ბაჩო ახალაის გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვს

ბაჩო ახალაის გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვს

წარმოდგენილი ბრალდება რეალობასთან ახლოს, რომ ყოფილიყო ვაღიარებდი და ამ ბიჭებს შარში არ გავხვევდი, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე შს ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა. ახალაიამ აღნიშნა, რომ პროკურატურაში მის წინააღმდეგ ე.წ 7 სპეცრაზმელის წამების საქმეზე მოიფიქრეს სცენარი, რათა მასზე გასულიყვნენ. ბაჩო ახალაიას თქმით, ის რაც შსს-ში ხდებოდა და რის შესახებაც საქმეა აღძრული, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი იყო.

მისივე თქმით, რეინჯერის პროგრამა არსებობდა თუ არ არსებობდა ამას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ეს პროგრამა მის დროს შეიქმნა.

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის პირები, ვინც ამ საქმეში დაზარალებულად არიან ცნობილი, არიან ადამიანები, რომლებიც არც ახლანდელ ხელმძღვანელობას და არც არავის არაფერში გამოადგება. როგორც კი სასამართლო დამთავრდება მათ საერთოდ არ ექნებათ არანაირი ფუნქცია. რაც შეეხება ჩემთან ერთად ბრალდებულებს ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყველაზე წარმატებული სამხედროები არიან საქართველოში. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ბრალდებული ბიჭები ყველაზე წარმატებული სამხედროები არიან და ისინი მხოლოდ ჩემს გამო სხედან საბრალდებო სკამზე" , - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

მისი თქმით, საქმეში მის წინააღმდეგ ბრალდება უსაფუძვლოდ არის წარდგენილი და წამების ორგანიზება რომელსაც აბრალებენ რეალურად რეინჯერის კურსის ნაწილია.
რაც შეეხება პროცესის მიმდინარეობას, პროცესზე დასკვნითი სიტყვები დაცვის მხარის ადვოკატებმა უკვე თქვეს და დაიწყო ბრალდებულების მხრიდან დასკვნითი ეტაპი. მანამდე კი, ადვოკატების დასკვნითი სიტყვის შემდეგ რეპლიკა წარმოთქვა პროკურორმა შაქრო ზაალიშვილმ. მისი თქმით, დაცვის მხარე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს და მანვე სასამართლოს მოუწოდა, რომ "უკანონობის თანაზიარი არ გახდეს".

შაქრო ზაალიშვილის განცხადებით, ცოცხებზე გადასმა, დამცირება და არაადამიანური მოპყრობა - ეს არის დანაშაული, რომელიც სპეცრაზმელების წინააღმდეგ ბაჩო ახალაიას ორგანიზებით შსს-ს ყოფილმა თანამშრომლებმა ჩაიდინეს.

"რეინჯერის კურსი თავიდანვე მოგონილი იყო დანაშაულის დამალვის მიზნით", - განაცხადა შაქრო ზაალიშვილმა და მოსამართლეს მოუწოდა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს.
არ არის გამორიცხული, რომ განაჩენი დღესვე დადგეს, თუმცა ადვოკატები ვარაუდობენ, რომ განაჩენის გამოცხადებას მოსამართლე გადადებს