საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველომ დაამტკიცა, რომ ინვესტიციების განსახორციელებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. მისი თქმით, საქართველოში კაპიტალდაბანდებით 100-ჯერ და 1000-ჯერ მეტი ინვესტორია დაინტერესებული. ჯერჯერობით საქართველომ თუ რამე დაამტკიცა ისაა, რომ ზედიზედ 4 წელია საინვესტიციო გეგმა ვერაფრით შეასრულა. თანაც ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ გაურკვეველი წარმომავლობის კაპიტალი შემოდის.
ნიკა გილაურის ომახიანად აცხადებს, რომ ეს ინვესტორები ინვესტიციას ვეღარ ახორციელებენ საბერძნეთში, ეგვიპტეში, ე.წ. არაბული გაზაფხულის ქვეყნებში. თუმცა, პრემიერი დარწმუნებულია, რომ მათი ნდობა საქართველოსადმი უფრო მაღალია, ვიდრე თუნდაც ნატო-სა და ევროკავშირის წევრ-ქვეყანა იტალიისადმი. “ინვესტორები ახალ ბაზრებს ეძებენ”, - დაასკვნა გილაურმა.
სანამ გილაურის მოხმობილი ინვესტორები საბერძნეთს, ეგვიპტეს და იტალიას მიატოვებენ, ახალ ბაზრებს მოძებნიან და ამ ძებნა-ძიებაში საქართველოსკენ დაიძვრებიან, ჩვენ ჩვენი დაგვემართება. საქმე ისაა, რომ აგერ უკვე მეოთხე წელია საინვესტიციო გეგმა ვერ სრულდება. ამ მხრივ იშვიათი გამონაკლისი არც წლევანდელი წელია. 2011 წლის სამი კვარტლის მონაცემების შეჯამებისას გაირკვა, რომ მთავრობის საინვესტიციო ოცნებებს ასრულება არც ამჯერად უწერია.
დარჩენილ ერთ კვარტალში იმისათვის, რომ 1 მილიარდ უცხოურ ინვესტიციას მოვუყაროთ თავი, 377 მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდება უნდა განხორციელდეს. ეს კი, ექსპერტების აზრით, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
რაც შეეხება 3 კვარტლის წინასწარ მონაცემებს, ასე გამოიყურება: პირველ კვატრალში შემოვიდა 174 მილიონი დოლარი, მეორე კვარტალში - 203 მილიონი, მესამე კვარტალში კი 256 მილიონი დოლარი, საერთო ჯამში სულ ქვეყანაში ჯერჯერობით მხოლოდ 633 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
რაც შეეხება მეოთხე კვარტალს, ანუ მთელი წლის მონაცემებს, “საქსტატი” მას 2012 წლის მარტში გამოაქვეყნებს, თუმცა როგორც ექსპერტები პროგნოზირებენ, ეს მონაცემი მთავრობის მოლოდინს ისევ ვერ გაამართლებს და ქვეყანაში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ვერ შემოვა. ექსპერტები ამბობენ, რომ რეალობასთან უფრო მიახლოებული საერთაშორისო ფონდების მიერ გაკეთებული პროგნოზია. როგორც ცნობილია, ევრობანკის გათვლებით, წლეულს საქართველოში 750 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია შემოვა, სავალუტო ფონდი კი 800-850 მილიონის შემოსვლას ვარაუდობს.
უცხოური ინვესტიციების შესახებ ოფიციალური მონაცემები სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ჯერ არ გამოუქვეყნებია. პირველი განცხადება მესამე კვარტალში შემოსული ინვესტიციების შესახებ პრემიერმა გილაურმა გააკეთა და განაცხადა, რომ 2011 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 256 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.
ამ ეტაპზე, ექსპერტებს უჭირთ პროგნოზირება თუ რამდენი წლით დაკარგა საქართველომ ხელსაყრელი საინვესტიციო ქვეყნის იმიჯი, მაგრამ ის კი ზუსტად იციან, რომ წლის ბოლომდე მთავრობა საინვესტიციო გეგმას ვერაფრით შეასრულებს.
“ძნელი წარმოსადგენია, რომ მეოთხე კვარტალში, რომელიც ყოველთვის ინვესტიციების ნაკლებობით იყო გამორჩეული, ყველაზე დიდი რაოდენობით ინვესტიცია შემოვიდეს. 377 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიციის ქვეყანაში შემოსვლა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. თავისთავად მთავრობის საინვესტიციო გეგმა ვერც წლეულს შესრულდება”, - აღნიშნა ექსპერტმა ზვიად კანდელაკმა.
793
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85