პარლამენტის შენობის ტექნიკურ უზრუნველყოფაში შესაძლოა,

პარლამენტის შენობის ტექნიკურ უზრუნველყოფაში შესაძლოა, "სონი" ჩაერთოს

თბილისში, პარლამენტის შენობის აღდგენა-რეაბილიტაციის ერთ-ერთ კომპონენტში შესაძლოა კომპანია "სონი" ჩაერთოს. საუბარია სატელევიზიო მიმართულებით საჭირო სამუშაოების განხორციელებაზე.

ქუთაისში, პარლამენტში ვიდეო-გადაღების, ტრანსლირების, სამონტაჟო და სხვა სატელევიზიო მიმართულების სისტემები "სონის" გაკეთებულია. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, თბილისში, პარლამენტის შენობაში ამ საქმის შესრულებას კვლავ "სონის" ანდობენ.

როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ შოთა გოშაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ სატელევიზიო მიმართულებასთან დაკავშირებული სისტემების მონტაჟი "სონის" შესრულებულია, თბილისშიც იგივე სამუშაო შესაძლოა აღნიშნულმა კომპანიამ განახორციელოს. ამასთან, გოშაძის განმარტებით, ის რაც სატელევიზიო სფეროს ეხება, "პირველმა არხმა" გააკეთა და თბილისშიც ამ პროექტს ტელევიზია განახორციელებს.

რაც შეეხება პარლამენტის სხდომათა დარბაზების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესს, ეს ჯერ კიდევ არ დაწყებულა, რადგან ფირმა, რომელიც ამ სამუშაოებს შეასრულებს, მოძებნილი არ არის. გოშაძის თქმით, სირთულეს ამ თვალსაზრისით ტექნიკური მხარე - სისტემების მონტაჟთან დაკავშირებული საკითხები ქმნის.
ამასთან, პარლამენტის შენობის - B და C ფლიგელების სარემონტო სამუშაოები, დასრულებულია.