ახალციხეში აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას აპირებენ

ახალციხეში აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას აპირებენ

ახალციხეში, პოლიციის სამმართველოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ქალაქის შესასვლელისკენ მიერმართებიან და გზის გადაკეტვას აპირებენ. 

ინტერნეტგამოცემა "სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ავტომანქანებით ახალციხის ავტოსადგურისკენ უკვე დაიძრნენ.

"შემოგვიერთდით ყველა, ვისაც არ გინდათ მინარეთი სახლთან დაგიდგან",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ისინი გზის გადაკეტვით ადიგენისკენ მინარეთის წაღების ხელშეშლას გეგმავენ.

ახალციხის მოსახლეობის ნაწილი სოფელ ჭელაში მინარეთის დაბრუნების შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად სამხარეო პოლიციის შენობასთან დღეს დილიდან შეიკრიბა. მთი განცხადებით, საქართველოში რელიგიური უმცირესობების ინტერესები უფრო მეტადაა დაცული, ვიდრე მართლმადიდებლების.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე გოდერძი კუბლაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ხელისუფლება მინარეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, მთელი მესხეთ-ჯავახეთი ფეხზე დადგება, გადაიკეტება ახალციხე-ადიგენის საავტომობილო მაგისტრალი და მინარეთს ჭელას მიმართულებით არ გაატარებენ.

რაც შეეხება ბათუმის ცენტრალურ მეჩეთთან შეკრებილ მუსლიმებს, ისინი ხელისუფლებისგან გუშინ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას მოითხოვენ და დღის ბოლომდე ადიგენის რაიონში მინარეთის ჩატანას ელოდებიან, მანამდე კი ბათუმის დატოვებას არ აპირებენ.

სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი რამდენიმე დღის წინ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შემდეგ მოხდა.