ოპოზიციური ელექტორატის იმ ნაწილის ხარჯზე, რომელსაც ბოლო წლებში თანდათან გაუტყდა გული ოპოზიციურ პარტიებზე და თავისი პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ აღარ დაუკავშირა რომელიმე კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიას.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ივანიშვილის ფიგურამ იმ ოპოზიციური ელექტორატის გადმობირებაც დაიწყო, რომელიც ბიზნესმენის გამოჩენამდე თავის სიმპათიას სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს უნაწილებდა. გაირკვა, რომ ახალმა პოლიტიკურმა ძალამ მხარდამჭერების გარკვეული რაოდენობა წაართვა ისეთ მეტნაკლებად რეიტინგულ პარტიებს, როგორებიცაა „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობა, „ლეიბორისტული პარტია“ და „ეროვნული ფორუმი“.
გარდა ამისა, კვლევის შეფასების ნაწილში ნათქვამია, რომ ივანიშვილმა შეუტია „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატსაც, თუმცა აქ შედეგები მაღალი არ არის.
საინტერესოა, რომ გამოკითხულთა 26,1% კი პრემიერად ბიძინა ივანიშვილს ისურვებდა, 24,2% კი  მიხეილ სააკაშვილს, მესამე ადგილზე 7,8%-ით არის ირაკლი ალასანია, მეოთხეზე – 6,8%-ით გიორგი თარგამაძე, ხოლო მეხუთეზე 6,4%-ით გიგი უგულავა.

ვის ისურვებდით საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ? ამ გრაფაში ივანიშვილს 31,8 %-იანი მხარდაჭერა აქვს. აქვე ხმები შემდეგნაირად ნაწილდება: გიგი უგულავა (12,7), ირაკლი ალასანია (9,3), გიორგი თარგამაძე ( 7,1), დავით ბაქრაძე (2,3)... ნაციონალების მომხრეებმა ხმები სხვადასხვა პიროვნებებზე გადაანაწილეს, რადგან მათ ჯერ კიდევ არ იციან, ვისზე შეაჩერებს პრეზიდენტი არჩევანს.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელის იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, კვლევის საფუძველზე ირკვევა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მზაობა საკმაოდ მაღალია-77,7 %. თუმცა  განწყობიდან რეალურ ქცევამდე გარკვეული ბარიერებია, ამიტომ ისე არ უნდა  წარმოვიდგინოთ, რომ არჩევნებში მონაწილეთა ზუსტი პროგნოზი არ შეიცვლება.

კაჭკაჭიშვილის განმარტებით, ამომრჩევლები ერთმნიშვნელოვნად უჭერენ მხარს ხელისუფლების შეცვლას მხოლოდ არჩევნების გზით, რადგან არამშვიდობიანმა გზამ არ მოიტანა შედეგი.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 56, 3 %, (რაც გოჩა ცქიტიშვილის კვლევში 51 % იყო). შეკითხვაზე, როგორ შეაფასებთ ივანიშვილის პირველ ნაბიჯებს პოლიტიკაში, 46 %-მა დადებითი განწყობა გამოხატა, რაც ცოტა უჩვეულოა ზემოთნახსენები 56, 3 %-ის მაღალი შედეგის ფონზე. თუმცა სოციოლოგები ამ 10 %-იან სხვაობას თავის ახსნას უძებნიან: ეს 10- % არ გადასულა ფრუსტრაციულ, ანუ ძალზე უარყოფით განწყობაზე ივანიშვილთან მიმართებით. არამედ იგი ნეიტრალურ განწყობილებაში გადავიდა.

რაც შეეხება ივანიშვილის გამოჩენით გამოწვეულ მოლოდინებს, გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ ივანიშვილის სახით ახალი ძალა მოდის,რომელიც ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლის. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ნაციონალურ მოძრაობას მხარს 36 % დაუჭერს, ბიძინა ივანიშვილის პარტიას - 32 %, დანარჩენ პარტიათა წონა კი შედარებით დაბალია.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, ამ გამოკითხვის აშკარა ინოვაცია ის იყო, რომ გრაფაში - „მიჭირს პასუხის გაცემა“ მხოლოდ 13 % დაფიქსირდა. მაშინ, როცა აქამდე ჩატარებულ ყველა წინამორბედ კვლევებში ეს გრაფა გაცილებით მაღალ პროცენტს იჭერდა და ზოგჯერ 27 %-იც ფიქსირდებოდა.

ამ კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე პოლიტიკურ პარტიათა მიმართ იმედგაცრუებულთა ნაწილი უკვე იწყებს პოლიტიკისკენ შემობრუნებას. ამიტომ ხმათა მნიშვნელოვანი რაოდენობა მათ ხარჯზეა, რომლებსაც წინა კვლევებში უჭირდათ პასუხის გაცემა. ივანიშვილის პარტია კი აღმოჩნდა ის ძალა, რომელიც წარმატებით ართმევს ხმებს სხვა პარტიებს. ქდმ-ს ართმევს 4,3 %-ს, „თავისუფალ დემოკრტებსაც“ ართმევს ხმებს, თუმცა ამ შემთხვევაში, კაჭკაჭიშვილის განმარტებით, „თავისუფალი დემოკრატებისთვის ხმების წართმევა ცოტა პირობითია, რადგან „თავისუფალი დემოკრატებიც“ ამ გუნდის ნაწილია.

გარდა ამისა, ივანიშვილის პარტიამ ხმები „ლეიბორისტებსაც“ წაართვა, „ეროვნულ ფორუმსაც“. ივანიშვილის პარტიამ ეს 18 %-იანი ხმა სხვა პარტიების ამომრჩეველთა ხარჯზე მიიზიდა.

ივანიშვილის ძალა აშკარა უპირატესობას ინარჩუნებს თბილისში (41,3%), იმერეთსა (48,4%) და მცხეთა-მთიანეთში (44,6%). სხვათაშორის, მცხეთა-მთიანეთი ყოველთვის ოპოზიციურად იყო განწყობილი და ძირითადად შალვა ნათელაშვილს უჭერდა მხარს, მაგრამ როგორც ჩანს, შალვას ხმები ამ რეგიონიდან ახლა ივანიშვილის სასარგებლოდ წავიდა, - აცხადებს იაგო კაჭკაჭიშვილი. იმერეთში კი ბიძინა ივანიშვილის პოპულარობა გასაკვირი არაა, რადგან ბიზნესმენი წარმოშობით ამ კუთხიდანაა. მართალია, ეს სოციოლოგების თვალში ამომრჩეველთა მაღალ კულტურას არ მიუთითებს, მაგრამ ივანიშვილი იმერეთში პოპულარულია.

ნაციონალები კი უდავო უპირატესობას ფლობენ სამ რეგიონში: სამცხე-ჯავახეთი (51%), ქვემო ქართლი (46,3%) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (43%).

კვლევის თანახმად, ნაციონალების მხარდამჭრებად ძირითადად ითვლებიან სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულნი. თვითდასაქმებულთა შორის კი ივანიშვილის მიმართ სიმპათია გამოვლინდა.

მომავალ საპარლამენტო არჩევნებში 5 %-იანი ბარიერის გადალახვა „ნაციონალურ მოძრაობას“ (26,0) შეუძლია, ბიძინა ივანიშვილის პარტიას (21,4), ქდმ-ს (14,7), თავისუფალ დემოკრატებს (7,9).

რაც შეეხება მოსაწონ პოლიტიკოსებს, ივანიშვილი გამოკითხულთა 53%-ს მოსწონს, სააკაშვილი 47%-ს, ბაქრაძე 42%-ს, მერაბიშვილი 42 %-ს. რუსეთის აგენტობის კი არ სჯერათ გამოკითხულ პირებს და მიიჩნევენ, რომ ეს იარლიყი უსამართლოა შალვა ნათელაშვილთან, ირაკლი ალასანიასთან, ფოტორეპორტიპრებთან, ბიძინა ივანიშვილთან დ სხვათა მიმართებით, თუმცა ამ გრაფაში რუსეთის აგენტობაზე ეჭვი ბურჯანაძისა და ნოღაიდელის მიმართ უფრო გამოჩნდა, რაშიც სოციოლოგების აზრით, სახელისუფლო პროპაგანდამ იმძლავრა.

შეგახსენებთ, 2011 წლის 11–22 ნოემბერს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვით 18-ს ზემოთ საარჩევნო ასაკის მოსახლეობის პოლიტიკური განწყობები და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ დამოკიდებულება  გაირკვა. სულ გამოიკითხა დაახლოებით 3000 რესპონდენტი საქართველოს 11 რეგიონში, თბილისის ჩათვლით, რისთვისაც გამოიყენეს მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევის მოდელი. რესპონდენტთა შერჩევა მოხდა ოჯახებში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპის, ანონიმურობის მაქსიმალური დაცვით. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, მთელი ქვეყნისთვის შერჩევის ცდომილება არ აჭარბებს 1.8%–ს 95%–იანი საიმედოობისათვის. პრეზენტაციას დაესწრნენ პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. 

აქვე ექსპერტმა გია ხუხაშვილმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა IRI-სადმი და გამოხატა რა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისადმი“ პატივისცემა, ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს სთხოვა განმარტებები გააკეთონ 7 დეკემბერს გავრცელებულ რეიტინგთან დაკავშირებით.

„ინფორმაციის „გაჟონვის“ შედეგად მიღებული მონაცემები სხვადასხვა ინტერპრეტაციის მეშვეობით პოლიტიკური პროპაგანდისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საფუძველი ხდება. გვიჩნდება გარკვეული კითხვები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ დღემდე უცნობია, ხართ თუ არა მათი ადრესატი“.

ამასთან, გია ხუხაშვილმა არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში თემის სიმწვავიდან გამომდინარე, IRI-ს სთხოვა, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ რეიტინგების საკითხს.

რაც შეეხება IRI-ს დაკვეთით ჩატარებულ კვლევას, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ნაციონალების უპირატესობა აჩვენა, კომენტარი ვთხოვეთ ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს.

ექსპერტი Presage.tv-სთან საუბარში არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სოციოლოგიური კვლევების დროს შიშის ფაქტორი მუშაობდეს.

„ის ვერსია, რომ შეიძლება, ჩვენს თანამემამულეებში შიშის ფაქტორი მუშაობს, მართლაც დასაშვებია ისეთ საზოგადოებაში, სადაც ეს ფაქტორი მართლაც არსებობს. ყველაზე სანდო ოპოზიციურ ლიდერად გიორგი თარგამაძის დასახელების შედეგი ცოტა გაუგებარია, მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილის პარტია იმ სიმაღლეზეა, ლამის ეწევა „ნაციონალურ მოძრაობას. IRI- ის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევა რამდენად ახლოსაა რეალობასთან, ვერ გეტყვით, სანამ  სხვა პარალელური კვლევები არ გამოჩნდება. ვერც იმას შეგიფასებთ, ეს კვლევა რამდენად ემთხვევა ჩემს ინტუიციას.“

ამ ლაფსუსების მიუხედავად, რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი კვლევა მისაღებია და, რაც მეტი კვლევა ჩატარდება, მით უკეთესი იქნება. საყვარელიძის თქმით, ასეთი სხვაობა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 32 %-იანი რეიტინგი ჰქონდეს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს (27 %-იანი რეიტინგი), თავისუფლად შეიძლება დაფიქსირდეს, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც მმართველი პარტიაა, მას ხელისუფლებაში ყოფნისა და მოსახლეობასთან ურთიერთობის უზარმაზარი სტაჟი აქვს; ბიძინა ივანიშვილი კი მხოლოდ ერთი თვეა შემოსული პოლიტიკაში.

IRI- ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შეფასება როცა ვთხოვეთ, სოციოლოგმა გოჩა ცქიტიშვილმა გაღიზიანება ვერ დაფარა.  

IRI- ის დაკვეთით ჩატარებული კვლევა რამდებად ახლოსაა რეალობასთან? როგორც ვიცი, IRI-ის ბოლო პოლიტიკური კვლევა IPM-მა და გელაპმა ჩაატარეს და ამდენად, მასში თქვენც მიგიღიათ მონაწილეობა.

- ამ კვლევაში მე გავაკე ერთი პატარა კომპონენტი და ეგ არაფერს ნიშნავს. ამიტომ არც მაქვს უფლება, რაიმე კომენტარი გავაკეთო. მართალი გითხრათ, საერთოდ არ ვიცი, რა ხდება.

უკვე გაცხადდა, რომ ოპოზიციონრები ამ კვლევას უნდობლობას უცხადებენ.

- ჰოდა, ძაან კარგი, გამოუცხადონ, მთელი საქართველო მაგითაა დაკავებული.

მაშინ ის მაინც მიპასუხეთ, თქვენთვის მოულოდნელი იყო თუ არა ეს შედეგები?   მოსახლეობის არაგულწრფელობას შიშის ფაქტორი ხომ არ განაპირობებს?

- ახლა ერთი წუთის წინ გითხარით, რომ ვერ გავაკეთებდი ვერანაირ კომენტარს თემაზე, რომელსაც არ ვიცნობ. ახლა თქვენ გინდათ, რომ მაინც რაღაც მკითხოთ. როგორ გამოვა?

არა, თუ თქვენ ჩაატარეთ კვლევის გარკვეული ნაწილი, თქვენ იცნობთ კიდევაც ამ კვლევას!

- ეს არის IRI- ის კვლევა და არა ჩვენი კვლევა. ჩვენი კვლევა რაც არის, ის ვებსაიტზე დევს ხოლმე. რაც არ დევს, ის არ არის ჩვენი კვლევა და ვერც ამ და ვერც კომერციულ კვლევებში ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ახლა ეგრე ლუდებზეც ვაკეთებ კვლევას და ბანკებზეც. სხვის კვლევაზე კი ვერაფერს გეტყვით.

კარგით, IRI- ის კვლევას მოვეშვათ. შეგიძლიათ მიპასუხოთ, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში, ზოგადად როგორია მოსახლეობის განწყობანაციონალური მოძრაობისადმი“?

- ჩემო კარგო, ვერაფერი გამოგივათ. IRI- ის კვლევაზე არაფერს ვიტყვი. ზოგადად პოლიტიკაზე მოგისმენიათ ჩემი კომენტარი ბოლო წლების განმავლობაში?

ივანიშვილთან მიმართებით როგორია ნდობა, ვერ იტყვით?

- დიდი ხანია მე მოვრჩი უკვე პოლიტიკას და პოლიტიკაზე კომენტარი არ გამიკეთებია.