სოფელ ჭელაში მომხდარი ინციდენტისას დაკავებული ყველა პირი თავისუფალია

სოფელ ჭელაში მომხდარი ინციდენტისას დაკავებული ყველა პირი თავისუფალია

ადიგენის რაიონში სოფელ ჭელაში გუშინ მომხდარი ინციდენტისას დაკავებული ყველა პირი თავისუფალია. მათი გათავისუფლების მიუხედავად, სამხარეო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მუსლიმები დაშლას არ აპირებენ. 

როგორც სამცხე-ჯავახეთის მუსლიმთა სულიერმა ლიდერმა მამუკა ვაშაყმაძემ განაცხადა, მუსლიმმა საზოგადოებამ ერთდროულად უნდა გადაწყვიტოს დაიშლებიან თუ არა. შეკრებილთა ერთი ჯგუფი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულების გათავისუფლება მოხდა, ამ დრომდე პატიმრობაში რჩება მინარეთი. მათი თქმით, მეორე მოთხოვნად სწორედ აღნიშნული მინარეთის მონტაჟი რჩება.

რაც შეეხება ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის სიმონ პარუნაშვილის დაკავების ფაქტს, უკევ ცნობილია, რომ მას სამართალდამცავები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 332-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავებიან, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას და ბოროტად გამოყენებას ითვალისწინებს.

პარუნაშვილის ადვოკატმა ირაკლი ბარძიმაძემ სამხარეო პოლიციის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. იგი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ირაკლი ბარძიმაძის განცხადებით, სიმონ პარუნაშვილი, ადგიგენის " ნაციონალური მოძრაობის " ხელმძღვანელიც არის. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაკავების ერთადერთ მოტივის პოლიტიკური საბაბი წარმოადგენს.

ბარძიმაძის თქმით, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, პარუნაშვილის დაკავება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ გამგეობის თანამშრომლებისა და ამომრჩეველთა იმ ნაწილის დაშინებას, ვინც " ნაციონალურ მოძრაობას " უჭერს მხარს.

ადვოკატი აცხადებს, რომ პარუნაშვილის დაკავება მთელი რიგი დარღვევებით მოხდა და სასამართლო განჩინება მის დაკავებასთან დაკავშირებთ არ არსებობდა. ადგილზე იმყოფება დეპუტატი ტარიელ ლონდარიძე, რომელიც პარუნაშვილის დაკავებას ანალოგიურ შეფასებას აძლევს და პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს.