გამოუყენებელი ქონება გადასახადისგან გათავისუფლდება

გამოუყენებელი ქონება გადასახადისგან გათავისუფლდება

ადამიანები, რომლებიც ფლობენ რაღაც ქონებას და რომელსაც  რეალურად ვერ იყენებენ, ამ ქონების გადასახადის გადახდისგან გათავისუფლდებიან. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, სწორედ ამას ითვალისწინებს ხელისუფლების ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად პარლამენტმა უნდა მიიღოს საგანგებო დადგენილება, რომელიც თვითმმართველობებს ლავირების საშუალებას მისცემს. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ახალი „საგადასახადო კოდექსი“ დიდი ფიქრისა და კონსულტაციების შედეგად დაამტკიცეს, მიღებისთანავე გაურკვეველ საკითხთა მთელი ნუსხა აღმოჩნდა. მათ შორის არის ქონების გადასახადის საკითხიც. თუმცა, საუბარია მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ქონებაზე.

 

ახალი „საგადასახადო კოდექსის“ მიღებისას გაკეთდა განცხადება, რომ ქონების გადასახადთან დაკავშირებით მთავრობა მუშაობას გააგრძელებდა, თუმცა არ დაკონკრეტებულა, რა სახის ქონების გადასახადზე იყო საუბარი. საგადასახადო კოდექსზე მუშაობისას ერთი-ერთი პრობლემატური საკითხი სწორედ ქონების გადასახადი იყო.

 

მაშინდელი პროექტის თანახმად, მცირდებოდა ის ზღვარი, რომლის ზემოთაც პირებს ქონების გადასახადის გადახდა  მოუწევდათ. ამასთან იცვლებოდა თავად ქონების დაბეგვრის საკითხიც. მაგრამ, მაშინ ამ საკითხს ექსპერტთა მხრიდან საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა და საბოლოოდ ისევ ის ნორმა დარჩა, რაც ძველ კოდექსშია.

 

ამასთან, კანონპროექტის საბოლოო კენჭისყრისას პროექტში ქონების გადასახადის საკითხი გათვალისწინებული იყო. სწორედ ამის გამო ჩნდება კითხვა ხელისუფლება რის შეცვლას აპირებს.

 

სხვათა შორის, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ჯონდი ბაღათურია იმასაც კი ეჭვობს, რომ, შესაძლოა, ხელისუფლება ისევ იმ საკითხის გატანას ფიქრობდეს, რომელიც დასაბეგრი ქონების ზღვარის ჩამოწევას ითვალისწინებს.

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი კი „ბიზნეს-პრესასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „ოპოზიციის ეს ეჭვი სიმართლეს არ შეესაბამება.“

 

როგორც იგი განმარტავს, ეს გადაწყვეტილება იმას გულისხმობს, რომ პარლამენტმა მიიღოს დადგენილება, რომელიც ქონების გადასახდთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს დაარეგულირებს.

 

პირველი, ეს ეხება ისეთ ქონებას, რომელსაც ადამიანი რეალურად ვერ იყენებს, მაგრამ მისი საბაზრო ფასიდან გამომდინარე, ექვემდებარება დაბეგვრას. მაჭავარიანის განმარტებით, თვითმმართველობებს მიეცემათ უფლება, განსაზღვრონ, ნახულობს თუ არა ადამიანი ასეთი ქონებიდან რაიმე სარგებელს და გადაწყვეტს, დაიბეგროს თუ არა ეს ქონება.

 

მეორე საკითხი კი შეეხება ძირითადად ქალაქის ტიპის დასახლებებში არსებულ ქონებას.  

„თბილისში ჩვენ ჩავდეთ, რომ ქონების გადასახადი არ უნდა შეეხოს კორპუსს და იმ მიწას, რაც აქვს კორპუსს დამაგრებული. ამასთან, ჩვენ ახლა ჩავწერეთ, რომ თუ კორპუსთან აქვთ ავტოფარეხი და ეს არ შედის კორპუსში, გადასახადი ფარეხსაც არ უნდა შეეხოს“, - აცხადებს მაჭავარიანი და დასძენს, რომ ეს პრობლემა ძალიან ბევრგან არის და ამიტომაც  ამ დადგენილების მიღება ძალიან კარგი იქნება. თუმცა, ვიცე-სპიკერს ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია ამ დადგენილებას პარლამენტი როდის მიიღებს.

 

„ახლა მიმდინარეობს მუშაობა და მზად რომ იქნება, გაგაგებინებთ. დამიჯერეთ, თქვენს გარეშე არ მივიღებთ და თქვენც გაიგებთ და საზოგადოებაც“, - აცხადებს მაჭავარიანი.

 

თუმცა, საპარლამენტო ოპოზიციაში თვლიან, რომ ეს საკითხი უკვე საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს. გურამ ჩახვაძის თქმით, თავად იდეა ძალიან კარგია. თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორი „ჭერი“ დადგინდება და ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაწყვეტილების მისაღებად რა კრიტერიუმებით მოუწევთ მუშაობა.

 

„ამიტომაც ახლა კომენტარს ვერ გავაკეთებ. დაველოდოთ, როგორი იქნება პროექტი და შეფასებები მერე გავაკეთოთ. თავად იდეა კი ნამდვილად მისაღებად მიმაჩნია“, - აცხადებს გურამ ჩახვაძე.