სასამართლოს ეზოში მომხდარი ინციდენტისთვის გიორგი გაბედავა დააკავეს

სასამართლოს ეზოში მომხდარი ინციდენტისთვის გიორგი გაბედავა დააკავეს

ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მომხდარი ინციდენტის შედეგად კიდევ ერთი პირი, გიორგი გაბედავა დააკავეს.

სასამართლოს ეზოში, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ლოზუნგებით შეიკრიბნენ, თითქმის ხუთი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ პროცესის დასრულებას.

მას შემდეგ, რაც ახალაიას პროცესზე დამსწრეები სასამართლოს ეზოში გამოვიდნენ, ეზოში შეკრებილებმა ისინი სასტვენების ხმაზე გააცილეს, რასაც მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება ახალაიას მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. მოხდა მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც, რის შედეგადაც ნანა კაკაბაძესთან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სასამართლოს ეზოში მოსული გიორგი გაბედავა პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

პოლიციის ავტომობილში ჩასმამდე გიორგი გაბედავამ განაცხადა, რომ ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი ონიანმა დაარტყა, თუმცა პოლიციელებმა ონიანის ნაცვლად იგი დააკავეს.
სიტყვიერი შეხლა-შემოხლა მოხდა ახალაიას მხარდამჭერი "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელ, ირაკლი ჩხვირკიას და სასამართლოს მანდატურებს შორის, თუმცა პოლიციელების ჩარევით ეს ინციდენტი მალევე განიმუხტა.

სასამართლოს ეზოში დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება სიტუაციის განმუხტვას პოლიცია ცდილობს.