"ქართული ოცნების" აქტივისტები ნინო ბურჯანაძის პარტიაში გადადიან

"ქართული ოცნების" ლანჩხუთის საარჩევნო შტაბიდან 60-მდე ადამიანი "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" რაიონულ ორგანიზაციაში გადავიდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" წევრმა, ლანჩხუთის რაიონის საარჩევნო შტაბის წევრმა ნონა მურვანიძემ განუცხადა, ხალხი ადგილებზე ხედავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოახერხა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა.

"დაახლოებით 60-მდე ადამიანია გადმოსული "ოცნების" შტაბიდან. ადგილებზე რაიონებში უფრო მკვეთად და მკაფიოდ ჩანს კოჰაბიტაცია როგორ შედგა "ნაციონლაური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წევრებს შორის," – აღნიშნა მურვანიძემ.

მისი თქმით, 1 ოქტომბრამდე ქვეყანაში იდგა არჩევანი, რომ დამარცხებულიყო "ნაციონალური მოძრაობა" და სწორედ ამიტომ "დემოკრატიულმა მოძრაობამ" არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო.
"საპარლამენტო არჩევნებში მთელი ჩვენი პარტია ნინო ბურჯანაძის მითითებით, ჩვენს რაიონში მთლიანად გადავერთეთ "ქართული ოცნების" დახმარებაში, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხებულიყო. ამჟამად "ქართული ოცნების" წევრები შოკირებულები არიან პარტიის უნიათო ქმედებით, რამაც გამოიწვია მათი გადმოსვლა კოალიაციიდან ნინო ბურჯანაძის პარტიაში," – აცხადებს მურვანიძე.

ამასთან, ბურჯანაძის პარტიის ცნობით, იგივე მდგომარეობაა სხვა რეგიონებშიც.