ონისე გერგედავა პოლიციამ ხელწერილით გაათავისუფლა

ონისე გერგედავა პოლიციამ ხელწერილით გაათავისუფლა

არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" აქტივისტი ონისე გერგედავა პოლიციამ ხელწერილით გაათავისუფლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალ ზონაში" განუცხადეს, გერგედავას სასამართლო პროცესი რამდენიმე დღეში გაიმართება.

ონისე გერგედავა 166-ე მუხლით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

გერგედავა თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ მომხდარი დაპირისპირებისას დააკავეს.

დაპირისპირება საქალაქო სასამართლოს ეზოში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაჩო ახალაიას პროცესის დასრულების შემდეგ ახალაიას მხარდამჭერებმა სასამართლო დარბაზი დატოვეს. "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" ორგანიზებით სასამართლოს ეზოში მიმდინარე საპროტესტო აქციის წევრებმა ახალაის მომხრეები სასტვენების ფონზე გააცილეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც მოგვიანებით ჩხუბში გადაიზარდა.