მუფთი - ძალიან შეურაცხყოფილი ვართ ჭელაში მომხდარი ფაქტის გამო

მუფთი - ძალიან შეურაცხყოფილი ვართ ჭელაში მომხდარი ფაქტის გამო

ძალიან შეურაცხყოფილი ვართ დღეს ჭელაში მომხდარი ფაქტის გამო, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ბათუმის მეჩეთში გუშინ საღამოს სამუფთოს ადმინისტრაციის წევრები შეიკრიბნენ და მომხდართან დაკავშირებით იმსჯელეს. ჯემალ პაქსაძის თქმით, მინარეთის დემონტაჟში მონაწილეებმა ღვთის წინაშე დიდი ცოდვა ჩაიდინეს. მისივე განმარტებით, თუკი სარფის საბაჟოზე უკანონოდ იყო შემოტანილი მასალა, მოხდება მისი ხელმეორედ განბაჟება და მინარეთი მეჩეთს დაუბრუნდება.

"მწუხარებას გამოვთქვამთ დაზარალებული მრევლის გამო. ძალიან აღშფოთებული, ძალიან დამწუხრებულები ვართ. ეს არის მოუხდელი ცოდვა, ვინც შეეხო მინარეთს. შევხვდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, გვქონდა დედაქალაქთან კავშირიც. ხვალ ვაპირებთ ადგილზე ჩასვლას. მრევლს ავუხსნით, რა მოლაპარაკებებიც შედგა ჩვენსა და ხელისუფლებას შორის. თუ მასალა უკანონოდ იყო შემოტანილი საბაჟოზე, მოხდება მისი ხელმეორედ განბაჟება და საბოლოოდ, თავის ადგილს დაიკავებს მინარეთი", - აღნიშნა გუშინ ჯემალ პაქსაძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ყველას აქვს რწმენისა და აღმსარებლობის უფლება. ჯემალ პაქსაძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობაში დღემდე არ არსებობს მეჩეთის მინარეთის მშენებლობაზე ოფიციალურად ნებართვის გაცემა.

"როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ტოლერანტი ერი, ეს აღარ უნდა მოხდეს XXI საუკუნეში და ყველა თავის სამლოცველოს პატივს უნდა სცემდეს. იმედი გვაქვს, ხელისუფლება გონივრულ ნაბიჯებს გადადგამს. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მწუხარებას, დაზარალებული ქართველი მუსლიმების მიმართ. მათ თანავუგრძნობთ და მათ გვერდში ვართ. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველას აქვს რწმენისა და აღმსარებლობის უფლება. ოღონდ, ჩვენს კონსტიტუციაში დღემდე არ არსებობს მეჩეთის მინარეთის მშენებლობაზე ოფიციალურად ნებართვის გაცემა. წმინდა ყურანი გვასწავლის, რომ კანონის გარეშე არ ვიმოქმედოთ. წლების განმავლობაში არ ხერხდება ამ პრობლემის მოგვარება. იმედი გვაქვს, კანონმდებლები მიიღებენ კანონს, რის მიხედვითაც, შევძლებთ მშენებლობას", - აღნიშნა ჯემალ პაქსაძემ.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წევრები და მუფთი ჯემალ პაქსაძე დღეს დილით ადიგენში გაემგზავრებიან.

გუშინ ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი მოხდა. დემონტაჟის დროს მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლის დროს 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.